სამართალმცოდნე მინდია უგრეხელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატების ბარიერგადალახულ პარტიებზე პროპორციულად გადანაწილების ინიციტივით გამოდის.
„თუ შევცვლით საარჩევნო კანონს, შესაძლებელი იქნება პლურალისტური პარლამენტის მიღება და ბოიკოტის რეჟიმიდან გამოსვლა“ – აცხადებს ის „იმედის ეთერში“.
მინდია უგრეხელიძის თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე ერთგული იქნება თავისი პოზიციისა და არაფერს არ დათმობენ, გამოსავალი მაინც არსებობს:
„ეს დაახლოებით 40 მანდატი გამოდის. მეორე მხრივ წარმოვიდგინოთ ყველა დანარჩენი პარტია, ვინც გადალახა ეს ბარიერი, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ რამდენი მიიღო. ის ორმოცი მანდატი, რომ პროპორციულად გადავანაწილოთ ამათზე, ბარიერგადალახულ პარტიებზე, იცით რა საინტერესო პარლამენტი გამოდის?“, – აღნიშნა უგრეხელიძემ.
მისი თქმით, ეს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
„ამას არ სჭირდება კონსტიტუციის შეცვლა, მაგრამ საარჩევნო კანონის შეცვლა რა თქმა უნდა დასჭირდება. რასაც რა თქმა უნდა განახორციელებს უფლებამოსილი, სათანადო კომპეტენციის პარლამენტი“, – აღნიშნა უგრეხელიძემ.
მისი თქმით, ეს თუ მოხდება, ჩვენ შეიძლება გვქონდეს „იდეალური პარლამენტი“.
„ეს იქნება 6-პარტიული პლურალისტური პარლამენტი. სადაც იქნება „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, „პატრიოტთა ალიანსი“… იქ ისე გამოდის, რომ ზოგი 12 მანდატს იღებს, ზოგი 6-ს, ზოგი 4-ს, არაჩვეულებრივად საინტერესო მრავალპარტიული პარლამენტი გამოდის. ეს არაა შემთხვევითი პარტიები, მათ აქვთ გამოცდილებაც და ძალაც “, – აღნიშნა უგრეხელიძემ.
კომენტარები