პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“რამდენიმე წლის წინ ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს პირველ და მეორე რესპუბლიკებს შორის ხიდის მაშენებლად, ქართული ემიგრაციის დახვეწილ წარმომადგენლად, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ პასიონარულად მებრძოლ პოლიტიკოსად მოიხსენიებდნენ, დღეს ისინი საქართველოს პრეზიდენტს „დებილ ბაბოს“, „გამოშტერებულ ბებერს“, „ამერიკის მონას“ და აღარ გავიმეორებ კიდევ რას უწოდებენ.
ქართველი პოლიტიკოსების უპრინციპობა, უიდეობა, არათანმიმდევრულობა სათავეს იღებს ჩვენი იმ თანამოქალაქეებისგან, რომლებსაც შეუძლიათ დილით ადამიანი ანგელოზად გამოაცხადონ და საღამოს იმავე პიროვნების დასაწვავად ქალაქის ცენტრში ცეცხლი ააგიზგიზონ. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიტყვას ჩალის ფასი აქვს. ამიტომაც გვიბედავენ ყველაფერს და ამიტომაც გვატრიალებენ აქეთ-იქით თავისი ნებისამებრ! იციან, რომ ადვილად დავთმობთ პოზიციას, ადვილად შევიცვლით პრინციპებს.
სალომე ზურაბიშვილი დღეს ძალიან გაბედულად მოიქცა. ალბათ, გახსოვთ ედუარდ შევარდნაძის ცნობილი შეძახილი „ნუ ღრიალებ!“, რატომღაც ის სცენა წარმომიდგა თვალწინ. უბრალოდ, პრეზიდენტ ზურაბიშვილს პრეზიდენტ შევარდნაძისგან განსხვავებით არავისთვის დაუღრიალებია. ცხადია, მას სიტყვის დასრულება არ აცადეს. შესაბამისად, დაუსრულებელი წინადადების გამო ადამიანის ჯვარზე გაკვრა უსამართლო და ამაზრზენი საქციელია.
მოგვიანებით მოწვეულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა დაწვრილებით განმარტა, თუ რისი თქმა სურდა მომიტინგეთათვის:
1. სახელმწიფო მეთაურმა გამოხატა განსაკუთრებული პატივისცემა იმ ადამიანებისადმი, რომლებთანაც ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებს. აღნიშნა, რომ შვილმკვდარ ოჯახებსა და მათ წარმომადგენლებს მასთან შეხვედრის, მასთან ერთად საკითხების განხილვის პრობლემა არც წარსულში ჰქონიათ და არც მომავალში ექნებათ. „ორბელიანების სასახლის“ კარი სააკაშვილის დიქტატურის მსხვერპლთათვის ყოველთვის ღიაა. რა არის აქ გაუგებარი? რატომ ბრალდება მას უდიერი დამოკიდებულება მომიტინგეთა მიმართ?
2. პრეზიდენტს პრეტენზია აქვს აქციის ზოგიერთ მონაწილესთან, რომელიც მისი დაკვირვებით კონკრეტული ცენტრიდან იმართება. ამ ცენტრის წევრები სააკაშვილს არ ებრძოდნენ მაშინ, როდესაც ექსცენტრიკული ავტოკრატი ძლევამოსილების პიკზე გახლდათ და სასტიკი რეპრესიების საშუალებით აჩუმებდა ყველა მოწინააღმდეგეს. ავტორიტარიზმის ზეობის ხანაში ცენტრის წევრები ჩუმად იყვნენ, მყუდროდ ცხოვრობდნენ და შორიდან აკვირდებოდნენ მოვლენებს. ისინი დიდ გულზე მხოლოდ ახლა არიან, როდესაც სააკაშვილი დაკავებული და დაცემულია. მაშასადამე, მათ მხოლოდ მაშინ შეუძლიათ ბრძოლა და საკუთარი თავის პაპზე უფრო დიდ კათოლიკედ წარმოჩენა, როდესაც სისხლიანი დიქტატორისგან დაავადმყოფებული პროვოკატორიღაა დარჩენილი. ეს მშიშარა ადამიანები მიტინგების, შანტაჟის, მუქარის, დამცირების, სკამების მოპარვისა და გადამალვის ენით ესაუბრებიან პრეზიდენტს და სთხოვენ ყველა ნაბიჯი მათი ბრძანების მიხედვით გადადგას. პრეზიდენტმა დღეს თქვა, რომ მას კობახიძის, მდინარაძისა და სხვა მსგავსი აჩრდილების არ ეშინია! მასთან შანტაჟის ენით საუბარი არ გამოუვათ!
3. ცხადია, არანაირი შეკითხვა არ მაქვს შვილმკვდარი ოჯახების წარმომადგენლებთან. სანამ საქართველოს სახელმწიფო არსებობს, მანამდე მათ ბოდიშს უნდა ვუხდიდეთ ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებებისთვის. მათი განსჯის უფლება არ მაქვს. მაგრამ იქ ხომ სხვებიც იყვნენ, მათი ნახევარი მაინც, რომ გამოსულიყო ქუჩაში მურუსიძისა და ჩინჩალაძის (სააკაშვილის ჯალათი მოსამართლებიის) სამუდამოდ დანიშვნის წინააღმდეგ, დღეს ყურმოჭრილი ყრმებითა და დიქტატურის მსახურებით არ იქნებოდა სავსე საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა! შეიძლება გირგვლიანის მკვლელობაში წვლილი მხოლოდ სააკაშვილს, მერაბიშვილსა და მათი ბრძანებების შემსრულებელ პოლიციელებს მიუძღვით, ირინა ენუქიძე კი იმიტომ გარდაიცვალა, რომ სამართალი ვერ იპოვა თავის ქვეყანაში. ირინა ენუქიძეს სამართალი ხელიდან მურუსიძემ და სხვებმა გამოგლიჯეს! ნორმალურ ქვეყანაში, პატიოსან საზოგადოებაში მურუსიძეს, როგორც ჯალათს, მკვლელობის თანამონაწილეს, ისე მოეთხოვებოდა პასუხი და სასამართლოს შენობასთან ჩავლის უფლება არ ექნებოდა, მაგრამ კობახიძის მხარდამჭერებმა დუმილი ამჯობინეთ და გველები სამარადჟამოდ განამწესეთ მანტიებში! ტყუილია ???
4. ქ-ნმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ ბოლო ერთი წელია მხოლოდ სააკაშვილზე გვიწევს საუბარი. შედეგად, სხვა, სერიოზული თემების პოლიტიკურ დონეზე განხილვა შეუძლებელი ხდება. ნაციონალები დილიდან საღამომდე თავიანთ ბელადზე მოთქვამენ და ნამდვილი პოლიტიკური პროცესის წარმოების მძიმე პასუხისმგებლობისგან ითავისუფლებენ თავს, ხელისუფლება კი სააკაშვილზე გაუთავებელი მსჯელობით, ქილიკით, ღლიცინით გვერდს უვლის საქართველოში დასადგურებულ სოციალურ უსამართლობას! რა არის აქ ტყუილი? რა არის აქ არასწორი? დიახ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ასევე ხვდება, რომ სააკაშვილის საშუალებით ნაცებიც და ქოცებიც გაურბიან ჩვენი ქვეყნის რეალურ გამოწვევებს, გაურბიან საქმის კეთებას!
იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ერთგული დარჩება თავისი პირობის „არა და არასოდეს“. იმედი მაქვს ის თავის სიტყვას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაუხვევს, თუ მართლა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იქნება გადასაწყვეტი. საერთოდ, ეს მიტინგი მას გამოადგება, რათა ყველას უთხრას, თუ როგორი ზეწოლისა და თავდასხმების ქვეშაა ყველას მხრიდან.
რაც შეეხება სააკაშვილს!
მისი სასჯელის გადავადების საკითხს ჩვენ არ ვწყვეტთ. მასაჩუსეტსის შტატში გაცვლითი პროგრამით წასული სტუდენტის გონებაში „სქრინების“ დათვალიერების შემდეგ გამოწვეული აშლილობით და მის მიერ დაწერილი გინების შემცველი პოსტებით არ წყდება სისხლიანი დიქტატორის დროებითი გათავისუფლების ბედი.
უნდა მოვითხოვოთ, რომ ჩატარდეს სააკაშვილის სრული გამოკვლევა, გამოკვლევა ჩაატარონ საყოველთაო ნდობის მქონე ექიმებმა (დაილია ჩვენს ქვეყანაში 10 ექიმი, რომელსაც ნაცებიც და ქოცებიც ენდობიან), მათი დასკვნა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაცვით წარედგინოს სასამართლოს და მან მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება. მაგრამ ეს გიულის არ უნდა! „ზნატჩიტ ბუდეა“!
კომენტარები