თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება პულმონოლოგი, დავით ნანობაშვილი.
– რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებსაც კოვიდი გადააქვთ სუსტი ფორმით და სახლებში? რა უნდა გააკეთონ, რომ მათი მდგომარეობა არ დამძიმდეს?
– სხვათა შორის, ჯერ კიდევ შარშან, ერთ-ერთ მედიაში მივიტანე 1989 წელს გამოცემული იმუნოლოგიის წიგნი, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი კორონავირუსებთან ბრძოლის პრინციპები. 3 მიმართულებითაა შესაძლებელი სუსტი და საშუალო სიმძიმემდე მყოფი პაციენტების მკურნალობა – უნდა მიიღოს იმუნური სისტემის გამაძლიერებელი და იმავდროულად უნდა მიიღოს, იმუნური სისტემის დამთრგუნველი საშუალება და მესამე – ანთების საწინააღმდეგო – რასაკვირველია, ყველა პრეპარატი უნდა იყოს არჩეული და დანიშნული ექიმის მიერ და არ მიმართოთ თვითნებურ მკურნალობას. ასევე, აუცილებელია სუფთა ჰაერი, ადრეც ვამბობდი და გავიმეორებ, კარგია გამოვიყენოთ ფიჭვის საკმეველი, ჰაერის ბუნებრივი გამწმენდია. უნდა მივიღოთ 2 ლიტრამდე სითხე და ამაში შედის წყალიც, ჩაიც, წვენიც, ოღონდ არ უნდა მივიღოთ ეს 2 ლიტრა სითხე ერთდროულად, დღის მანძილზე უნდა გადავანაწილოთ მცირე ულუფებით. და ასევე, ისევ და ისევ ძალიან მნიშვნელოვანია კვება – უნდა ვიკვებოთ სრულფასოვნად და მივიღოთ ვიტამინები, ბუნებრივი სახით, მაგალითად, ხილის და ბოსტნეულის სახით. ადამიანი წუთში აკეთებს საშუალოდ 14-16 ჩასუნთქვას, როცა მას სიცხე აქვს, ან განერვიულებულია, ოდნავ იმატებს ეს ციფრი. თუ პაციენტს არ აქვს ქოშინი და მისი ჩასუნთქვა არ ადის 20-მდე ან ზემოთ, თუ არ აქვს მაღალი ტემპერატურა 39,5 და მეტი, ეს ნიშნავს იმას, რომ ხიფათი ნაკლებია. და ბოლოს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შეიძლება სრულიად ჯანმრთელი, ახალგაზრდა ადამიანიც კი დაინფიცირდეს მძიმედ, თუ ის ბევრი ოდენობით ჩაისუნთქავს ვირუსს, ამიტომ, მოვერიდოთ ნებისმიერ ხალხმრავალ ღონისძიებას, ავიცრათ და დავიცვათ რეგულაციები. რასაკვირველია, რეგულაციები უნდა დავიცვათ მაშინაც კი, თუ უკვე აცრილი ვართ. რადგან, როგორც ვნახეთ, აცრილსაც შეიძლება ჰქონდეს ვირუსი და იყოს გადამდები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
კომენტარები