“დღეს ჩვენი კოლეგა ექიმი ვახტანგ ყიფიანი ჯანდაცვის მინისტრის, ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარია“- „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე ექიმ ვახტანგ ყიფიანის დაპატიმრებას ეხმაურება.
კობერიძის თქმით, მინისტრი უნდა რეაგირებდეს და იყოს კეთილსინდისიერი პროფესიონალი ექიმის დამცველი, რაც არ ჩანს.
„ვახტანგ ყიფიანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება არის ჯანდაცვის სექტორის, ექიმების წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო ღონისძიება! ვაყენებ მინისტრის პირად პასუხისმგებლობას! ბატონი ვახტანგი ბოლო წლების განმავლობაში ერთადერთი ექიმია, რომელიც იმყოფება სისხლის სამართლის პატიმრობაში და ეს პატიმრობა არის უკანონო. შესაბამის სტრუქტურებთან როგორც მისმა ოჯახის წევრებმა, ასევე ჩვენც ვცადეთ დიალოგი, თუმცა უშედეგოდ. ვახტან ყიფიანი სრულიად უკანონოდ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, რადგან პროფესიულ საბჭოს არ განუხილავს ეს საკითხი. მინისტრმაც აღიარა ინტერვიუში, რომ მათ შორის საკანონმდებლო პრობლემებიც შეინიშნება და საჭიროა ამ ხარვეზების გამოსწორება. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი რჩება პატიმრობაში. ვიცით ბატონი ვახტანგის კეთილსინდისიერება, ამიტომ ეს ყველაფერი მაძლევს უფლებას, ვთქვა, რომ ის არის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარი, ასე ვახასიათებ, რადგან ამ შემთხვევაში ყველაზე მწვავე რეაგირება მინისტრისგან უნდა მოდიოდეს და მინისტრი უნდა იყოს ამ პროფესიონალი, წესიერი ექიმის დამცველი. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ექიმ ყიფიანის საქმეში არანაირი თაღლითობის ნიშნები არ არის და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ჯანდაცვის სექტორის ექიმების წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო ღონისძიება,“- აცხადებს კობერიძე.
კომენტარები