ბათუმელი ექიმები განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ:
“მედიცინა ჰუმანური დარგია და მისი მთავარი მიზანი ადამიანის სიცოცხლის დაცვა და შენარჩუნებაა. სახელმწიფო მოწყობის ნებისმიერი მოდელის პირობებში ექიმი თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენებისა და წნეხისგან და უნდა მოქმედებდეს ადამიანის სიცოცხლის, როგორც კაცობრიობის უმთავრესი ღირებულების, გაცნოებიერებით.
კაცობრიობის არსებობის მანძილზე, ყველა ის შემთხვევა, როდესაც ქვეყნის პირველი პირი და ზოგადად მოქალაქე, განზრახ ქმედების თუ უმოქმედობის გამო ისჯებოდა სიცოცხლის ხელყოფით, ისტორიას რჩებოდა შავ ლაქად და განსაკუთრებით უარყოფითად აისახებოდა ქვეყნის მომავალ განვითარებასა და ცივილურ სამყაროში ინტეგრაციაზე. ისტორია გვაჩვენებს, რომ აღნიშნულის სრულად გაცნობიერებას წლები სჭირდება, დამდგარ ზიანს და შელახულ რეპუტაციას კი – ხშირად დიდი ძალისხმევაც ვერ აღადგენს.
სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ვითვალისწინებთ რა იმ ფაქტს, რომ შიმშილობის 35-ე დღეს ორგანიზმი შეუქცევადი დაზიანებების მიჯნაზეა და ამის ცოდნის პირობებში ჩვენი უმოქმედობა პაციენტის განსაცდელში მიტოვების ტოლფასია, რაც როგორც მორალურად, ასე იურიდიულად დასჯადი ქმედებაა. ვთვლით, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური გემოვნებისა და შეხედულებებისა, ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები და განსაკუთრებით ექიმები, უნდა დავდგეთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის სადარაჯოზე.
მოვუწოდოთ და ვთხოვოთ ქვეყნის ხელისუფლებას, პრეზიდენტს, პარლამენტს – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხეების გაცნობიერებით დაუყოვნებლივ განხორციელდეს მისი გადაყვანა მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის უფლება.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული მოწოდება/თხოვნა – სრულიად აპოლიტიკურია, არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრივ ინტერესებს, არ არღვევს არც ერთ საკანონმდებლო ნორმას და მისი არშესრულების შემთხვევაში კი პირიქით, საფრთხე ექმნება ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს და ჩვენ ყველა ამ დანაშაულის თანამონაწილე გავხდებით.”
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილი 35-ე დღეა შიმშილობს. მისი თანაპარტიელები და მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმდება და სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ.
კომენტარები