თამო კეშელავა, ალია
2021 წლის 12 იანვარს აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა, სადაც ელჩმა განაცხადა:
„ახლა ყველა ელის მჭიდრო კოორდინაციას ვაქცინის გეგმასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა.“
სასწაულებრივი დამთხვევით, ელჩის განცხადებიდან 9 დღეში, 21 იანვარს საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ გეგმაში გაწერილი იყო, რომ ყოველ ჯერზე, როცა ამის საჭიროება დადგებოდა, ვაქცინაციის გეგმაში ცვლილებები აისახებაში, გეგმის კორექტირება მხოლოდ ერთხელ მოხდა, 2021 წლის 08 აპრილს, პრემიერ ღარიბაშვილის ხელმოწერით. ცვლილება 8 აპრილს, უკვე ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით.
რას ითვალიწინებს გეგმა, აპირებდა, თუ არა, ქვეყანა ფაიზერის შემოტანას ქვეყანაში? როგორ განისაზღვრა ვაქცინის ფასები, რამდენმა ადამიანს შეიძლება გამოუვლინდეს ვაქცინაციის შემდეგ გართულება (თეორიული დათვლებით) და რისი მოთხოვნა შეუძლიათ მათ სახელმწიფოსგან? ვინ არის სინამდვილეში პასუხისმგებელი ვაქცინებზე, რომლებიც ჯერ დაკარგული გვეგონა, მერე გაფუჭებული, ახლა კი გვეუბნებიან, არ გაფუჭებულა, მაგრამ ვერ გამოიყენებო და რამდენი დოზა უნდა ვიყიდოთ ზედმეტად, ე.წ. დანაკარგის გასათვალისწინებლად? რისი მოთხოვნა შეგიძლიათ ვაქცინაციის პროცესში და რას ნიშნავს იმუნიზაციის განცდასთან დაკავშირებული რეაქციები? ამ ყველა დეტალს თქვენ პირველად შეიტყობთ სწორედ „ალიასგან“.
მანამდე კი, რამდენიმე დეტალს შეგახსენებთ, ჯერ კიდევ მარტში ამირან გამყრელიძის ვაჟმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ, ეკატერინე ტიკარაძე უმოქმედობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ სხვა ქვეყნების ელჩები „ფაიზერის“ ოფისში თვეობით ისხდნენ, როგორც ჩანს, ნიკოლოზ გამყრელიძეს, არ ჰქონდა ვაქცინაციის გეგმა წაკითხული, თორემ, ეცოდინებოდა, რომ არც არაფერში სჭირდებოდა მინისტრს ფაიზერი.
მაშინ ეკატერინე ტიკარაძემ ნიკოლოზს უპასუხა და თქვა, რომ „ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერი“ და ისინი ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს, როგორც ჩანს, არც ეკატერინე ტიკარაძეს ჰქონდა ვაქცინაციის გეგმა წაკითხული, თორემ, ეცოდინებოდა, რომ ვაქცინების შემოტანაზე პირადადაა პასუხისმგებელი.
მარტში, პაატა იმნაძემ განაცხადა: „დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულისათვის გეგმას არამხოლოდ დავეწევით, არამედ გავასწრებთ კიდეც“
მოჩქარეს მოუგვიანდესო, ნათქვამია, მაგრამ, არც გვიჩქარია და მაინც ვაგვიანებთ, მიუხედავად ამისა, მინისტრმა, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა, რომ თბილისში მეტად იყო ვაქცინაციაზე მოთხოვნა (იქნებ, სულაც იმიტომ, რომ მეტი ადამიანი ცხოვრობს დედაქალაქში?), ბრძანა: „ნამდვილად არ ვფიქრობთ ამ ეტაპისთვის, რომ თბილისში ამცრელი კაბინეტები არის დასამატებელი, რადგან აქტივობა უნდა იყოს როგორც დედაქალაქში, ისე რაიონებში“ და ვაქცინაციის მსურველი ხალხი აიძულა რაიონებში წასულიყვნენ ასაცრელად და ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ კომენდანტის საათი და მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა.
ივნისში ჯანდაცვის მინისტრმა ბრძანა, რომ კრიტიკას ვერ მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო, რადგან ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, თურმე, ზედმიწევნით სრულდება და მაშინ ვიფიქრე, რომ აჰა, წაუკითხია მინისტრს ვაქცინაციის გეგმა და უკვე იცის, რომ იმის დარღვევას ვერ შევედავებით, რაც გაწერილიც კი არ არის.
ვინ დააფინანსა ვაქცინაციის გეგმის შექმნა და ექსპერტები, რომლებსაც თავიანთი ვინაობის დასახელება არ სურთ
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ შეიქმნა COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია, რომლის თავმჯდომარეც ჯანდაცვის მინისტრი გახლავთ. ვაქცინაციის დანერგვის გეგმის მომზადებას კოორდინაციას უწევდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ყველა მოსახლეობას ამუნათებს და ყველა ჩვენ დაგვძახის, რომ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი უნდა გავითავისოთ, რომ უნდა მოვითმინოთ გაჭირვება, უმუშევრობა, ჩაკეტვა, ვაქცინის დროულად არ/ვერ შემოტანა, ადგილების არქონა კლინიკებში და ა.შ., რატომღაც, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერის და დაფინანსების გარეშე, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შექმნაში ვერ ჩართეს ექსპერტები. როგორც ჯანდაცვის ჩინოვნიკები აცხადებდნენ 80-82 ექსპერტი მუშაობდა გეგმის შედგენაზე, თუმცა, სახელმძღვანელოდ გამოყენებული იქნა ჯანმოს მიერ შემოთავაზებული მეთოდური დოკუმენტი. ესე იგი, გვქონდა მზა მეთოდური დოკუმენტი და აზრიის განვითარების ბანკის დაფინანსება – ამიტომაც ითხოვდნენ ელჩები, როგორც ჩანს, ვაქცინაციის გეგმას დროულად. უცნაური ისაა, რომ ამ პატარა ქვეყანისთვის 82 ექსპერტი მუშაობდა და არც ერთი არ აცხადებს ხმამაღლა – მე ვარ ერთ-ერთი ის ექსპერტი ვინც გეგმაზე ვმუშაობდიო, რატომ? განა საამაყო საქმე არ არის, შენ ქვეყანას ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შედგენაში დაეხმარო? თუნდაც, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსების შემდეგ? ნუთუ ასეთი არასაამაყოა ეს გეგმა?
„COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმაში ახალი ინფორმაციის მიხედვით მოხდება პერიოდული ცვლილებების შეტანა და გეგმის ადაპტირება.“ – ვკითხულობთ დოკუმენტში. დოკუმენტის მიხედვით, უნდა ავცრათ ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის (18+ მოსახლეობის) 60 პროცენტი. თუმცა, ამირან გამყრელიძის თქმით, იგი აპირებს, რეკომენდაცია გაუწიოს ფაიზერით 16 წლის ზემოთ ადამიანების აცრასაც. ეს ძირეულად ცვლის ვაქცინაციისათვის საჭირო დოზების ოდენობას. რას აპირებს ქვეყანა, რომელიც ზრდასრული მოსახლეობის 60 პროცენტის აცრას აპირებდა? მოაკლებს სამიზნე ჯგუფებს ვაქცინებს და აქეთ გადმოამისამართებს? სამიზნე ჯგუფებს შეცვლის? – არ უნდა დაფიქსირებულიყო ცვლილება ვაქცინაციის გეგმაში?
ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, მასიური ვაქცინაცია უნდა გადანაწილებულიყო 7-8 თვეზე, თუმცა, ჩვენ, რეალურად, წლის ბოლომდე, მხოლოდ 6 თვე დაგვრჩა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მართლაც დაიწყება ხვალიდან, 5 ივლისიდან, მასიური ვაქცინაცია. შესაბამისად, დაგვჭირდება მეტი ამცრელი ბრიგადა, მეტი ექიმი, მეტი ექთანი, მეტი ვაქცინამზიდი, მეტი პერსონალი სამედიცინო ნარჩენების გასანადგურებლად და ა. შ. – არც ეს ცვლილება დაფიქსირებულა ვაქცინაციის გეგმაში.
„იმუნიზაციის გეგმამ, უნდა უზრუნველყოფს უფასო ვაქცინაცია იმუნიზაციის კალენდრით“ – წერია გეგმაში, ოღონდ, აქ კალენდარს ვერსად ნახავთ, არსად წერია, თვეში რამდენი ადამიანი უნდა აიცრას, კვირაში რამდენი, როდის უნდა დაიწყოს და დამთავრდეს… მხოლოდ 7-8 თვეა ნახსენები, ისიც კი არ წერია ზუსტად, 7 თვე, თუ 8 თვე, ესეც ვარაუდია, 7 ან 8, ან 6 ბატონებო!
ვაქცინაციის გეგმის შემდგენები დასაწყისში განიხილავენ გასულ, 2020 წელს და წერენ, რომ პანდემიის შეკავებისთვის მზადება ქვეყანამ ადრეულ ეტაპზე დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე განხორციელებულმა შეკავების ღონისძიებებმა შეარბილა კორონავირუსთან ასოცირებული უარყოფითი შედეგები. მართალია, გეგმაში წერია, როგორ შევაკავეთ ვირუსი გაზაფხულსა და ზაფხულში, თუმცა, არ წერია, როგორ ვერ დავიცავით ხალხი სექტემბერში დავირუსებისგან – ამბობენ, რომ ინფექციის მასიური გავრცელება მოჰყვა სხვადასხვა ფაქტორების გავლენას და რეგიონებში არსებულ ტენდენციებს. – გაიგეთ ამ წინადადებიდან რამე? მიხვდით რას ნიშნავს სხვადასხვა ფაქტორების გავლენა და რეგიონებში არსებული ტენდეციები? ან სად იყო ეს სხვადასხვა ფაქტორები და რეგიონში არსებული ტენდეციები – გაზაფხულსა და ზაფხულში? ან, ვინ არის პასუხისმგებელი, ვინ ვერ გამოსცა სწორი რეგულაცია და ვინ ვერ აღასრულა რეგულაციის სწორად შესრულება?
„დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელმა 5 834 / 100 000 მოსახლეზე შეადგინა, ხოლო დაინფიცირებული მოსახლეობის შეფასებითი მაჩვენებელი 15%-ია. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 89%-ია, ხოლო ლეტალობა 1%. COVID-19 შემოდგომის პერიოდში გახდა ქვეყანაში სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი, ხოლო მთლიანი 2020 წლისთვის ის იქნება სიკვდილიანობის მეოთხე წამყვანი მიზეზი.“ – წერია დოკუმენტში, რომელიც ბოლო 8 აპრილს ჩასწორდა.
დღეს, 4 ივნისის სატისტიკური მონაცემთ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში სულ დაინფიცირდა 369 048, ხოლო აქედან გარდაიცვალა 5347, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილობამ კარგა ხანია გაადაბიჯა 1 პროცენტს და დღეის მდგომარეობით, 1,4 პროცენტზე მეტია. სხვათა შორის, ექიმები, ბოლო დროს, საკმაოდ აქტიურად სვამენ კითხვას, რატომ არ მცირდება სიკვდილობა ქვეყანაში? – და მათ ისევ არავინ პასუხობს. ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძემ, მეორე ტალღის ბოლოსაც და მესამე ტალღის ბოლოსაც, განაცხადა, რომ ტალღების ბოლოს გაზრდილ სიკვდილობას ელოდა, რადგან კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები იწვნენ კლინიკებში და ჩვენც ამაოდ ვეძებთ პასუხს კითხვაზე – ვერ ვისწავლეთ ამ დროის მანძილზე, მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების გადარჩენა? მხოლოდ ჩვენ ვერ ვისწავლეთ, თუ ვერც ერთმა სხვა ქვეყანამ?
10 ვაქცინა, რომელიც ეროვნულ გეგმაში მოხვდა
Pfizer, Moderna, Astra-Zeneca, Sinopharm, J&J/Janssen, SP/GSK, Sinovac, Novavax, Serum Institute of India და Bharat Biotech, რომელიც გეგმაში ჩამატებულია 08 აპრილის მონაცემით. ჩამოთვლილი ვაქცინებით, ყველა ვაქცინის, გარდა ფაიზერისა, 1 დოზა არის 0.5ml I, ხოლო ფაიზერის 0,3 ml IM.
რაც შეეხება ვაქცინაციის დოზებს შორის ინტერვალს, ეროვნული გეგმის მიხედვით, ასეთია:
Pfizer – 2 დოზა, 0-21 დღე, Moderna – 2 დოზა, 0-28 დღე, Astra-Zeneca – (1-) 2 დოზა, 0, 28 დღე, Sinopharm – 2 დოზა, 0-14 დღე, J&J/Janssen – (1-)2 დოზა, 0, 56 დღე, SP/GSK – 2 დოზა, 0-28 დღე, Sinovac – 2 დოზა, 0-14 დღე, Novavax – 2 დოზა, 0-21 დღე, Serum Institute of India – 2 დოზა, 0-28 დღე, Bharat Biotech – 2 დოზა, 0-28 დღე.
წარმოდგენილი ვაქცინებიდან: Pfizer/BionTech, Moderna, AztraZeneca და Johnson&Johnson უკვე ავტორიზებულია აშშ-ის და ევროგაერთიანების (და სხვა სანდო მარეგულირებლების) მიერ და დაშვებულია ჯანმოს მიერ გადაუდებელი მოხმარების სიაში – ვკითხულობთ 08 აპრილს რედაქტირებულ გეგმაში, თუმცა, გეგმის პირველ ვარიანტში, ეწერა კიდევ ერთი წინადადება, რომელიც შემდგომ ამოღებულია:
„SINOPHARM-ის ვაქცინამ 2020 წლის 9 დეკემბერს, ჩინეთის გარდა მიიღო ავტორიზაცია გაერთიანებულ საემიროებში, თუმცა, ნაკლებ გამჭვირვალე და ლიმიტირებული მონაცემებით“, როგორც ჩანს, იანვრიდან აპრილამდე ჩინური ვაქცინის SINOPHARM-ისმონაცემები მეტად გამჭვირვალე გახდა, თორემ, როგორ შემოვიტანდით მას ქვეანაში ჯერ კიდევ ჯანმოს მიერ გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაციამდე? მართალია, ექიმების ნაწილი ამბობს, რომ ჩინური ვაქცინების შესახებ ინფორმაციების სიმწირე დღემდეა, ზოგი ექიმი კი პირდაპირ აცხადებს, რომ არსებული ინფორმაციით, ჩინური ვაქცინა ნაკლებ ეფექტურია, მაგრამ საქართველოს ვაქცინაციის გეგმის ავტორებმა უკეთ იციან!
აპირებდა თუ არა საქართველოს ხელისუფლება ფაიზერის და მოდერნას ვაქინების შემოტანას ქვეყანაში და რა ოდენობით?
ვაქცინაციის გეგმის პირველ და მეორე ვარიანტშიც ვკითხულობთ:
„კანდიდატი ვაქცინების შერჩევისას, ქვეყანა ხელმძღვანელობს შემდეგი კრიტერიუმებით: (ა) ვაქცინის შემუშავების/ლიცენზირების სტადია და ბაზარზე დაშვების მოსალოდნელი ვადები; (ბ) ვაქცინისთვის საჭირო ტემპერატურული რეჟიმი და მოთხოვნები (კომპლექსურობა-სირთულე) ცივი ჯაჭვის მიმართ; (გ) კონკრეტული ვაქცინის შესაძლო რეგისტრაციის ვადები მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მიერ; (დ) ვაქცინის არსებობა COVAX-ის პლატფორმაში და (ე) კონკრეტული ვაქცინისადმი მოსახლეობის შესაძლო ნეგატიური დამოკიდებულების რისკი მწარმოებლის და მწარმოებელი ქვეყნის, სხვა ქვეყნებში ფართო მასშტაბიანი ვაქცინაციის პროგრამებში დაფიქსირებული ვაქცინის უსაფრთხოების/გვერდით მოვლენების სიხშირის, გავრცელების და დაავადების სიმძიმეზე ზეგავლენის თაობაზე ახალი მტკიცებულებების დაგროვების მიხედვით.
ცხრილში მოწოდებული ვაქცინების უმეტესობის შენახვის რეჟიმი 2-80C-ია, გარდა Pfizer/BionTech და Moderna-სი, რომლებიც -700C და – 200C ინახება შესაბამისად. ულტრაცივი ჯაჭვის საჭიროების გათვალისწინებით, და შესაბამისი ლოგისტიკური სირთულეების გამო, Pfizer/BionTech-ის ვაქცინის გამოყენება, ისევე როგორც Moderna-სი ძირითადად ლიმიტირებული რაოდენობით, პრიორიტეტული ჯგუფებისთვის ორგანიზებულად გამოყენების კუთხით არის განხილული. ორივე ვაქცინის შესაძლო მაქსიმალური დოზების რაოდენობა განისაზღვრა მხოლოდ მოსახლეობის პირველი 3%-ის, ანუ პრიორიტეტული ჯგუფების მოცვისთვის. 2021 წლის პირველი კვარტალიდან შესაძლებელი იქნება 2-80C-ის ვაქცინების მიღება, რომელთა მიმართ საქართველოს სამაცივრო, ცივი ჯაჭვის და სხვა ლოგისტიკური სისტემები სრულად არის ადაპტირებული.
მოკლედ, ცივი ულტრაცივი ჯაჭვი არ გვაქვს ქვეყანაში და ამიტომ, ფაიზერს და მოდერნას მხოლოდ 200 000 დოზას შემოვიტანთო, მერე კი, განა ულტრაცივ ჯაჭვს გავაძლიერებთ, რადგან იქნებ, მომავალშიც გამოგვადგესო, არამედ, მეორე კვარტალში უკვე იმ ვაქცინებს შემოვიტანთ, რომლებიც 2-8 გრადუს ცელსიუსზე ინახებაო.
ვაქცინაციის გეგმაში ვკითხულობ „ცივი ჯაჭვისთვის დამატებით რესურს არ საჭიროებს ქვეყანა“ – ანუ, არავინ აპირებს ულტრაცივი ჯაჭვის რესურსის დამატებას. თუ არსებული რესურსი, მხოლოდ ფაიზერის მხოლოდ 200 000 დოზისთვის იყო საკმარისი, ახლა როგორ ვაპირებთ ფაიზერის მილიონი დოზის მიღებას და შენახვას? – ვერც ამაზე ნახავთ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში რამე ტიპის ინფორმაციას.
ცნობისთვის, უკვე პირველი კვარტალიც გავიარეთ და მეორე კვარტალიც. მესამე კვარტალში გადავაბიჯეთ უკვე და ფაიზერი კი არა, მასიური ვაქცინაცია ჯერ ისევ არ დაგვიწყია (მართალია, ორშაბათს, 5 ივლისს, თითქოს დავიწყეთ მასიური ვაქცინაცია, თუმცა, დღიურად ისევ 3-4 ათასამდე ადამიანი ავცერით, ოფიციალური მონაცემით) და ფაიზერი კი არა, ასტრაზენეკა, რომელზედაც, ლამის ავაგეთ ვაქცინაციის მთელი გეგმა, ვერ შევინახეთ წესიერად!
ჯერ თქვეს ასტრაზენეკას ვაქცინები დამთავრდაო და დაავადებათა კონტროლის ცენტრში აუდიტის სამსახური შევაო, მერე ვაქცინების ქურდობა რომ დააბრალეს რესპუბლიკურ საავადმყოფოს ადამიანებმა, ვერ გეტყვით ვისი მინიშნებების საფუძველზე, ისევ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს ათქმევინეს, მაცივარს რაღაცა მოუვიდაო და ვაქცინები კი არ გაფუჭებულა, მაგრამ მოხმარებიდან ამოვიღეთო – თითქოს, ვაქცინების ან შენახვაზე იყოს რომელიმე საავადმყოფო პასუხისმგებელი, ან შემოწმებაზე და ან განაწილებაზე.
„Pfizer-ის ვაქცინის შემთხვევაში ვაქცინა განაწილდება სამი საწყობიდან (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) ყოველკვირეულად და მიეწოდება რაიონულ ცენტრებში შერჩეულ ერთ (გამონაკლის შემთხვევებში მაქსიმუმ ორ) ჰოსპიტალურ დაწესებულებას. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება (ა) ვაქცინის შეფუთვის სპეციფიკას ანუ ყუთში არის 5-დოზიანი 195 ფლაკონი ანუ სულ 975 დოზა, რომლის (ბ) -800C-დან გალღობის შემდეგ მისი გამოყენება მაქსიმუმ 5 დღის მანძილზე შეიძლება. ამ 5 დღიდან ერთი დღე ამცრელ წერტილებამდე ვაქცინის დისტრიბუციას დაჭირდება, რაც აცრების ჩასატარებლად მხოლოდ 4 დღეს ტოვებს. ამიტომ ამცრელი წერტილები მომარაგდება ყოველკვირეულად და ცალკეულ წერტილს მიეწოდება 975 დოზის ჯერადი მოცულობები (ან გადაიფუთება უფრო მცირე დოზებად), რაც დაწესებულების წინაშე აყენებს ამოცანას რომ დღეში მიღებული დოზების შესაბამისი რაოდენობის ადამიანი აცრას. სრული შეფუთვის მიღების შემთხვევაში, დაწესებულებამ მინიმუმ 230-240 ადამიანი უნდა აცრას და ამისთვის საჭირო იქნება ცალკეულ დაწესებულებაში 6-7 ამცრელი ბრიგადის მუშაობა.“ – წერია გეგმაში.
სანდო მარეგულირებელი და საქართველოს მიერ აღებული პასუხისმგებლობა, ცალმხრივი აღიარება და დაზღვევა
სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს მიერ ფარმაცევტული პროდუქტის მიმართ მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზრებზე დაშვებისათვის უსაფრთხოების, ეფექტიანობისა და ხარისხის მოთხოვნებს ცალმხრივად აღიარებს საქართველო და არ ახორციელებს იმავე ან მსგავსი მოთხოვნებისადმი ფარმაცევტული პროდუქტის უსაფრთხოების, ხარისხისა და თერაპიული ეფექტიანობის დადგენის მიზნით, განმეორებით ექსპერტიზას.
სანდო მარეგულირებელი ორგანოები, საქართველოს კანონმდებლობითაა განსაზღვრული და ესენია (ევროპის წამლების სააგენტო და 37 ქვეყნის მარეგულირებელი:
აშშ, ავსტრალია, ავსტრია, ახალი ზელანდია, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ესტონეთი, ესპანეთი, ირლანდია, იტალია, იაპონია, ისლანდია, კანადა, კვიპროსი, კორეა, ლუქსენბურგის საჰერცოგო, ლატვია, ლიტვა, მალტა, ნორვეგია, ნიდერლანდები, პორტუგალია, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, ისრაელი.
მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, ქვეყანაში უნდა შემოგვეტანა მხოლოდ ის ვაქცინა, რომელსაც ექნებოდა მიღებული ჯანმოს, ან ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ქვეყნის მარეგულირებლის რეგისტრაცია, საქართველომ ქვეყანაში შემოიტანა ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“, რომელსაც შემოტანის მომენტისათვის, მხოლოდ ჩინეთის და გაერთიანებული საემირეოების რეგისტრაცია ჰქონდა.
მართალია, საქართელო ცალმხრივად სცნობს სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მიერ დადგენილ ხარისხის ნორმებს და არ აწარმოებს ფარმაცევტული პროდუქციის ექსპერტიზას, თუმცა, აქამდე არსებული წესი ითვალისწინებდა ფარმაცევტული პროდუქტის სარეგისტრაციო დოკუმენტების ადმინისტრაციულ და მეცნიერულ-ტექნიკურ ექსპერტიას. სწორედ ეს წესი შეიცვალა კოვიდვაქცინების შემოტანამდე კანონში, შესაბამისად, ამჯერად, კოვიდვაქცინის დაშვება ბაარზე ერთჯერადი რეგისტრაციის წესით მოხდება. ერთჯერადი რეგისტრაციისთვის და იმპორტირება-განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაცია წინასწარ იქნება წარდგენილი შესაბამის უწყებებში, რაც მინიმუმამდე ამცირებს ფარმაცევტული პროდუქტის დაყოვნებას საბაჟოზე. დასტურის შემდეგ დოკუმენტაცია იტვირთება შემოსავლების სამსახურის პორტალზე, დოკუმენტაციის განხილვა ხდება მყისიერად და ტვირთი ქვეყანაში შემოსვლიდან არაუგვიანეს 24 სთ-ისა განთავსდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცენტრალურ საწყობში.
მწარმოებლების მიერ ასევე არ იქნება გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნები შეფუთვასა და მარკირებაზე. საქართველოს კანონმდებლობით, საჭირო იყო დოკუმენტაციის (ანოტაციის) თარგმნას ქართულ ენაზე. გამომდინარე გადაუდებელი სიტუაციიდან, ანოტაციის ქართულ ენაზე თარგმანის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე საქართველოს მხარე აიღებს.
ვაქცინის მწარმოებლების მოთხოვნით, ვაქცინის გამოყენებით გამოწვეულ ზიანზე პასუხისმგებელი ქვეყანა უნდა იყოს, სწორედ ამიტომ – „პარლამენტმა 2021 წლის 28 იანვარს შეიტანა ცვლილება საქართველოს კანონში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად საქართველოში COVID-19 ვაქცინის გამოყენების შედეგად დამდგარ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია ა) იმპორტიორის მიერ დაშვებული შეცდომით, ბ) სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით და გ) ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლის მიერ, როდესაც მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს მის პასუხისმგებლობას.“
ვაქცინაციის 4 სცენარი და ნახევარი მილიონზე მეტი დოზა, დანაკარგის სახით
ვაქცინაციის გეგმაში განხილულია ვაქცინების შემოტანის 4 სცენარი:
სცენარი 1: ქვეყანაში შემოდის Pfizer ვაქცინის 200,000 დოზა, COVAX პლატფორმიდან AstraZeneca-ს ვაქცინის 1,484,400 დოზა და დამატებით ქვეყანას კიდევ შემოაქვს ვაქცინის დოზების ის რაოდენობა, რაც >18 წლის ასაკის ზემოთ მოსახლეობის 60%-იანი მოცვისთვის არის აუცილებელი; ანუ სულ ქვეყანაში შემოდის 3,979,327 დოზა ვაქცინა.
სცენარი 2: ქვეყანას შემოაქვს Moderna-ს ვაქცინის 200,000 დოზა, COVAX პლატფორმიდან AstraZeneca-ს 1,484,400 დოზა და დამატებით ვაქცინის დოზების ის რაოდენობა რაც მოზრდილი მოსახლეობის 60%-იანი მოცვისთვის არის აუცილებელი (სულ 3,979,327 დოზა ვაქცინა).
სცენარი 3: ქვეყანაში შემოდის ნებისმიერი 2-80 ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის 200,000 დოზა, COVAX პლატფორმიდან AstraZeneca-ს 1,484,400 დოზა და დამატებით სხვა წყაროებიდან კიდევ AstraZeneca-ს ვაქცინა (სულ 3,979,327 დოზა ვაქცინა).
სცენარი 4: ქვეყანაში შემოდის მხოლოდ AstraZeneca-ს ვაქცინა მთლიანად ყველა პრიორიტეტული ჯგუფის და მოსახლეობის დამატებითი ჯგუფების მოსაცავად (სულ 3,979,327 დოზა ვაქცინა)
პირობითად აღებულია მაღალი ფასის მქონე ვაქცინა დამატებითი ფინანსური რესურსების საილუსტრაციოდ, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერი სხვა ფასის მქონე 2-80C ვაქცინა იქნეს შემოტანილი, რომელიც მიიღებს WHO ავტორიზაციას. – ვკითხულობთ გეგმაში.
არც ვადები, არც ფასების ცვლილების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, არაფერი მეტი ამ სცენარებზე არ წერია. როგორც ხედავთ, ფაიზერი და მოდერნა განსაზღვრული ოდენობით, მხოლოდ 200 000 დოზაა გათვლილი.
ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, სულ უნდა აიცრას 2021 წლის ბოლომდე ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 60 პროცენტი და წერია, რომ ამჟამინდელი მონაცემებით, ეს არის მილიონ 691 ათას 214 ადამიანი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაშია შემოტანილი ორდოზიანია – საჭირო იქნება 3 382 428 დოზა ვაქცინა. თუმცა, ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, დათვლილია ვაქცინის დანაკარგებიც და გაწერილია, რომ ქვეყანას დასჭირდება 3 979 327 დოზა ვაქცინა მოსახლეობის 60 პროცენტის, ანუ 1 691 214 ადამიანის ასაცრელად. 3 979 327 – 3 382 428=596 899 – ეს იმას ნიშნავს, რომ დანაკარგი გათვლილია 596 ათას 899 დოზა. ეს საკმაოდ მაღალი ციფრია, განსაკუთრებით იმ პირობების გათვალისწინებით, რომ ლამის დაანონსებული მეოთხე ტალღა კარზე მოგვადგა და დაანონსებული მასობრივი ვაქცინაცია კი ჯერ ფანჯრამდეც ვერ აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ მილიონზე მეტი დოზით ზედმეტი უნდა ვიყიდოთ ბიუჯეტიდან, დანაკარგის გათვალისწინებით, ასტრაზენეკას ვაქცინის მეორე დოზა ვერ გაიკეთეს ადამიანებმა. არ დაგვიკარგია, არ გაფუჭებული და არცა გვაქვს. ეს დოზა აკლდება იმ დათვლილ დანაკარგს, თუ ემატება? დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ემატება, თუმცა, ვაქცინაციის გეგმაში არც ეს საკითხია ჩასწორებული.
ვის ეკუთვნის კომპენსაცია?
„იმის გათვალისწინებით, რომ მწარმოებლებისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი დაზღვევა, რომელიც დაიცავს მწარმოებელს ვაქცინის გამოყენებით გამოწვეული შესაძლო ზიანისთვის პასუხისმგებლობის რისკებისგან, მწარმოებლები აყენებენ მოთხოვნას თითოეულმა ქვეყანამ თავად აიღოს ეს პასუხისმგებლობა და ამით დააზღვიოს მწარმოებელი. ზემოხსენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 28 იანვარს შეიტანა ცვლილება საქართველოს კანონში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად საქართველოში COVID-19 ვაქცინის გამოყენების შედეგად დამდგარ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია ა) იმპორტიორის მიერ დაშვებული შეცდომით, ბ) სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით და გ) ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლის მიერ, როდესაც მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს მის პასუხისმგებლობას.“ – წერია ვაქცინაციის გეგმაში.
მაგალითად, მას შემდეგ, რაც დადგინდება მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი, აუცილებლად უნდა დადგინდეს კომპენსაციის ოდენობა და გადამხდელი პირი.
„ალიას“ არაერთი ადამიანი გვიყვება ისტორიებს, როგორ გაურთულდა ვაქცინაციის შემდეგ მდგომარეობა, პირადად ვიცნობ ადამიანს, რომელსაც ვაქცინაციის მეორე დოზის გაკეთებიდან 1 საათში ინსულტი შეემთხვა და მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო ოჯახს არწმუნებს, რომ მისი მონაცემი შეგროვებული და შენახული აქვს, არაფერს ეუბნება მას და მის ოჯახს კომპენსაციის უფლებაზე.
სამწუხაროდ, საქართველოში გვიყვარს პასუხისმგებლობის ხალხის მხრებზე შემოდება – არაერთ რესპოდენტს ვკითხე, ეკუთვნოდა თუ არა ადამიანს, რომელსაც ვაქცინის გვერდითი ეფექტი გამოუვლინდა, კომპენსაცია და უმეტესობას გაუკვირდა კიდეც კითხვა, რადგან, თვლიან, რაკი ვაქცინა ნებაყოფლობითია, გართულებაზეც ინფორმირებულნი არიან, ამიტომ, მათ არ უნდა ჰქონდეთ კომპენსაციის უფლება! ადამიანები იძულებულნი არიან გაიკეთონ ვაქცინა, ქვეყანა ირჩევს ვაქცინას და შემოაქვს, რატომ უნდა იყოს პასუხისმგებელი მხოლოდ მოქალაქე? მით უფრო, რომ მაგალითად, მეგი ბაქრაძის შემთხვევაში, წინასწარი ოფიციალური მონაცემით, ანაფილაქსიური შოკი განვითარდა და სწორედ ამის გამო გარდაიცვალა. რატომ არ უნდა იყოს პასუხისმგებელი ვინმე მის სიკვდილში?
„ვაქცინების უსაფრთხოების სისტემა მოიცავს ვაქცინებზე ფარმაკოზედამხედვლების წარმოებას, თუმცა COVID19-ის ვაქცინების შექმნაში გამოყენებულია ახალი ტექნოლოგიები და ვაქცინის გადაუდებელი საჭიროებით გამოყენების დაშვება სისტემას უყენებს გარკვეულ გამოწვევებს. უნდა გაძლიერდებს იმუნიზაციის შემდგომ განვითარებულ არასასურველი მიზეზების ზედამხედველობა ხუთივე მიზეზისთვის:
- ვაქცინის პრეპარატთან დაკავშირებული რეაქციები
- ვაქცინის ხარისხის დეფექტთან დაკავშირებული რეაქციები
- იმუნიზაციაში შედგომ, მასთან დაკავშირებული (ე.წ. პროგრამული) რეაქციები.
- იმუნიზაციის განცდასთან დაკავშირებული რეაქციები
- თანამდამთხვეული მოვლენა.“ – ვკითხულობთ ვაქცინაციის გეგმაში.
თითქმის ხუთივე მიზეზი გასაგებია, თუმცა, ვაქცინაციის გეგმიდანვე, დამატებით განვმარტავთ იმუნიზაციის განცდასთან დაკავშირებულ რეაქციებს, რომლის თავიდან ასაცილებლად, კლინიკას შეუძლია შემდეგი ღონისძიებები გაატაროს – იმუნიზაციის განცდასთან დაკავშირებული რეაქციების თავის არიდება – „აცრის პროცესის სწორი მართვის უზრუნველჰყოფა ინექციის მომლოდინეთა შორის სტრესის მინიმიზებით, რაც მიიღწევა ლოდინის დროის შემცირებით, ოთახის კომფორტული ტემპერატურით, რეციპიენტის თვალსაწიერიდან მოფარებულად მომზადებით და პროცედურის დროს კონფიდენციალურობის დაცვით. ასევე საინფორმაციო კამპანიით იმუნიზაციის დაწყებამდე, იმუნიზაციის შესახებ ნათელი და დამაჯერებელი განმარტების გაცემით სერვისის მიმწოდებლისგან და სიმშვიდით. კრიზის კომუნიკაციის გეგმის არსებობით“. მოკლედ, რომ იცოდეთ, თუ თქვენ გაქვთ იმუნიზაციის განცდასთან დაკავშირებული რეაქციები, ეს არ არის სამყაროს დასასრული, ყველას შეიძლება ეს დაემართოს. უბრალოდ, აჩვენეთ ექიმს ზემოთაღწერილი მცირე ინსტრუქცია და სთხოვეთ, გაგებით მოეკიდოს თქვენ მდგომარეობას.
ქვეყანას ჰყავს იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტი, რომელიც 2014 წელს შეიქმნა და შედგებოდა 14 ექსპერტისგან, რომელთა უმრავლესობა ექიმ-პედიატრია. გვპირდებიან, რომ კომისიაში დაამატებენ თერაპევტ-კარდიოლოგს, პულმონოლოგს, ნეფროლოგს, ალერგოლოგს, ოჯახის ექიმს.
ვაქცინაციის გეგმის შემქმნელების აზრით, თეორიული გათვლებით, 7-8 თვეში, მასობრივი ვაქცინაციის პირობებში – 1400 შემთხვევა იქნება გართულების, დღეში 60 შემთხვევა და ამას ხსნიან, ვაქცინის სიახლით და კოვიდაცრების მაღალი ასაკის სამიზნე პოპულაციით.
ვაქიცინის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია სამინისტრო და დაავადების კონტროლის ცენტრი. დაავადებათა კონტროლის ცენტრია პასუხისმგებელი ონლაინ მოქმედი სისტემის ადაპტირებაზე, კოვიდვაქცინების შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების მიზნით.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ უნდა შემუშავებულიყო სახელმძღვანელო, რომელიც იქნებოდა კოვიდვაქცინების უკუჩვენებებზე, გაფრთხილებებზე, გართულებების შემთხვევაში ზედამხედველობაზე. შეიქმნა, თუ არა, ეს სახელმძღვანელო, ჩვენთვის უცნობია.
ვაქცინაციის გეგმის მიხევით, საქართველო, გეგმიური იმუნიზაციისათვის 12 თვეში მილიონამდე აცრა ვიზიტს ატარებს, პანდემიის პირობებში კი, გარდა გეგმიური იმუნიზაციისა, 7-8 თვეში ჩასატარებელი იქნებოდა 3,4 მილიონი აცრა – შესაბამისად, დიდი სამუშაოები უნდა ყოფილყო ჩატარებული ამცრელი ბრიგადების დასამატებლად. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, სულ დაგეგმილი იყო 70 დამატებითი ბრიგადის შექმნა. ახლა, როცა 6 თვე დაგვრჩა წლის ბოლომდე, მოსახლეობის 60 პროცენტის ასაცრელად, რამდენით მეტი ბრიგადა გვეყოლება დასამატებელი – ეს გეგმაში არ წერია.
მარაგების მართვა – ვინ არის პასუხისმგებელი სინამდვილეში, ვაქცინების მარაგის მართვაზე?
მას შემდეგ, რაც ვაქცინა ქვეყანაში შემოვა, ის პირდაპირ მიდის დაავადებათა კონტროლის ცენტრის საწყობში. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უნდა განსაზღვროს კლინიკის რესურსი და იმის მიხედვით მიაწოდოს ვაქცინა, მანვე უნდა გაუწიოს ზედამხედველობა ვაქცინების ხარჯვასაც და შენახვასაც. ნაშთების აღრიცხვა საერთოდაც ელექტრონულად უნდა მოხდეს სერიული ნომრების მიხედვით, რომელიც დატანილი უნდა იყოს მეორად შეფუთვაზე.
მართალია, შესაძლოა, კლინიკებთან და მათ შორის, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთანაც, გარკვეული პრეტენზიები გვქონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ვერ იქნება პასუხისმგებელი, ვერც შენახვაზე, ვერც დანაკლისზე. ასტრაზენეკას შემთხვევაში, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს რომ აიძულეს განცხადების გაკეთება, ეგაც პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობა იყო და ჟურნალისტებს, ექიმებს, საზოგადოებას ვაქცინაციის ეროვნული გეგმა რო წაეკითხა ამას მარტივად მიხვდებოდნენ. სამწუხაროდ, ის, ვინც პასუხისმგებელია ვაქცინების შენახვასა და ნაშთის აღწერაზე, ჩრდილში დარჩა. სამწუხაროდ, პასუხისმგებელი პირების ჩრდილში დარჩენა, იმის საწინდარია, რომ მსგავსი პრობლემა კიდევ მოხდება, რადგან რა დალევს კლინიკებს და მათ დირექტორებს, ვისაც საჭირო დროს, ხელებს გადააბან.
ფასები – რა დაუჯდება ღარიბი ბიუჯეტის მქონე ქვეყანას ვაქცინაციის პროცესი? – ან 48 მილიონი, ან 141 მილიონი, ან 64 მილიონი, ან 158 მილიონი
ფინანსური რესურსი – ვაქცინები და სახარჯი მასალის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი და 08. აპრილის მდგომარეობით, უზრუნველჰყოფილია ნაწილობრივ. თანხა კი გაწერილია ასე – ვაქინების შესყიდვა ან 48 მილიონი დაგვიჯდება, ან 141 მილიონი, უფრო ზუსტად კი – ან 48,456,260 ლარი, ან, 141, 985, 429 ლარი
სახარჯი მასალა, შპრიცები და სხვა, დაგვიჯდება, ან 4 მილიონ 960 ათასი, ან 5 მილიონ, 87 ათასი
სერვისების მიწოდება – ან 8,834,300, ან 9 034 300 ლარი.
ლოჯისტიკა – ფინანსდება სახემწიფო ბიუჯეტიდან და ისიც უზრუნველჰყოფილია, 08. აპრილის მდგომარეობოით, მხოლოდ ნაწილობრი და მისი ღირებულებაა 164,085 ლარი.
ტრენინგები და ზედამხედველობა, მათ დიდ ნაწილს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახორციელებს, დაფინანსება უნდა მოხდეს დონორი ორგანიზაციებისგან, და თანხა შეადგენს 34,900 ლარს.
ვაქცინაციის პროცესზე სუპერვიზია და მონიტორინგი – 53,500 ლარი.
მოთხოვნის შექმნა და კომუნიკაცია – ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და აქაც ჩართულია დონორი ორგანიზაციები, ოღონდ, რა წილით, არ ვიცით და თანხა კი გახლავთ 1,662,800 ლარი. მოთხოვნის შექმნასა და კომუნიკაციისთვის მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი და ტრენინგებისთვის მხოლოდ 34 900 ლარია, კი უნდა იყოს, წესით ყურადსაღები. ხედავთ მილიონნახევარზე მეტი ლარის შედეგს მოთხოვნის შექმნასა და კომუნიკაციის საკითხში?
საინფორმაცია სისტემა, უნდა დააფინანსოს ან სახელმწიფო ბიუჯეტმა, ან დონორმა ორგანიზაციებმა და 08. აპრილის მდგომარეობით, მისთვის თანხები გამოსაყოფია – 167,695 ლარი.
სულ ვაქცინაციის ბიუჯეტი, ან 64 მილიონი ლარია, ან 158 მილიონი, უფრო ზუსტად კი ან, 64,333,622 ლარი ან 158 190 243 ლარი.
და კიდევ ერთი პუნქტი – COVID-19-ის ვაქცინაციის მზადყოფნის მხარდაჭერა, (როგორ მაგონებს ეს მამუკა მდინარაძის მეუღლის თანამდებობას – საქმისმწარმოებლის მხარდამჭერი სამსახურის უფროსი) – და მისი დამფინანსებელია აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი და ჯანმო.
ამ თანხაში არ შედის მთავარი – მასიური ვაქცინაციის ცენტრების შექმნის და ოპერირების ღირებულება, რაში მჭირდება კომუნიკაცია, თუ ვაქცინაციის ცენტრები არ მექნება? არ არის თანხაში გათვალისწინებული იმუნიზაციის მართვის სპეციალური ინტერსექტორული ჯგუფის შექმნა და ოპერირების ხარჯები და გვეუბნებიან, რომ ეს გათვლები მოგვიანებით მოხდება, როდის მოგვიანებით, ამაზე არაფერი წერია. არ დაამატა ეტყობა თანხა აზიის განვითარების ბანკმა, თორემ, აქამდე, რამდენიმე ცვლილებას როგორ ვერ შეიტანდნენ ვაქცინაციის გეგმაში? რა გითხრათ.
კომპენსაციები იმუნიზაციასთან დაკავშირებული ზიანის შემთხვევაში – დოკუმენტის მიხედვით, ფინანსური საჭიროება არ არის დათვლილი, თუმცა, გაწერილია, რომ კომპენსაციების გაცემა მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოში ჯანმოს და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, 2020 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 56 პროცენტი მზადაა ვაქცინაციაზე, თუ ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი და რეკომენდირებული – შესაბამისად, ყურით მოტანილ ხარჯებს რომ ავერიდოთ და ხელმისაწვდომი გავხადოთ ვაქცინაცია და მეტი ტრენინტი ჩავატაროთ, არ იქნებოდა ურიგო.
რატომ არის ფასებში ამხელა სხვაობა?
იმუნიზაციის გეგმის მიხედვით, ფაიზერის საბაზრო ფასი, განისაზღვრება ან 18,34 დოლარით, ან 19,50 დოლარით, ასტრაზენეკას ფასი კი, ან 3 დოლარით, ან 7,43 დოლარით.
შესაბამისად, დათვლილია მათი მინიმალური და მაქსიმალური ფასი.
მაგრამ…
სინოვაკის ფასი 13,60 დოლარით და 29,75 დოლარით განისაზღვრება, მაგალითად, ჯონსონის 10 დოლარით, სინოფარმის კი – 44 დოლარით.
ხოდა, საინტერესოა, რას აპირებს ხელისუფლება, რომელმაც ასტრაზენეკას შენახვაც ვერ უზრუნველჰყო, + დაბალ ასაკობრივ ჯგუფებს ამ ვაქცინით ვეღარ აცრის და როგორ აპირებს საკმაოდ მაღალფასიანი ჩინური ვაქცინების ყიდვას, 3 დოლარიანი, ან თუნდაც 7,43 დოლარიანი ასტრაზენეკას ნაცვლად? საიდან მოიტანს ქვეყანა ალტერნატიულ თანხებს?
რას ითვალისწინებს ტრენინგები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო?
აცრის ჩატარების წესები, სადაც საუბარი იქნება ასევე ვაქცინის მახასიათებლებზე, უკუჩვენებებზე, შენახვის პირობებზე, მონაცემების დამუშავებაზე, პრეპარატთან დაკავშირებულ რეაქციებზე, ვაქცინის ხარისხის დეფექტთან დაკავშირებულ რეაქციებზე, იმუნიზაციიას განცდასთან დაკავშირებულ რეაქციეზე, თანადამთხვეული მოვლენების შეტყობინების, რეგისტრაციის და კვლევის წესებზე – უნდა დათმობოდა 4-6 საათი.
ვაქცინის ტრანსპორტირება, დასაწყობება, მარაგების მართვის მოდული, სამედიცინო ნარჩენების მართვა – 2-3 საათი ტრენინის ხანგრძლივობა.
ტრენინგები უნდა ჩატარებულიყო იმის შესახებაც, როგორ უნდა ჩაერთონ ადამიანები სოციალურ მედიაში, როგორ გაავრცელონ გზავნილები, როგორ იურთიერთონ მედიასთან, როგორ გაუმკლავდნენ ვაქცინის მოწინააღმდეგე აქტიურ ჯგუფებს, ვაქცინის მნიშვნელობის შესახებ ადვოკატირებაზე – და მასაც ეთმობა 4-6 საათი
იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენებზე მონიტორინგი – მხოლოდ 2 საათიანი ტრენინგი.
ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, სხვებთან ერთად, სამიზნე აუდიტორას წარმოადგენენ ზეგავლენის მქონე მხარეები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, არასამთვარობო ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორი, კრიტიკულად და უარყოფითად განწყობილი ჯგფები, მასმედია, სოციალური ქსელის გვერდები. ტრენინგების უმეტესობაზე პასუხისმგებელი დაავადებათა კონტროლის ცენტრია.
პასუხისმგებლობა
საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია, (თავმჯდომარე ეკატერინე ტიკარაე), გეგმის შემუშავების, მისი შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს ახორციელებს.
ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმის მომზადების პროცესის უზრუნველყოფა – დაავადების კონტროლის ცენტრი დონორების მხარდაჭერით
ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმის მომზადება – ტექნიკური სამუშაო ჯგუფები.
ვაქცინების შესყიდვა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო.
სახარჯი მასალების შესყიდვა – დაავადებათა კონტროლის ცენტრი
იმუნიზაციის სერვისის შესყიდვა სამედიცინო დაწესებულებებისგან – დაავდებათა კონტროლის ცენტრი.
ტრენინგი და სუპერვიზია ცენტრალურად – დაავადებათა კონტროლის ცენტრი.
ვაქცინების შენახვა, ლოჯისტიკა ცენტრალურად – დაავადებათა კონტროლის ცენტრი.
ვაქცინების შენახვა, ლოგისტიკა რეგიონულ დონეზე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამმართველოები და რეგიონული განყოფილებები
ვაქცინის გვერდითი ეფექტების მონიტორინგი და შეფასება – დაავადებათა კონტროლის ცენტრი.
რა უნდა მოსთხოვოთ ადგილობრივი ხელისუფლებას?
ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავის ტერიტორიაზე ხელი უნდა შეუწყოს COVID-19 ვაქცინაციის განხორციელებას.
რა უნდა მოსთხოვოთ ადგილობრივ ხელისუფლებას?
დამატებითი ასაცრელი სივრცეების გამოყოფას მასიური ვაქცინაციის ცენტრების შესაქმნელად (სადაც ეს საჭირო იქნება);
შერჩეული ამცრელი ერთეულების ხარისხიანი ინტერნეტკავშირით უზრუნველყოფა;
მოხალისეების მობილიზებას ამცრელი ბრიგადებისთვის (სადაც ეს საჭირო იქნება);
ასაცრელი კონტინგენტის მობილიზაციის მიმართულებით:
მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის აცრის მისაღებად ტრანსპორტირების უზრუნველყოფას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით;
გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირთათვის ვაქცინაციის მომსახურების მიღების მხარდაჭერას ამ პირების სიების წინასწარი ფორმირებით;
მოხალისეების მობილიზებას მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის;
კომუნიკაციის ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებას მოსახლეობის მობილიზაციის მიზნით.
როგორ ლიკვიდირდება ვაქცინების ნარჩენები? და რას უხდიან კლინიკებს თითო დოზის გაკეთებისთვის?
სამედიცინო ნარჩენების მართვა საქართველოს კანონმდებლობითაა განსაზღვრული, მაგრამ იმისათვის, რომ გავიგოთ, კონკრეტულად, რა პროტოკოლით ხდება ამა თუ იმ ვაქცინის ნარჩენების განადგურება, უნდა იყოს დადგენილი ნარჩენების რომელ კატეგორიას მიეკუთვნება იგი. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, „ცივი ჯაჭვის სისტემის თითოეულ დონეზე განისაზღვრება ნარჩენების უტილიზაციის დამატებითი საჭიროებები, რომლებიც დამოკიდებული იქნება ვაქცინის სპეციფიკაზე და დამატებითი დახმარე და სახარჯი მასალების საჭიროებებზე.“ კონკრეტულად როდის განისაზღვრება და რა უშლის ხელს, რომ უკვე იყოს განსაზღვრული, უცნობია.
დაწესებულებებისგან სერვისის (აცრის გაკეთება) შემსყიდველია დაავადების კონტროლის ცენტრი. სერვისის მიწოდება – ჰოსპიტალები და კლინიკები 2,50 – ერთი დოზის გაკეთება და 5 ლარი, ორი დოზის გაკეთება. მობილური ბრიგადები – 6,70 ლარი – ერთი დოზა ვაქცინის გაკეთება, ორივე დოზის გაკეთება – 13,40 ლარი „და ამ ფასში გათვალისწინებულია როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ხარჯები, ნარჩენების მართვის ფასი, მობილური ბრიგადებისთვის დამატებით შევიდა ანტიშოკური პაკეტის ფასი, ტრანსპორტირების ხარჯი.“ – ვკითხულობთ ვაქცინაციის გეგმაში და იმედს ვიტოვებთ, რომ კლინიკების შემთხვევაშიც გათვალისიწინებულია ანტიშოკური პაკეტების ფასი. ორი აცრა ვიზიტის ჯამური თანხის 30 პროცენტი დაწესებულებებს აუნაზღაურდებათ პირველი აცრის ვიზიტის შემდეგ, დანარჩენი 70 პროცენტი კი, მეორე ვიზიტის შემდეგ.
რამდენად შესაძლებელია 1,50 ლარად ხელფასების გადახდა, მედიკამენტის მომზადება გართულების შემთხვევისთვის და ნარჩენების უტილიზირებაც – ალბათ, დათვლილი აქვს ვინმეს ზემოთ… ისე ნუ გაგვიხდით საქმეს, ეგ ნარჩენები გაგვიხდეს მერე თავშისამტვრევი.
რეგისტრაციის პორტალი – ანუ, ბოდიში, ბოდიში, ბოდიში და მადლობა და უკაცრავად, დაგვჰაკეს
ელექტრონული სისტემების ადაპტირებაზე კორონავირუსის ვაქცინაციის სპეციფიკურ მოთხოვნებთან, პასუხისმეგებლია დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სამინისტრი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრია პასუხისმგებელი მარაგების მართვის ონლაინ ელექტრონული მოდულის ადაპტირებაზეც.
როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ მასიური ვაქცინაცია ჯერ კიდევ არ დაწყებულა, რეგისტრაციის საიტმა ოთხჯერ „გაჭედა“, პირველად ბოდიში გვითხრეს, მეორედაც ბოდიში გვითხრეს, მესამედ გვითხრეს, ბოდიში და მადლობა, მეოთხედ გვითხრეს, მასიური კიბერშეტევის მსხვერპლნი ვართო. სულ ჩვენ როგორც ვართ მსხვერპლნი და საცოდავნი? ყველა ჰაკერი ჩვენზე უკეთესი როგორაა? რა სიმბოლურია, მასიური ვაქცინაციის დაწყება მასიურმა კიბერშეტევამ შეაჩერა. ახლა ისიც გაურკვეველია, ვის დაბრალდება კიბერშეტევა, ჩინური ვაქცინის ჩაგდებას, რუსეთს ვერ დააბრალებ, ამერიკას საერთოდ ვერაფერს ვერ დააბრალებ…
საინტერესოა, რა თანხა დაჯდა რეგისტრაციის საიტის გამართვა? ადეკვატური თანხაა გადახდილი, რათა გამართულად მუშაობის პრეტენზია გვქონდეს? – სამწუხაროდ, ესეც უცნობია, ისევე როგორც არავინ ამბობს, რა თანხით დააფინანსა აზიის ეროვნულმა ბანკმა ვაქცინაციის გეგმის შექმნა. ჩვენ რომ ჩვენი ბიუჯეტიდან 2 კაპიკიანი დახმარება ვითხოვეთ პანდემიის დროს – პანდემიაა ყველას უჭირს, როგორ არ გრცხვენიათო და ვაქცინაციის გეგმის დაწერა საკუთარი ქვეყნისთვის, აზიიის განვითარების ფონდს როგორ დააფინანსებინეთ, არ შეგრცხვათ?
კომენტარები