სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ სისხლიანი ანგარიშსწორების მსხვერპლი, ირაკლი წიგნაძე “ტვ პირველთან” განვითარებულ მოვლენებს იხსენებს – მოქალაქე დეტალურად ყვება, თუ როგორ დაესხნენ თავს სამართალდამცველები.
ირაკლი წიგნაძე ამბობს, რომ თავდაპირველად, ავტომობილით ლეონიძის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც სამართალდამცველებით სავსე ორი ავტობუსი გამოჩნდა, რომლებმაც გზის დათმობა სთხოვეს.
“გზა რომ არ დავუთმე შემაგინა და რომ შემაგინა მერე მეც შევაგინე” – იხსენებს წიგნაძე და იქვე დასძენს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა უმოწყალოდ სცემეს.
თავისუფლებიდან ავუხვიე ლეონიძეზე. ორი ავტობუსი ჩამოდიოდა, ერთმა გამიარა და მეორე გვერდულად დამიდგა ცხვირწინ. გასავლელი ჰქონდათ, მაგრამ მეუბნებოდნენ, რომ პოლიცია რომ გეუბნება გაიწიეო. ვუთხარი, ადგილი არის და გაევლოთ. მშვიდად ვიყავი და ვეუბნებოდი, რომ მე არ გავიწეოდი. ამ მომენტში მიხვდნენ, რომ არ გავიწეოდი და იფიქრეს, რომ ჩვენ გავიწევითო. ეს ვერ აპატია თან თავის თავს ამ ბიჭმა და შემაგინა. რომ შემაგინა მერე მეც შევაგინე და შემდეგ ვიდეოში კარგად ჩანს ყველაფერი. გადმოვარდნენ, ჯერ მანქანაში მეჩხუბეს, მერე გარეთ.
არ ვიცი, იდენტიფიცირებულები არიან. ფბ-ზე დაიდო და ჩემმა მეგობრებმა გამომიგზავნეს მათი ფოტოები. საქმე აღიძრა, დამიბარეს, ექსპერტიზაც ჩამიტარეს, შემომითვალეს ბოდიშიო. ამ მხრივ, კარგად მომიდგნენ. ჩვენება მივეცი და საქმე მიმდინარეობს. მე მგონია, რომ ეს საქმე კანონიერად თავის გზას მიჰყვება”, – ამბობს წიგნაძე.
ირაკლი წიგნაძე ძალადობრივი ქმედებების უკან სახელმწიფოს ხედავს და მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს.
“ამ ყველაფერს სახელმწიფო აკეთებს და ამაზე პასუხი უნდა გაეცეთ” – აცხადებს წიგნაძე და იქვე ამატებს, რომ სამართალდამცველები, მხოლოდ და მხოლოდ, დაკისრებულ დავალებას ასრულებდნენ.
მე როგორც ვიცი, ის ადამიანი აღარ მუშაობს უკვე, ასე მეუბნებიან. ჩემთვის ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, ეს ადამიანები დაისჯებიან თუ არა. ადრეც ხდებოდა ასეთი რაღაცები, მაგრამ ახლა არიან ძალიან მიშვებულები. დარწმუნებული ვარ, ნათქვამი აქვთ, რომ ამის უფლება აქვთ. ადრე, რამდენიმე წლის წინ ასეთ რაღაცებს არ აკეთებდნენ.
ეს ადამიანები არიან შემსრულებლები. მათ მიმართ ბრაზი არ მქონია. ამ ყველაფერს სახელმწიფო აკეთებს და ამაზე პასუხი უნდა გაეცეთ. ასეთი საქციელი ნორმალურ ქვეყანაში რომ მოხდეს, გაცილებით დიდი შედეგი მოჰყვება. ამაზე სხვა ადამიანები უნდა იხდიდეს ბოდიშს და სხვა ადამიანები უნდა აგებდნენ პასუხს, მინიმუმ თანამდებობით”, – ამბობს ირაკლი წიგნაძე.
კომენტარები