აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი:
„მოდით, ცალსახად ვთქვათ: ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატოს არ განუთავსებია ძალები მოლდოვაში თავისი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. სხვა მრავალ ქმედებასთან ერთად, ეს ყველაფერი რუსეთმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩაიდინა.
გასული ოცი წლის განმავლობაში რუსეთი შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში, ჩაერია სხვა ქვეყნების არჩევნებში, გამოიყენა ქიმიური იარაღი მთავრობის ოპონენტების განადგურების მცდელობისთვის, თანაც, უცხო ქვეყნის მიწაზე, დაარღვია შეიარაღების კონტროლის საერთაშორისო ხელშეკრულებები, უკან დაიხია დიდი ხნის წინ შეთანხმებული ნდობის აღდგენისა და გამჭვირვალობის ზომების მიღებაზე. შესაბამისად, მომდევნო დღეებსა და კვირებში ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ამ და სხვა საკითხს აუცილებლად დავაყენებთ დღის წესრიგში რუსეთთან.
მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, უკვე ათწლეულზე მეტია, რუსეთი აგრესიულ ქმედებებს განმეორებით ჩადის: საქართველოში, მოლდოვაში და 2014 წელს უკრაინაში. ახლა კი ამ უკანასკნელის გამეორების საშიშროება დგას. ამავდროულად, ეს საკითხი უფრო დიდია ვიდრე თავად უკრაინა.
საუბარია საერთაშორისო ურთიერთობების საბაზისო პრინციპებზე, რომელიც მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია. ეს არის პრინციპი, რომ ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, ძალის გამოყენებით უბრალოდ შეცვალოს სხვა ქვეყნის საზღვრები, პრინციპი, რომ ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია უბრძანოს მეორეს თავისი არჩევანი ან ვისთან იქონიოს კავშირი, პრინციპი, რომ არ შეიძლება ქვეყნებმა თავისი მეზობლების დასამორჩილებლად გავლენის სფეროები გამოიყენონ. ეს წარსულის გადმონაშთი უნდა იყოს. ეს ყველაფერი დევს ახლა სასწორზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას დავუჭიროთ მხარი, არამედ ამ საბაზისო პრინციპებსაც.”
ენტონი ბლინკელის განცხადებას ამერიკის საელჩო აქვეყნებს.
კომენტარები