ირინე გოგოსაშვილი, ალია
დასრულდა ნატო-ს სამიტი და როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, ამ სამიტმა საქართველოს და უკრაინას კიდევ ერთხელ გააწნა სილა! როგორც ცნობილია, სამიტის ოფიციალურ ნაწილში საქართველო არც ერთხელ არ უხსენებიათ და ეს იმ დროს, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაწერა, ქვეყნის საგარეო ვექტორი, რაც არამხოლოდ უგუნურობა, არამედ იურიდიული ნონსენსია და მსგავსი ანალოგი არცერთი ქვეყნის კონსტიტუციაში, არასდროს არ დაფიქსირებულა!
,,ალიას“ დღევანდელი სტუმარია, საერთაშორისო სამართლის დოქტორი, მრავალი პრემიისა და ნაშრომის ავტორი, პროფესორი ასლან აბაშიძე, რომელიც ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების უტოპიურ მოლოდინებზე გვესაუბრება.
– მოგესალმებით, ბატონო ასლან! მოდით, პირდაპირ გკითხავთ, რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კუთხით, მითუმეტეს მაშინ, როცა სამიტზე ჩვენი ქვეყნის საკითხი არათუ არ განხილულა, არამედ სიტყვა საქართველოს ხსენებაც კი არ ყოფილაა?
– მივესალმები „ალიას“ მკითხველს, მოგესალმებით თქვენ და ჩემს საქართველოს! დიდი მადლობა გამოჩენილი ყურადღებისთვის… დავიწყოთ თავიდან, ანუ 1949 წლის 4 აპრილიდან, როცა შეიქმნა ნატო და მისი შექმნის ძირითადი მოტივი იყო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზება, რომელშიც შევიდა 12 ქვეყანა! იმხანად ძირითადად ანგლოსაქსონური ქვეყნები შედიოდნენ მასში -ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი, შემდეგ ბენელუქსი, ნიდერლანდები, ისლანდია, პორტუგალია, იტალია, ნორვეგია, ისლანდია, რომელსაც საერთოდ არ ჰყავდა შეიარაღებული ძალები და რომელსაც სამხედრო კონტიგენტი მხოლოდ სასაზღვრო დაცვის სახით ჰყავდა! მათი ერთად ყოფნის ძირითადი მიზეზი იყო ერთმანეთთან კონსულტაციები იმის შესახებ, რომ მათ საბჭოთა კავშირის გავლენები არ უნდა დაეშვათ თავის ტერიტორიაზე! რაც შეეხება შემდგომ – 1949 წლიდან 1990 წლამდე პერიოდს, ნატო-ს არეალი მხოლოდ 3-ჯერ გაფართოვდა, რა დროსაც გერმანია, საბერძნეთი და თურქეთი მიიღეს თავიანთ ალიანსში, იყო რამდენიმე პატარა ქვეყანაც და ნატო იმ დროისათვის 16 ქვეყანასთან სამხედრო ალიანსით იყო წარმოდგენილი! მესამე გაფართოების დროს კი ევროპის რამდენიმე ქვეყანა გაწევრიანდა ნატოში!
1990-91 წლებში, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, რომლის გავლენებიც აგრერიგად აშფოთებდა ,,ნატოს“, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კიდევ 2-ჯერ გაფართოვდა მისი წევრი ქვეყნების არეალი და ამჟამად 30 ქვეყანას მოიცავს! ისმება ლოგიკური კითხვა – თუ საბჭოეთი აშინებდა ნატო-ს, მაშ რაღატომ ფართოვდებოდა მისი გავლენები? განა დღეს ნებისმიერი, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საბაზრო ეკონომიკაზე არ გადავიდა ბელორუსის გარდაა? განა, დემოკრატიული პროცესები არ მიმდინარეობს ყველა სფეროში, ისევე როგორც ეს ამერიკაში და სხვა ქვეყნებშიაა? კომუნისტური იდეოლოგია ხომ საერთოდ გაქრა? 1990-91 წლებში მოსკოვში – კრემლში რომ შესულიყავით, საკუთარი თვალით იხილავდით უამრავ მრჩეველს ა.შ.შ.-დან, რომლებიც პოლიტიკაში, ეკონომიკაში, განათლებაში და ა.შ. ატრენინგებდნენ, რჩევებს აძლევდნენ მაშინდელ დეპუტატებსა თუ ჩინოვნიკებს და თუ გახსოვთ, ელცინის ჩასვლა ამერიკის კონგრესში, რა განაცხადა მან? – ჩვენ დავამარცხეთ კომუნიზმის იდეოლოგია, გაუმარჯოს ამერიკას და ღმერთმა უშველოს მასო. ვიმეორებ, ნატო 90 წლების შემდეგ სამჯერ გაფართოვდა, მიუხედავად კომუნისტური საბჭოთა წყობილების არარსებობისა, მაგრამ გაფართოვდა იმიტომ, რომ მათი მთავარი სამიზნე ახლა უკვე რუსეთის ფედერაცია გახდა! ახლა გადავიდეთ მეორე ნაწილზე… საქართველომ ნატოს-თან პარტნიორობას ხელი მოაწერა 1994 წლის მარტში! მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ ალექსანდრე ჩიკვაიძე. დააკვირდით ეს რა დროააა? ეს ის დროა როცა საქართველოს კონსტიტუციაც კი არ იყო ბოლომდე გაწერილი და მიღებული, რადგან საქართველოს კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტი 1995 წლის აგვისტოში მიიღო მაშინდელმა პარლამენტმა! თუ იცით ასეთივე ხელშეკრულებას როდის მოეწერა ხელი უკრაინაში? საქართველოზე 1 თვით ადრე, თებერვალში!
დააკვირდით, ნატომ თამაში დაიწყო 2 ქვეყანასთან, ჩვენთან და უკრაინასთან, ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმით, დაარქვეს დაჩქარებული დიალოგი და ეს გაფორმდა 2004 წელს! ხოლო უკრაინაში 2002 წლის ნოემბერში! ამ დროს აზერბაიჯანი, რომელიც ნატოს წევრი თურქეთის მოძმე ქვეყანაა, მხოლოდ 2005 წელს დაითანხმეს პარტნიორობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მასაც ჩვენსავით დაკარგული ტერიტორიების პრობლემა ჰქონდა! 2007 წელს ვლადიმერ პუტინმა მიუნხენის კონფერენციაზე ამბობს შემდეგს – გეყოთ ნატოს გაფართოება, რომლითაც რუსეთის საზღვრებს უერთდებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბერლინის კედელიც დაგანგრევინეთ და კიდევ ბევრ რამეში გაგიწიეთ ანგარიშიო! იცით, რა პასუხი მოჰყვა ნატოს მხრიდან პუტინის ამ გაფრთხილებას?- ,,პუტინმა ჭიქაში ქარიშხალი ამოაგდო, ჩვენ რუსეთთან მიახლოვების მცდელობაც კი არ გვქონია!“
2008 წელს მოხდა ომი და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკა მარტო ტოვებს საქართველოს რუსეთის პირისპირ! აქ ერთ საინტერესო ფაქტს მოვიშველიებ… საფრანგეთმა ნატო-ს სამხედრო ალიანსი 1966 წელს დე გოლის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დატოვა და დაბრუნდა, დააკვირდით როდის? – 2007 წელს და 2008 წელს საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი სარკოზი წინ და უკან ამიტომაც დარბოდა აგვისტოს ომის დროს, ნატოს გული რომ მოეგო!
2018 წელს ვლადიმერ პუტინი კვლავ აფრთხილებს ნატო-ს, მაგრამ ამასთანავე რუსეთის სამხედრო შეიარაღების დემონსტრირებასაც იწყებს დაწყებული ,,პოსეიდონებით“ ს 400 და ა. შ… იმავდროულად ამბობს შემდეგსაც – ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას არამხოლოდ საიდანაც რაკეტებს გამოუშვებთ ჩვენსკენ, არამედ იქაც, სადაც მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებასო! მარტივი ენით კი ეს ნიშნავს იმას, რომ რუმინეთიდან, პოლონეთიდან, ბალტიისპირეთიდან გამოსროლილ რაკეტებსაც გაგინადგურებთ და დავარტყამ, როგორც ამ ქვეყნებს, ისე ამერიკასაცო!
4 თვის წინ, რუსეთმა ნატოს კიდევ ერთი სიურპრიზი გაუკეთა და საქართველოშიც ეცოდინებათ ეს ამბავი… ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში 3 რუსულმა სამხედრო წყალქვეშა ნავმა, გატეხა ყინული, ამოვიდა ზედაპირზე დაენახა ამერიკელებს და ისევ ჩაყვინთა! შოკში იყვნენ ამერიკელები მომხდარისგან და გადაჭრელებული იყო მაშინდელი პრესა ამ ინფორმაციით! რამდენჯერმე გაიმეორა პუტინმა სხვადასხვა შეხვედრებზე – წითელი ხაზები არ გადმოკვეთოთ და მეტიც, ამის შემდეგ ჩვენ დავადგენთ და განვსაზღვრავთ რუსეთისთვის წითელი ხაზი სად გადისო! ეს გაიმეორა ამასწინათ ბაიდენთან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრეც!
– საშინელი ფრაზაა, მუქარაზე რომ აღარაფერი ვთქვათ….
– კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ პუტინს ეკუთვნის ასეთი ფრაზაც – ,,თუ რუსეთი აღარ იქნება, რატომ უნდა იყოს სხვა დანარჩენი ქვეყნები?“ ანუ თუ ნატო ჩვენს გასანადგურებლად და ჩვენს სიხლოვეს ყველგან რაკეტებს დაამაგრებს, გაგვანადგურებს, მაშინ რატომ უნდა არსებობდეს დანარჩენი მსოფლიოო?
– ნუ, ბირთვული შეიარაღების ქვეყანაა და სწორედ ამის დემონსტრირება მოხდა ამჟამინდელ სამიტზეც, სადაც პუტინს 2 ჩემოდნით დაჰყვებოდნენ!
– ე.ი პუტინმა მსოფლიოს იარაღიც აჩვენა, წითელი ხაზები გაუვლო და მკაცრადაც გააფრთხილა – უკრაინას და საქართველოს შეეშვით ჩემი გეოპოლიტიკური, სამხედრო ინტერესია მაგ ქვეყნებში და გაფრთხილდითო! კოლოსალური თანხები იხარჯება შეიარაღების თვალსაზრისით და ამასწინათ სტოკჰოლმის მშვიდობის ინსტიტუტმა, რომელსაც ,,სიპრი“ ჰქვია, გამოაქვეყნა ბიუჯეტი, რომელიც უკვე გახარჯულია… 2020 წელს სამხედრო დანახარჯმა მიაღწია 2 ტრილიონ ამერიკულ დოლარს! აქედან პირველ ადგილზეა ამერიკა! მეორეზე ჩინეთი! მესამეზე რუსეთი! მეოთხეზე დიდი ბრიტანეთი! და მეხუთეზე ინდოეთი! ანუ მსოფლიო სამხედრო წესრიგს ეს 5 ქვეყანა განაგებს და დააკვირდით! ამ 2 ტრილიონიდან ნატო-ს დანახარჯი 1 ტრილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია, რაც მსოფლიო დანახარჯის 51% -ია! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნატო არამხოლოდ აფართოებს თავის გავლენებს, არამედ ზრდის კიდეც თავის ბიუჯეტს და რატომ? ერთის მხრივ იმიტომ, რომ გავლენის სფეროებს იფართოებს და მეორეც იმიტომ, რომ ფულით მოისყიდოს ის ქვეყნები, ვინც მას გამოადგება საკუთარი ინტერესებისათვის! ვიდრე ამერიკის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდებოდა პუტინს, 2 დღით ადრე ნატოს საბჭოს სამიტზე, სადაც 30 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, განიხილეს ერთგვარი სამოქმედო გეგმა -განცხადება, სადაც 79 მუხლია ჩამოწერილი და აქედან უმრავლესობა, ლამისაა სულ რუსეთს უკავშირდება! მარტივი ენით და ლოგიკით კი ეს იმაზე მიანიშნებს, რომ – ნატო თავს იმართლებს, როგორც წევრი ქვეყნების, ისე დანარჩენი მსოფლიოს წინაშე გახარჯული ბიუჯეტისა და რუსეთის ვერ მორევის, აგრეთვე თავისი შერყეული ავტორიტეტისა და უსუსურობის გამო! ამასთანავე, ნატო-მ ყველაფრის რუსეთისთვის დაბრალების მცდელობით, იმავდროულად აღიარა, რომ რუსეთი ყველაზე წონიანი ქვეყანაა გეოპოლიტიკურ მსოფლიოში და თუ რამ ხარვეზები აქვს ნატოს ამ მხრივ, მხოლოდ რუსეთს უნდა ელაპარაკოს, როგორც თანასწორს! ამ შეხვედრაზე გამოიკვეთა კიდევ ერთი ფაქტი, რომ ევროკავშირი არის ფულივით ჯიბეში ჩასმული სუბიექტი, რომელიც ამერიკის გარეშე ვერაფერს წყვეტს და ამერიკისვე მითითებით იმართება!
– ჩინეთიც ბირთვული შეიარაღების ქვეყანაა, მაგრამ მის სამხედრო გაძლიერებაზე ამერიკა განგაშს რატომღაც არ ტეხს….
– ამერიკა განგაშს ტეხს ჩინეთის ეკონომიკის ზრდაზე, რომ ჩინეთი სწორედ საკუთარი წარმოებული პროდუქციით მოედო მსოფლიოს, მაგრამ ავიწყდება, რომ პროცენტულად სწორედ ამერიკაშია ყველაზე მეტი ჩინური მსუბუქი თუ მძიმე მრეწველობის პროდუქცია შესული! – პარადოქსია ხოომ? ამ 79 მუხლიდან, 68-ე საქართველოს ეხება სადაც წერია, რომ ბუქარესტის სამიტზე გადაწყვეტილ იქნა, რომ საქართველო ნატოში აუცილებლად უნდა გაწევრიანდესო, მაგრამ ბუქარესტის სამიტი 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ იყო და 11 წლის შემდეგ, არც ამჯერადაა მითითებული, როდის მიიღებენ ნატოში საქართველოს!!! თუმცა წერენ იმას, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს სამხედრო რეფორმა! ისლანდიას საერთოდ არ ჰყავს ჯარი, მაგრამ ნატო-ს წევრი ქვეყანაა და რა რეფორმებზეა ლაპარაკი თუ საქართველოს მიღება აქვთ ჩაფიქრებულიი? ჩემს ახალგაზრდობაში იყო ასეთი გამოთქმა – ტყუილი, ტყუილი, პაპიროსი პირში! აი, ეს გამოთქმა ზედგამოჭრილია საქართველოსადმი ნატოს დამოკიდებულებაზე, მაგრამ ამ ტყუილში ლამისაა მილიარდები დახარჯა ამერიკამ საქართველოში და ნატო-ში მაინც არ გვიღებს!
რა რეფორმებზე ლაპარაკობენ და რა კონცეფციები აქვთ შემუშავებული, ხომ კარგად ვხედავთ ყველააა? ლგბტ პროპაგანდა თუ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაა სამხედრო რეფორმა? უკრაინასა და საქართველოში ერთნაირი ,,რეფორმებით“ რომ მოქმედებენ, ამას ხომ კარგად ხედავს საზოგადოება? მხოლოდ უკრაინასა და საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანეს ცვლილება სადაც სიტყვასიტყვით წერია – „კონსტიტუციურმა ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ხელშეკრულებაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად!“ დააკვირდით სიტყვას ,,ყველა ზომა“-ს და რა კონსულტაციები მიიღო საქართველომ ამის უზრუნველსაყოფად? მე, როგორც საერთაშორისო სამართლის პროფესორი და იურისტი, ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ასეთი ჩანაწერი კონსტიტუციაში არის სრული აბსურდი და მეტიც – დებილობის დიაგნოზი!
ნიკოლა სარკოზი ამბობდა, რომ „ნატო“ უკვე მოკვდა! დონალდ ტრამპმა თქვა, რომ „ნატო“ არის ამერიკის ზურგზე წამოკიდებული უსარგებლო ტვირთი და ეს ჩვენი ქართველები, ამ სიტყვების შემდეგ კონსტიტუციაში წერენ „ნატოში სრული ინტეგრაციის შესახებ“? საქართველოს მხრიდან კონსტიტუციისადმი ამგვარი დამოკიდებულებით, მივდივართ შემდეგ დასკვნამდე, რომ – საქართველო ამერიკის დარად მტრად განიხილავს რუსეთს, არის რუსეთთან ბრძოლის წინა ხაზზე და იომებს მის წინააღმდეგ! რომელი ნორმალური ქვეყანა გააკეთებდა და გააკეთებს ამას, გეკითხებით მე თქვენ და ჰკითხეთ საქართველოს ხელისუფლებასაც, თუ ამის საშუალებას მოგცემენ! ასე ბრუნდება ტერიტორიები და ასე მყარდება სტაბილურობა ქვეყანაში, ასეთი ჩანაწერებით?
– კარგით, რააა? რომელ ომზეა ლაპარაკი, რუსეთისაა ყველა დიდი ბიზნესი საქართველოში – მიწაზე, მიწის ქვეშ და ჰაერშიც კი! ტერიტორიებზე აღარაფერს ვამბობ და არც იმაზე, სადაც იგივე რუსეთს დიდი მონდომება სრულებით არ დასჭირდება ცეცხლის დასანთებად…
– გაგახარებთ ღმერთი, სწორედ იმ თემას მიადექით რაზეც ახლა მინდოდა მეთქვა… ნახეთ, როგორ დაიბრუნა აზერბაიჯანმა დაკარგული ტერიტორიები გონიერი პოლიტიკის წარმოებით? საქართველოზე გვიან მოაწერა ხელი ალიევმა ნატოსთან პარტნიორობაზე და რუსეთთან სწორი დიალოგით, ნატოს წევრ თურქეთის დახმარებით, დღეს დაბრუნებული ტერიტორიებით იწონებს თავს! ერდოღანი პუტინს უნდა უმადლოდეს, დღეს ისევ ხელისუფლებაში რომაა, იმიტომ რომ სწორედ ნატოს ბაზიდან აფრინდა ის ვერტმფრენი, რომლის მგზავრებიც ერდოღანის მოშორებას შეეცადნენ სამხედრო გადატრიალების მცდელობით! პუტინმა დაურეკა მძინარე ერდოღანს – გაიღვიძე, შენთვის აფრინდა ის ვერტმფრენი და იმოქმედეო! ამ და სხვა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებითაა ისიც, რომ თურქეთი და რუსეთი დღეს ერთობლივად ბევრ საკითხებს წყვეტენ, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა დიდი ხანია!
ელაპარაკება რუსეთს საქართველო? -არა! უნდა, რომ დაელაპარაკოს? – არა! ჰოდა, ვკითხულობ – რატომ, ყველა პრობლემა მოგვარებული აქვს ქვეყნის შიგნით და დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები? – არა, ხომ?
– ბატონო ასლან! ჩემგან არ გესწავლებათ, რომ რუსეთის ხელისუფლება და მისი სატელიტი მედია, პერიოდულობით გაგვახსენებენ ხოლმე, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს აღიარებას რუსეთი უკან არასდროს წაიღებსო, არადა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება საქართველოსთვის ნომერ პირველი თემა და სატკივარია! რაზე უნდა ელაპარაკონ რუსეთს, ანდა ვინ უნდა დაჯდეს საქართველოს მხრიდან მაგიდასთან იმ რუს დიპლომატებთან, რომლებიც მსოფლიოს თავის ჭკუაზე ატრიალებენ?
– ქალბატონო ირინა, თქვენ ხშირად წერთ აფხაზეთის პრობლემებზე, ხომ ასეააა? რატომაა იქ პრობლემები, თუკი რუსეთი როგორც ფინანსურად, ისე სამხედრო თვალსაზრისითაც ეხმარებაა? დამისახელეთ თუნდაც ერთი ობიექტი, რომელიც რუსეთმა ააშენა იქ? -ვერ დამისახელებთ იმიტომ, რომ არცერთი ინვესტიცია არ განუხორციელებია! არც სამაჩაბლოში დებს ინვესტიციას და როგორც იტყვიან მიშვებული ჰყავთ ოსებიც და აფხაზებიც თავიანთ ნებაზე! რასაც ვერ ვიტყვი ყირიმზე, რომელიც ამ წუთშიც გადატენილია ტურისტებით, მოეწყო ინფრასტრუქტურა, გამალებული ტემპით მიმდინარეობს მშენებლობები როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში! ამასობაში კი იგივე აფხაზეთშიც ხომ შეუძლია მსგავსი განახორციელოს? საქმე იქეთ მიდის, რომ რუსეთისგან აღიარებული, მაგრამ მაინც ბედის ამარა მიტოვებულ აფხაზეთში, სულ მალე დომინანტი ერი არა აფხაზი, არამედ სხვა ეროვნება გახდება და ისე არ მოხდეს, ქართველებს სხვა ერებთან მოლაპარაკება არ მოუწიოთ, გამიგეთ? ვიმეორებ – დიალოგის დაწყება არათუ საჭირო, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელია თუ საქართველო რამედ უღირს დღევანდელ ხელისუფლებას! გარდა აფხაზეთისა, საქართველოში კიდევაა რეგიონები, სადაც რამდენიმე წლის შემდეგ დომინანტი ერი შეიძლება სხვები გახდნენ და მერე მოლაპარაკებასაც ეკარგება აზრი და თვითონ საქართველოს სახელმწიფოებრიობასაც! ებრაული ანდაზაა თუ წყევლა – შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო, ასეა დღეს საქმე, ჰოდა თუ მოლაპარაკების მაგიდას დროულად არ მიუსხდებიან ქართველები და რუსები, ხვალ შეიძლება ძალიან გვიან იყოს! ნატოს გასული კვირის სამიტმა დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება – რუსეთი თავის სიახლოვეს ნატო-ს რაკეტების მონტაჟს არ დაუშვებს და ამერიკას საქართველო და უკრაინა სწორედ ამისთვის სჭირდება, სხვა არაფრისთვის!!! ამ დღეებში ესპანეთში ვარ მიწვეული მსოფლიო მედიის კონფერენციაზე, რომელიც ნატოს სამიტის საკითხების განხილვას ეძღვნება და სადაც სიტყვით გამოვალ! მე საქართველოს პატრიოტი ვარ! მიყვარს ჩემი აჭარა, ჩემი ქედა და ღელე ღურდანი, მინდა, რომ საქართველო, როგორც აჭარლები ვამბობთ ხოლმე, მოეშვას უტოპიურ ბლაყუნს და იმ საქმის კეთებით დაკავდეს, რომელიც მას ქვეყანას გაუერთიანებს, ეკონომიკურად მოაძლიერებს, განათლების დონით წინ წასწევს და მშიერი ქვეყნების ათეულიდან, მდიდარი ქვეყნების ხუთეულში გადაანაცვლებინებს!
კომენტარები