პედაგოგი, მაკა სახურია “ალიას” მკითხველს კარგად ახსოვს, ეს ის პედაგოგია, რომელიც რამდენჯერმე გახდა სახლში ცუდად, მაგრამ სასწრაფომ უთხრა, რომ ადგილები არ არის და ვერ გადაიყვანა, მის წერილებს აქტიურად ვაშუქებდით და ჩვენმა, ყველას რეაქციამ, შედეგი გამოიღო, ის მალევე გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც12 დღე იწვა. “ალია” მას ისევ შეეხმიანა, ახლა მაკა გვეუბნება, რომ ვერც კი წარმოუდგენია, რამდენად შესძლებდა გადარჩენას, კლინიკაში რომ არ გადაეყვანათ. დღეს, მაკა წერს:
“წუხელ მომიყვანეს სახლში მცხეთის სამედიცინო ცენტრში 12-დღიანი მკურნალობის შემდეგ. დე დიმერი და ცე რეაქტიული ნორმაშიაო. ღვიძლის ფუნქცია არეულია, მაგრამ ამდენ ანტიბიოტიკს გაძლება უნდოდა ალბათ. ფილტვები სუფთაა.
საკუთარ ლოგინში წოლა ნამდვილად ნეტარებაა. 12 საათზე მეტი მეძინა, მაგრამ მაინც მტკიოდა სხეული. ნანემსარები მკლავებზე, მუცელზე, ვენაში, დაჩხვლეტილ-დაჯიჯღნილი ვარ ერთიანად, რადგან ცოცხალი თავით ჩემი ვენები და არტერია არ ჩნდებოდნენ და გაწამებულები იყვნენ ახალგაზრდა მედდები.
საშინელი სისუსტისა და უძლურების განცდა მაქვს და ასევე სადღაც შიგნით – სიცოცხლის დაულეველი წყურვილი. იმედია, გაიღვიძებს მიძინებული ენერგია და ახალი ძალით შევუდგები მასწავლებლის ყოველდღიურობას.
2 კვირის მანძილზე უნდა მივიღო ორი პრეპარატი: ქსარელტო და ნექსიუმი. ვდარდობ იმ 21 წლის ბიჭზე, რომელიც თრომბოემბოლიით გარდაიცვალა. ყველა სიცოცხლე ძვირფასია და ყველა ასაკში სიცოცხლე არის განუმეორებელი.
უზომოდ მადლობელი ვარ მცხეთის სამედიცინო ცენტრის მედპერსონალის, ყველა მუშაობდა თავდადებით, სიყვარულით, უმაღლესი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით. განსაკუთრებული მადლობა ქალბატონებს: ლიკა მუმლაძეს, მზია ჯანაშვილს, ქეთი მესხიშვილს, თამარ ყიფიანს, მედიკოსებს: ნინოს, მარიტას, ნანას, თორნიკეს, საუკეთესო ახალგაზრდებს.
გუშინ თორნიკე ბოლომდე აღჭურვილი არ იყო და ვკითხე, პალატებში ასე როგორ შედიხარ-მეთქი… მეც კოვიდდადებითი ვარო და მაინც დადიოდა და თავდაუზოგავად მუშაობდა.
ახლა საერთოდ სხვანაირია სამყარო, არასდროს ცხოვრებაში არ განმიცდია მსგავსი რამეები, სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ადამიანებისთვის არ შემიხედავს ამ თვალით, ამის აღწერა და გადმოცემა ძალიან ძნელია. მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მე რაღაც ვიცი, რაღაც ისეთი, საიდუმლო, რომლის გამოთქმაც შეუძლებელია.”
კომენტარები