ცოტნე გამსახურდია: “გამსახურდიების ოჯახი აღარ არსებობს”
ბოლო კვირების მანძილზე, საზოგადოება თვალს ადევნებს ცოტნე გამსახურდიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ჯერ იყო და, დედა – მანანა არჩვაძე-გამსახურდია, სოციალურ ქსელში აზიარებს და ავრცელებს პოსტებს, რომელშიც ცოტნე გამსახურდიას ამჟამინდელი მეუღლე – ანა ჯაბაური თვითმარქვია ცოლად და აგენტადაა მოხსენიებული, რომელსაც კოლხურ კოშკში ყოფნა გაუტკბა, მერე ცოტნეს ყოფილი მეუღლე, სოფიო ჩიკვილაძე ასევე სოციალურ ქსელში, ითხოვს ცოტნესთან იყოს მხოლოდ დედა და ამბობს, რომ აქვს ჩანაწერი, რომლითაც დაამტკიცებს, რომ ანა ჯაბაური გეგმავდა პროვოკაციას, ქალბატონი მანანას წინააღმდეგ. ასევე, სოფიო ჩიკვილაძე საუბრობდა კოლხური კოშკის გასაღებზეც… პარალელურად, ანა ჯაბაურის ადვოკატმაც გააკეთა განცხადებები და ჯერ თქვა, რომ ქალბატონი მანანა ცოტნეს მეუღლეს პალატაში არ უშვებდა, მერე კი – განაცხადა, რომ სწორედ დედამ გაავრცელა ცოტნეს საავამდყოფოში გადაღებული ფოტო ყალბი ფეისბუქ აქაუნთის გამოყენებით, კერძოდ კი, როგორც ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს – მანანა არჩვაძე-გამსახურდია სამჯერ აზიარებს ვინმე ამილახვარის პოსტს, სადაც ცოტნეს ამჟამინდელი, პალატაში გადაღებული ფოტოა.
თავად ანა ჯაბაურს, ბოლო პერიოდში მედიასთან ვრცლად არ უსაუბრია. გთავაზობთ, ინტერვიუს, ანა ჯაბაურთან:
–როგორია ამჟამად ცოტნეს მდგომარეობა, არის, თუ არა უკეთესობა?
-უკეთესობა არის ნამდვილად, მეტი რეაქციებია და კიდურებშიც მეტი ძალა აქვს ახლა.
–ხომ არ არის საუბარი გადაყვანაზე სხვა კლინიკაში, ან სხვა ქვეყანაში?
-ახლა წყდება ზუსტად ეს საკითხი, ამ დღეებში.
–რომელ ქვეყანას ფიქრობთ?
-ჯერ ზუსტად არ ვიცით, არ არის გადაწყვეტილი.
–თქვენ ხართ მეურვე?
-იურიდიული ტერმინით, ამას ჰქვია მხარდამჭერი, მეურვეობას ეძახიან ხალხში, მაგრამ იურიდიულად ჰქვია – მხარდამჭერი.
–და რას გულისმხობს? მაგალითად, შეგიძლიათ თუ არა ერთპიროვნულად გადაწყვიტოთ, რომელ კლინიკაში და რომელ ქვეყანაში გადაიყვანთ ცოტნეს სამკურნალოდ?
-მხარდამჭერი ნიშნავს, მისი ახლობლებიდან, ეს იქნება ოჯახს წევრი, ნათესავი, სპეციალისტი, სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი, თუ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი – სულ ერთია, ადამიანი, რომელსაც სასამართლო ჩათვლის საჭიროდ, რომ დაუნიშნოს. მხარდამჭერობა შეიძლება მოიცავდეს ბევრ პუნქტს, მე შეტანილი მაქვს მხოლოდ ჯანმრთელობის მხარდამჭერობის მუხლი, არავითარი ქონებაზე, თანხებზე, ირიბადაც კი რაც ეხება ფინანსურ საკითხებს, ასეთი პუნქტები შეტანილი არ არის. იქ არის რამდენიმე პუნქტი, რომელიც ეხება, ცოტნეს მკურნალობას, ცოტნეს რეაბილიტაციას, ცოტნეს ჯანმრთელობაზე ზრუნვას, კლინიკასთან, ან ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებასთან კონტაქტს, ასევე საზღვრის გადაკვეთას – ეს ყველაფერი მეხება მე.
–ბოლო დროს საუბარი მიდის კოლხურ კოშკზე, მაგალითად, ცოტნეს დედა აზიარებს პოსტებს, სადაც საუბარია კოლხურ კოშკზე და მის მნიშვნელობაზე, ცოტნეს ყოფილი მეუღლე წერს, რომ ბოლოს და ბოლო, რა გახდა ერთი გასაღები – თქვენ გაბარიათ კოლხური კოშკი ან მისი გასაღები?
-არა, რა თქმა უნდა, არავითარი კოლხური კოშკი, არავითარი გასაღები მე არ მეხება, კოლხური კოშკი ეხება ცოტნეს. კოლხური კოშკის გასაღები მე არ მაქვს, ის აქვს ცოტნეს უბანში იმ მეზობლებს, რომელთაც ცოტნე ენდობოდა და ყოველთვის უტოვებდა, თუ სადმე მივდიოდით.
–ხომ არ უსაუბრია ოდესმე, რას აპირებს კოლხურ კოშკთან დაკავშირებით?
-კი, ცოტნე საუბრობდა ამაზე და ცალსახად ამბობდა, რომ კოლხური კოშკის გადაცემას, მისივე სიცოცხლეშივე აპირებს სახელმწიფოსთვის.
–ამ მომენტში, თქვენს გარდა, ოჯახის რომელ წევრს აქვს ცოტნეს ნახვის უფლებას?
-ცოტნეს დედას. მოდის, თავისი ნახვის საათები აქვს, რამდენიმე საათი აქვს გამოყოფილი. დაახლოებით სამი საათი.
–დღის დანარჩენი მონაკვეთი, თქვენ ხართ ცოტნეს გვერდით, თუ თქვენც ნახვის საათები გაქვთ გამოყოფილი?
-დანარჩენი პერიოდი მე ვარ, მე თავზე ვადგავარ პალატაში.
–გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცოტნე ცუდად რეაგირებს დედის ხმის გაგონებაზე…
-დედამისზე მე კომენტარს არ გავაკეთებ.
–შეგიძლიათ მოგვიყვეთ, როგორ გაიცანით ერთმანეთი?
-ახლა ამის ხასიათიც არ მაქვს ნამდვილად, როცა ცოტნე კარგად იქნება, მაშინ პირობას გაძლევთ, რომ ვისაუბრებ ამ თემაზე თქვენთან. ახლა მხოლოდ ვარ კონცენტრირებული და ორიენტირებული მთლიანად ცოტნეს ჯანმრთელობაზე, სხვა რამეზე ფიქრი არ შემიძლია. თუმცა, გეტყვით, რომ 4 წელია ერთად ვართ და აქედან მესამე წელია ვცხოვრობდი ცოტნესთან ერთად კოლხურ კოშკში.
–მძიმე ხასიათი აქვს?
-არა! ძალიან კეთილია, ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარებოდა, ამ ინციდენტამდე ორი-სამი კვირით ადრე, ვსადილობდით, ვისხედით და მესიჯი მოუვიდა ტელეფონზე – მითხრა, ნახე, რა მესიჯი მომივიდაო, ჩავიხედე და იქ ეწერა, რომ ერთ-ერთ ანგარიშზე, (ორი ანგარიში ჰქონდა ხალხის დასახმარებლად გახსნილი, სადაც თვითონაც ურიცხავდა ფულს და მისი მეგობრებიც რიცხავდნენ ადამიანების დასახმარებლად) მოვიდა მესიჯი, რომ თქვენმა ბრუნვამ შეადგინა მილიონი ლარი, ეს იყო ერთ-ერთ ანგარიშზე მხოლოდ ორი ანგარიშიდან. ეს ანგარიშები ჰქონდა შექმნილი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების დასახმარებლად.
-ცოტნეს ძმები თუ გეხმიანებიან?
-ძმები, რა თქმა უნდა, საქმის კურსში არიან ცოტნეს მდგომარეობის შესახებ და მეც მეხმიანებიან, კი.
–გამოძიებაზე უნდა გკითხოთ, თავდაპირველად, თქვენ მეტ-ნაკლებად კმაყოფილი იყავით გამოძიებით, ახლა რა ხდება?
-კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ სწრაფად მოხდა დამნაშავეების დაკავება, ახლა როგორ მიდის გამოძიება, ეს დეტალები აღარ ვიცი და ამაზე ისაუბრებს ადვოკატი, როგორც კი რამე სიახლე იქნება. რა თქმა უნდა, ჯერ ბევრი რამეა გამოსაკვლევი.
–თქვენ მუშაობთ რამდენიმე ადგილას…
-დიახ და დროებით ყველა სამსახური მაქვს მიტოვებული, ვმუშაობ „ნიუ ჰოსპიტალში“ წამყვანი კარდიოლოგი ვარ, ვმუშაობ, „ევროპის უნივერსიტეტში“ – პროფესორი ვარ და ვმუშაობ სამედიცინო გადაცემის წამყვანად ასევე. დროებით მომიწია ყველა სამსახურზე უარის თქმა, იმედი მაქვს, მალე გამოჯანმრთელდება ცოტნე და დავუბრუნდები ყველაფერს.
-დაახლოებით პროგნოზს ვერ გეუბნებიან, რა დროს შეიძლება დასჭირდეს?
-პროგნოზი არის კეთილსაიმედო, დროს ჯერ ვერ ვიტყვით, რამდენადაც სწორად წარიმართება მკურნალობა და რეაბილიტაცია – მით უფრო მალე გამოჯანმრთელდება – მე ასე მჯერა. ექიმების აზრი, სიმართლე რომ გითხრათ, იყოფა, მაგრამ ცოტნე ახალგაზრდაა და მისი ორგანიზმი რეაბილიტაციას აუცილებლად დაემორჩილება.
–ძალიან ცუდი სანახავი იყო კლინიკაში გადაღებული ფოტო, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა.
-ეს ჩემთვის იყო ნამდვილად აღმაშფოთებელი, იმიტომ რომ ცოტნეს ამაზე ექნებოდა მკვეთრად უარყოფითი რეაქცია. არავითარ შემთხვევაში, ამ ფოტოს გავრცელება არ შეიძლება, აკრძალულია პაციენტის ნებართვის გარეშე ფოტოს გადაღება და გავრცელება და რადგან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ნებართვას ვერ მოგცემს – ამიტომ არ შეიძლება გადაღება. ფოტოს ინტერნეტ სივრცეში გავრცელება კი დანაშაულის ტოლფასია, ეს არის უხეში დარღვევა ადამიანის უფლებების. ამაზე ცოტნეს ექნება აუცილებლად მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება. ამიტომ მივმართე საზოგადოებასაც – ახლა ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მე რატომ უნდა მივმართო ვინმეს, მაგრამ ჩემი თხოვნა იყო, ეს სურათები აეღოთ. ხალხში ძალიან სწრაფად გავრცელდა ეს ფოტო და მე ვიცი, ძალიან ბევრმა ადამიანმა ეს ფოტო გააზიარა იმიტომ, რომ ცოტნეზე გული შესტკივა, მაგრამ ეს საქციელი იყო დანაშაულის ტოლფასი.
–ვინ გაავრცელა ფოტო?
-რამდენადაც ვიცი, ვიდეოებიც ვრცელდება ამის თაობაზე, ვინ გაავრცელა ეს ფოტო და ჩემი თქმა აღარ სჭირდება.
-კი, ვნახეთ ეგ ვიდეო და ქალბატონი მანანას გვერდზეა გავრცელებული ფოტო ამ ვიდეოს მიხედვით. სოციალურ ქსელში საუბრობენ იმაზე, მაგალითად, ცოტნეს ყოფილი მეუღლეც წერს ამის შესახებ, რომ არსებობს ჩანაწერი თქვენს წინააღმდეგ…
-“ჩემს წინააღმდეგ”, ასეთ ფორმულირებას არ მივცემდი, იმიტომ რომ მე არასოდეს ვამბობ იმას, რაზეც პასუხს არ ვაგებ, შესაბამისად, ჩემს წინააღმდეგ ჩანაწერი არ არსებობს, ამის გარანტიას გაძლევთ. თუ რამე ჩანაწერი არსებობს და დამდევს ვიღაცა და მიწერს, ეს არის კრიმინალი, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა – უკანონო თვალთვალია, ხომ? ჩაწერაც და გავრცელებაც იქნება კანონდარღვევა – რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს საკითხი განიხილოს პროკურატურამ, თუ ამის საჭიროება დადგება.
–უფრო რომ დავაზუსტოთ, ამბობენ, რომ არსებობს ჩანაწერი, რომლითაც ჩანს, რომ თქვენ გეგმავდით პროვოკაციას ქალბატონი მანანას წინააღმდეგ.
-ასეთი ჩანაწერი არ არსებობს, იმიტომ, რომ არავის ვაშანტაჟებ და თუ რამეს ვამბობ, ყველაფერი არის სამართლებრივი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა ჩანაწერზეა საუბარი, არც შემიძლია ახლა ამაზე ფიქრი, ფიზიკურად, მხოლოდ ცოტნეს ჯანმრთელობაზე ვარ კონცენტრირებული. სხვა კომენტარს მაგაზე ვერ გავაკეთებ.
–გარედან ისე ჩანს, რომ დაპირსპირებაა თქვენსა და ცოტნეს ოჯახს შორის…
-ცოტნეს ყველა ნათესავთან და ოჯახის წვერთან მაქვს კარგი ურთიერთობა, ყველასთან მქონდა კონტაქტი, გარდა ქალბატონი მანანასი. ცოტნეს არ ჰქონდა დედამისთან კონტაქტი, მინიმუმ ბოლო 9-10 წელი, აკრძალული ჰქონდა მისთვის ახლოს მოსვლაც კი, არანაირი კონტაქტი არ ჰქონია, შესაბამისად, მეც არ ვიცნობ დედამისს და არ მაქვს ურთიერთობა. დანარჩენი ცოტნეს ყველა ახლო მეგობარს და ნათესავს კარგად ვიცნობ. ვინც მასთან კონტაქტში იყო – ყველას ვიცნობ, დედა არ ყოფილა კონტაქტში და არ ვიცი.
-ახლა, როცა გაიცანით?
-სიმართლი გითხრათ, არა, არც ახლა გამიცვნია და არ ვიცი.
-გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექიმებმა მოითხოვეს, რომ ზუსტად თქვენ გაატაროთ ცოტნეს გვერდით დღის უმეტესი ნაწილი.
-დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს თვითონ ექიმებს ჰკითხოთ, ამაზეც არ გავაკეთებ კომენტარს, ამაზეც თავად ექიმებმა ისაუბრონ.
„ალია“ დაუკავშირდა ცოტნე გამსახურდიას პირველ მეუღლეს, სოფიო ჩიკვილაძესაც, რომელმაც ამ ეტაპზე ინტერვიუს მოცემისგან თავი შეიკავა.
ასევე, დავუკავშირდით, ქალბატონ მანანასაც და იმ ექაუნთის ავტორსაც, რომელმაც ცოტნე გამსახურდიას საავადმყოფოში გადაღებული ფოტო გაავრცელა – ეს არის ფეიქბუქმომხმარებელი – ამილახვარი და გახლავთ ასევე ის პირი, რომელსაც არაერთი პოსტი დაუწერია ანა ჯაბაურზე, მათ შორის, საუბრობდა მის აგენტობაზეც – თუმცა, არც ქალბატონ მანანას და არც ამილახვარს, ამ დრომდე პასუხი არ გაუცია.
ცოტნე გამსახურდიამ, მას შემდეგ რაც ძალიან აქტიურობდა სოციალურ ქსელებში, სულ რამდენჯერმე დაწერა დედამისზე საჯაროდ. როგორც მაშინ ამბობდა, მაქსიმალურად თავს არიდებოდა ამ თემაზე წერას. გთავაზობთ 2014 წლის წერილს, სადაც ცოტნე გამსახურდიამ მისსა და დედამისის ურთიერთობაზე წერს:
“21 წლის ასაკიდან მარტო ვცხოვრობ. მივეჩვიე, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა მქონდეს და მარტო ვარ ამქვეყნად, თუმც ძალიან მძიმე იყო ოდესღაც ჩემთვის ამის გაცნობიერება. ჩვენ სულ სხვა სტერეოტიპებსა და შეხედულებებზე ვიზრდებით, წარმოდგენაც კი არ შემეძლო ცხოვრების მშობლების, მეგობრების, ნათესავების თუ საყვარელი ადამიანების გარეშე. როდესაც ეს გავაცნობიერე, თავის მოკვლა მინდოდა…
ადრე ბროდსკის ლექსი მაქვს ნათარგმნი, რომელიც ამ სიტყვებით მთავრდება:
Но пока мне рот не забили глиной,
Раздаваться из него будет лишь благодарность…
ვცდილობდი ყოველთვის, ბოროტება გულში არ ჩამედო და არ მეცხოვრა სიძულვილით, თუნდაც პრაგმატული მოსაზრებით, რადგან ასეთ ყოფას ცხოვრებასაც ვერ დაუძახებ…
შუბი ხალთაში არ იმალებაო და დღეს იძულებული ვარ ამ უსიამოვნო თემაზე პირველად და უკანასკნელად ხმამაღლა ვილაპარაკო, რათა საზოგადოებას ადეკვატური წარმოდგენა ჰქონდეს იმაზე, რაც ჩემს გარშემო ხდება და გამსახურდიების ოჯახის სახელს უკავშირდება.
კაცმა რომ თქვას, ზვიად, უფრო სწორედ კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახი აღარ არსებობს. განსაკუთრებული როლი ამაში სწორედ ჩემს ბიოლოგიურ დედას, მანანა არჩვაძეს ეკუთვნის. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ მან ყველაფერი გააკეთა საკუთარი შეუგნებლობით, უგნურებით, პატივმოყვარეობითა და სიჯიუტით, – ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად – ჩვენი ოჯახის გასანადგურებლად.
პირადად მე ჯერ კიდევ პატიმრობის თითქმის დასაწყისშივე ავუკრძალე მას ჩემი სახელის ხსენება რიგ მიზეზთა გამო. მათ შორის, მან ცოცხალმკვდარი მოშიმშილე შეგნებულად ფსიქიურად დაავადებულად გამომაცხადა, რადგან გავბედე და მას საყვედური ვუთხარი, რითაც საშუალება მისცა სად-ის ჯალათებს ჩემს წინააღმდეგ საშინელი მეთოდები გამოეყენებინათ – აქაოდა, ხომ ამბობდით გიჟიაო და რეალურ ქმედებებზე გადავიდნენ.
ასევე, 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც მოსკოვში იქაური სპეცსამსახურების დაკრულზე ცეკვაზე უარი ვთქვი და იქ აღარ დამედგომებოდა, მას დახმარება ვთხოვე. საპასუხოდ – რამოდენიმე წლის ასაკის შვილიშვილების (ჩემი შვილების) წყევლა-კრულვა მივიღე… ასეთი ეპიზოდი, ვინ მოსთვლის რამდენი იყო…
დაახლოებით 10 წლის ასაკიდან სიცრუის, ბოროტების, სისასტიკის და სიძულვილის გარდა თითქმის არაფერი მინახავს მისგან… მახსოვს, როდესაც საქართველოში ჩამოვედი 21 წლის ასაკში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მან ყველაფერი გააკეთა, რათა ხელი შეეშალა ჩემთვის აქ გასაჩერებლად: ჩემი კონკურენტიაო, აცხადებდა. სწორედ მისი დამსახურებაა ისიც, რომ ჩემი უმცროსი ძმა, გიორგი, შევარდნაძის პოლიციაში, უფრო სწორედ, მღებრიშვილის ომონში აღმოჩნდა. 18 წლის ბიჭი, რომელიც მან სიყვარულის გულისთვის ქუჩაში გააგდო, რითაც ოსტატურად ისარგებლა გარსშემოხვეულმა თარგამაძე-ალავიძის აგენტურამ…
როდესაც ციხიდან გამოვედი და ცოტა ხანში შევეხმიანე საკუთარი ტანსაცმლის და ნივთების წამოსაღებად, მან პოლიციაში დარეკა და ციხიდან ორიოდე კვირის გამოსულ კაცს ამ საკითხზე განმარტებების მიცემა მომიწია… მან ფაქტობრივად გამძარცვა და დავრჩი ერთი ხელი ტანსაცმლის ამარა…
დღეს მანანა არჩვაძე უკვე მერამდენედ სასამართლოში მიჩივის, ყველანაირი ხერხით ცდილობს მამაჩემის დანატოვარი თუ ჩემს მიერ შეძენილი ქონების მითვისებას და ამავე დროს, აქტიურად საუბრობს “ოჯახის სახელით”. გიორგი გამსახურდიას მან უკვე გადააფორმებინა საკუთარ სახელზე მისი წილი “კოლხურ კოშკში”.
მაბრალებს ყოველნაირ სიყალბესა და სიბინძურეს, შეაქვს განცხადებები პოლიციაში, სასამართლოში და ასე შემდეგ. გარდა ამისა, აქვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მის მიერ ოჯახისათვის სახელმწიფოსგან მიღებული სოლიდური თანხებიდან არცერთი თეთრი არ მიმიღია და არც მქონია ამის სურვილი! მკურნალობის ხარჯებსაც საკუთარი სახსრებით ვაფინანსებ, გარდა ინტერფერონის პროგრამისა, სადაც ჯანდაცვის სამინისტრო რეალურად დამეხმარა.
ძალიან გამიგრძელდა და ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ამ ყველაფრის დაწერა… თუმც ეს მხოლოდ მცირე ნაწილია რეალობისა. ვიცი, ვიღაცას ეწყინება, ვიღაცას – პირიქით. ჩემი მიზანი კი ამჟამად მხოლოდ ერთია: ადეკვატური წარმოდგენა ჰქონდეს საზოგადოებას და ამ ადამიანის ქმედებები თუ სიტყვები არ ასოცირდებოდეს ჩვენს ოჯახთან. დიახ, გამსახურდიების ოჯახი აღარ არსებობს! ამაში ალბათ ჩემი წვლილიც არის: სამწუხაროდ, ოციოდე წლის ბიჭს არ მეყო ცოდნა, ძალა და გამოცდილება, თუ საერთოდ შემეძლო პროცესების სხვანაირად წარმართვა…
საბედნიეროდ, დღეს შემიძლია ამ ყველაფერთან გამკლავება, თუმც ეს ყველაფერი არცთუ ადვილი იყო თუნდაც წელიწადნახევრის წინ, როცა კარის გაღების ძალაც კი არ მქონდა…”
თამო კეშელავა
ალია №6
კომენტარები