ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერიას საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს:
“ორი ვარიანტი შევთავაზეთ ნაციონალურ მოძრაობას:
პირველი, ფართო ვარიანტი – 11/8-ზე, ითვალისწინებს იმას, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკუთარ კანდიდატს დააყენებდა ყველა დიდ ქალაქში – თელავი, რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი ან მარტვილი, ბოლნისი, გორი, ქობულეთი, ჭიათურა. ამ ოლქებში ენმ-ის კანდიდატებს მხარს თბილისის მაჟორიტარების შეთანხმების მონაწილე ყველა პარტია დაუჭერდა.
ხოლო ნაციონალური მოძრაობა დაუჭერდა მხარს დანარჩენი პარტიების მხრიდან შეჯერებულ კანდიდატებს შემდეგ ოლქებში – თერჯოლა, სამტრედია, ხელვაჩაური, ქედა, ფოთი ან მარტვილი, ხაშური, მცხეთა-მთიანეთი, გურია, რაჭა. ანუ 11/8-ზე.
თუ ეს შეთანხმება ვერ შედგებოდა რომელიმე მოთამაშის ან ენმ-ის პოზიციის გამო, ვთავაზობდით უფრო ვიწრო შეთანხმებასაც ჩვენ შორის. უფრო მარტივს. აქაც, ყველა დიდ ქალაქში ვუთმობდით კანდიდატს – ქუთაისი, თელავი, რუსთავი, გორი, ახალციხე… რვა ოლქს ვუთმობდით ჩვენ და ვითხოვდით მხარდაჭერას მხოლოდ ოთხ ოლქში, სადაც ძალიან ძლიერი კანდიდატები გვყავს – ეს არის ზემო აჭარა, ტარიელ ნაკაიძე, გიგი უგულავა მარტვილში ან ფოთში, გიგი წერეთელი თერჯოლა-ზესტაფონში და კაკო ბობოხიძე – ხონში.
უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ მხოლოდ სადღეგრძელოს კი არ ვთავაზობთ, კონკრეტული, ძალიან მოქნილი შეთავაზებები გვქონდა”.
გიგა ბოკერიას თქმით, თუ შეთანხმების არც ერთი ვარიანტი არ შედგება, ევროპულ საქართველოს აქვს კონსულტაციები დანარჩენ პოლიტიკურ ძალებთან, რომ “ჩვენ შევჯერდეთ”.
“არ მივცეთ საშუალება ივანიშვილს, რომ ისევ იგივე კარტის გათამაშება სცადოს, რაც მან გააკეთა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რითაც მან გამოთიშა საპროტესტო ელექტორატის ნაწილი თამაშიდან… ყველა ვარიანტში გვირჩევნია, ძლიერი კანდიდატები იყვნენ იმ ოლქებში, სადაც შანსია, რომ პირველ ტურში მოხდეს ოპოზიციის გამარჯვება, როგორც ეს მოხდება თბილისის შეთანხმებულ ოლქებში”
კომენტარები