„ალიას“ ესაუბრება ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი, ბარენც-ევროარქტიკული საბჭოს „ახალი ტექნოლოგიების და ჯანდაცვის სისტემის მოწყობა მცირედ დასახლებულ ტერიტორიებზე“ პროგრამის კოორდინატორი. შეგახსენებთ, ბატონი ზაზა ესწრებოდა, საკოორდინაციო საბჭოს იმ სხდომებს, სადაც მიწვეულნი იყვნენ ექიმები.
– ეს რეგულაციები, რაც ახლა დაწესდა, ისაა, რაზეც იმსჯელეთ? რა რჩევები მიეცით მთავრობას?
– მთავრობამ წარმოადგინა ხევდა, ყველამ, ვინც ესწრებოდა, გამოხატა თავისი შეხედულება. ყველამ აღნიშნა, რომ ეს რეგულაციები ცოტა უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო და დაგვიანებით შემოდის. მე ვთქვი, რომ ცოტა უფრო მკაცრი რეგულაციებიც უნდა შემოღებულიყო. გადაადგილება შეიზღუდა, მაგრამ მთავარია, დიდი ოდნებით ადამიანების შეკრება, საქართველოში 20-30, 50 ადამიანი იკრიბება ერთად, ვიცით ყველამ. ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ თავყრილობების აკრძალვაც მომხდარიყო, რაზეც მიპასუხეს, რომ საქართველოში ამის გაკეთება ძნელი იქნება და ვერ გავაკეთებთო. ევროპაში, ყველანაირად ცდილობენ, რომ თავყრილობა ნაკლები იყოს. ცდილობენ, რომ სხვადასხვა ოჯახები არ შეიკრიბნონ ერთად. გავრცელება როგორ არის, ვირუსი ერთმა რომ შეიტანოს ოჯახში, მერე მთელი ოჯახი ინფიცირდება. იყო, აგრეთვე, საუბარი შეზღუდვების ხაგრძლივობაზე, ჩემი რეკომენდაცია იყო, მაქსიმუმ 2 თვე, რადგან, როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, მოსახლეობა იღლება ასეთი შეზღუდვების დროს და უკმაყოფილება იზრდება. საბოლოოდ კი გამოდის ისე, რომ შეზღუდვა გაქვს, მაგრამ იმის გამო, რომ მოსახლეობა დაღლილია, არ იცავს ამ შეზღუდვებს. ამიტომ, ქვეყნები ცდილობენ შეზღუდვების მერე გარკვეული პერიოდი მოხსნან შეზღუდვები, ხალხმა ამოისუნთქოს და მერე ისევ შეზღუდონ.
– არ გქონდათ რეკომენდაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობა გაზრდილიყო, და არ აკრძალულიყო?
– ორი დღის წინ, ტელევიზორში ვნახე კადრები, რომელიც არის ქუთაისის საავადმყოფოსთან გადაღებული და ვინც კი დგას ეზოში, არავის უკეთია პირბადე, მითუმეტეს, დგახარ საავდმყოფოსთან, სადაც წვანან ინფიცირებულები. ასეთი რამოდენიმე რეპორტაჟი ვნახე. როცა ასეთ მინიმალურ რაღაცას ვერ იცავ, ალბათ, ამ ფონზე იფიქრეს, რომ საერთოდ გავაჩეროთ, მოდი ტრანსპორტი, რადგან ვერ აკონტროლებენ. საუბარი გვქონდა მესიჯებზეც, როგორი მესიჯი მივაწოდოთ მოსახლეობას. მე ვთქვი, რომ როცა, რაღაცა მესიჯს უშვებს მთავრობა, უნდა იყოს დარწმუნებული, რომ რასაც აჟღერებს, ამის გაკეთების საშუალება აქვს, რასაც აკრძალავს, იმის გაკონტროლება თუ ვერ მოახერხა, მოსახლეობას მერე უჩნდება ეჭვები. შესაძლებელი იყო დაემატებინათ ტრანსპორტის რაოდენობა და ყველასთვის მოეთხოვათ პირბადის და დისტანციის დაცვა, მაგრამ ალბათ, იმის გამო, რომ ამას ვერ აკონტროლებენ, გადაწყვიტეს, გაეჩერებინათ. კარგად უნდა ახსნა ყველა დეტალს და ესეც იყო ჩემი რეკომენდაცია, რაც უფრო ხშირად ისაუბრებენ იმაზე, რის გამო იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს, კარგი იქნება, მაგალითად, იქ ისაუბრეს გათვლებზეც, სანამ შეზღუდვებს დააწესებდნენ და მე ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, მოსახლეობა გასცნობოდა ამ გათვლებს, მოსახლეობას უნდა უთხრა, აი, თუ შეზღუდვებს დავაწესებ, ქვეყენაში შემთხვევების რაოდენობა ამდენით დაიკლებს და თუ არ დავაწესებ – ამდენით მოიმატებს. მე უნდა ვიცოდე, რის გამო აწესებ შეზღუდვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება გაურკვევლობა და პანდემიის დროს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა გაურკვევლობა, უნდა ვიცოდე, რათა მივხვდე, ვენდო, თუ არ ვენდო… ნდობა უნდა იყოს ხალხსა და ხელისუფლებას შორის. თუმცა, ამ ციფრების გამოტანა მაინც არ მოხდა სრულად.
– კი, როგორ შემცირდება, შეზღუდვების შემთხვევაში თქვეს (ახალი შემთხვევები მინიმუმ 2-ჯერ შემცირდებაო), მაგრამ როგორ მოიმატებს, თუ შეზღუდვებს არ დავიცავთ, არ უთქმათ.
– არის რამოდენიმე ვერსია და მოსახლეობას უნდა ესაუბრო ყველა ვერსიაზე. მაგალითად, უნდა უთხრა, რომ გვაქვს გათვლები და ამ გათვლების შესაბამისად, თუ შეზღუდვებს არ დავაწესებთ, 2 კვირაში გვექნება ამდენი ახალი შემთხვევა….
– ალბათ, იფიქრეს, რომ ამ შეთხვევაში, ჟურნალისტები დავსვამდით კითხვას, ეს გათვლები რამდენი ხანია რაც მაგიდაზე გიდევთ, ბატონო ამირან? არჩევნები რატომ ჩაატარეთ, ეს თუ იცოდით, ბატონო ამირან? და ა.შ.
– ამ პანდემიის დროს, ყველა უნდა გავერთიანდეთ, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, რადგან არარსებული, უსუსტესი ჯანდაცვის სისტემით და ძალიან მწირი რესურსებით, ამ პანდემიიდან საქართველო უნდა გამოძვრეს. ვთქვათ, რომ ახლა სახელმწიფოს უჭირს და ეს 2-3 თვე ამ სახელმწიფოს, რომელზეც ბოლო 30 წელია არ გვიზრუნია, სჭირდება დახმარება. ხალხი უკვე დაღლილია, მერვე თვეა ამ დღეშია და არ იცის, რა იქნება ხვალ, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რაღაცა მაინც მითხრა, რომ ვიცოდე, შენ სიტუაციას აკონტროლებ, თუ ვერ აკონტროლებ. როდესაც მე არ მესმის შენგან არაფერი, მე ვფიქრობ, რომ იქნება, შენ ვერ აკონტროლებ სიტუაციას და ამიტომაც ვერაფერს მეუბნები. თქვი ეს ციფრები. ოღონდ თქვი, არა იმ ფორმით, რომ აი, ყველანი დავიხოცებით… ამაზეც იყო საუბარი, ექიმები რომ გამოდიან და ხატავენ სიტუაციას შავ ფერებში – ხვალინდელი დღე ექიმებზეა დამოკიდებული, მე ისედაც ცუდ მდგომარეობაში ვარ და ექიმისგან იმედს ველოდები და არა შავად დახატულს…
– მეტსაც გეტყვით, წამოგვაძახა პაატა იმნაძემ ახლა, ხომ გეუბნებოდით, კუბოებს ვერ დაითვლით და აბა, ახლა ითვლითო?
– არ შეიძლება ასე. კი, არის მძიმე სიტუაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დამთრგუნო. პირიქით, სიმართლე მითხარი, ამიხსენი. იმისათვის, რომ გენდო, უნდა მომაწოდო ინფორმაცია…
– დიახ. „ალია“ მტერი ვეგონეთ, როცა ვაფრთხილებდით, რომ არ შეიძლება პრემიერმა და მინისტრებმა პირბადის გარეშე იარონ ხალხში, არ შეიძლება, დისტანცია არ დაიცვან თბილისობის დღესასწაულზე, არ შეიძლება ზოგი პარკი ჩაკეტონ და ზოგში მილიონობით ადამიანი შეუშვან, არ შეიძლება, ხალხს აუკრძალონ მძღოლის გვერდით ჯდომა და ჯანდაცვის მინისტრი ამაყად ჯდებოდეს მძღოლის გვერდით, ეს ხალხს ნდობას უქრობს!
– კი, გეთანხმებით. ერთ-ერთ სხდომაზე ექიმების გარკვეულმა ნაწილმა დაიწყო კრიტიკა ბატონი თენგიზ ცერცვაძის და სხვების. წავიდა გარჩევა, რომ ის არასწორად მკურნალობს, რომ ის ასე არ უნდა მკურნალობდეს, ამას ასე რომ ვაკეთებთ, ამიტომ გვაქვს ეს სიტუაცია და ა. შ. მკითხეს, მე რას ვფიქრობ, ვუთხარი, რომ ჯერ ერთი, ასეთი გარჩევები პრემიერის დონეზე არ უნდა ხდებოდეს, გარდა ამისა, სირცხვილია, იმ ადამიანზე ყვებოდე რაღაცას, რომელიც არ ესწრება სხდომას.(თენგიზ ცერცვაძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ ესწრებოდა ამ შეხვედრებს. თ.კ.) მეორეც – არის ექიმების საზოგადოება, დასხედით და ჩამოყალიბდით, როგორი უნდა იყოს კლინიკური გაიდილაინი, რომლის მიხედვითც თქვენ მკურნალობთ. უკვე ნოემბერი იყო, გავიდა 8 თვე ინფექციის გამოჩენიდან, 8 თვის მანძილზე თუ ვერ შეთანხმდით, როგორი გაიდლაინით უმკურნალოთ პაციენტს, რაზეა ლაპარაკი?
– კლინიკურ გაიდლაინზე ამდენს საუბრობენ და უამრავი ადამიანი ისე ეღუპებათ, კლინიკაში ვერ გადაჰყავთ…
– როგორ აღმოჩნდა, კლინიკური გაიდლაინი არ ყოფილა ბოლომდე შემუშავებული… რაც შეეხება პაციენტის ოჯახში დარჩენას, მითხრეს, ბატონო ზაზა, ჩვენ ყველაფერი ელექტრონული სისტემით გვაქვსო. არ ვიცი, აქვთ, თუ არა, მაგრამ არის რაიონები და სოფლები, სადაც ადამიანებს არა აქვთ ინტერნეტზე და კომპიუტერზე წვდომა და არ იცის, როგორ გამოიყენოს ეს ელექტრონული სისტემა, ამიტომ ჩემი რჩევა იყო, ამობეჭდილი სახით, სადაც ეწერება როგორ მოიქცეს უსიმპტომო, ან სუსტი სიმპტომების მქონე ავადმყოფი, რომელიც სახლში რჩება, რა სიტუაციაში რა გააკეთოს. ამითი, იმ ხალხსაც გაუჩნდება გრძნობა, რომ შენ, სახელმწიფო, ფიქრობ ხალხზე. რა არის ჩვენი უდიდესი პრობლემა სინამდვილეში? ყველა ლაპარაკობს იმაზე, როგორ არ იკეთებს ხალხი პირბადეს, როგორ არ იცავს მოსახლეობა წესებს, სინამდვილეში ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ პირველადი ჯანდაცვა არ გვაქვს. მას შემდეგ, რაც ბენდუქიძემ დაანგრია პირველადი ჯანდაცვა, იმის მერე თითი თითზე არავის დაუკარებია. ბოლო წლების მანძილზე ადამიანმა არათუ ის არ იცოდა, ვინ იყო მისი ოჯახის ექიმი, უმეტესობამ ისიც არ იცოდა, რომ ასეთი ინსტიტუტი არსებობდა, ყველას ვეუბნებოდით, მოდი, წადი ჰოსპიტალში. პანდემიის პირველი თვეების მანძილზეც, ყველას, ჭირდებოდა, თუ არ ჭირდებოდა, ვაწვენდით ჰოსპიტალში, ახლა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს იმის შიში, რომ შეიძლება უეცრად დამძიმეს, ეუბნები, ხვალიდან შენ მოგხედავს ოჯახის ექიმი. 10 წელია და მეტი, არ იცის, რა არის ეს ოჯახის ექიმი, მთელი ეს წლები უჩიჩინებდი, რომ ჰოსპიტალში უნდა წავიდეს და ახლა რთულია, ნდობა. შენ ისეთი ატმოსფერო შექმენი, ნებსით, თუ უნებლიედ, ყველას უბიძგე ჰოსპიტალისკენ, სწორედ ამიტომაა საავადმყოფოები გადავსებული. გამოვიდა ერთი პარლამენტარი და „ხსნიდა“, ექიმების და პერსონალის 3-4 თვეში გადამზადება მარტივი ხომ არ გგონიათო… 3-4 თვეში გადამზადების მერე, არავინ ითხოვდა იმას, რომ ხვალიდან ყველას დაეწყო გულის ოპერაციის გაკეთება. ვგულისხმობდით, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს სცოდნოდათ, რომ დასვამდი ტელეფონთან, დღეში ორჯერ თავად დაურეკავდა პაციენტს და მის მდგომარეობას გაიგებდა. ამას გულისხმობდა გადამზადება! თორემ, პირველადი ჯანდაცვის ექიმებს, რომ ყველას დაეწყო პაციენტების კლინიკური მართვა, ამას მათ არავინ სთხოვდა.
– რთულია გადამზადებული ოჯახის ექიმისთვის იმის დადგენა, პაციენტს ჰოსპიტალიაცია ესაჭიროება, თუ პანიკური შეტევა აქვს, ან რამე სხვა პრობლემა? რთულია სახლში მყოფი პაციენტის მართვა?
– არა, არ არის რთული, გარკვეული სწავლა უნდა, ცხადია. ყველა ავადმყოფი წაიყვანეს ჰოსპიტალში, სადაც აკვირდებოდნენ პაციენტებს, სწავლობდნენ მართვას და აგროვებდნენ გამოცდილებას. რისი საშუალებაც ოჯახის ექიმს არ ჰქონდა. ფინანსურადაც რთულია ჰოსპიტალში ამდენი პაციენტის მოვლა, ხომ ხედავთ, რა ხდება ბიუჯეტში, იზრდება და იზრდება ჯანდაცვის ბიუჯეტი, როდემდე გაიზრდება და რა ფული ეყოფა? ყველა საავადმყოფო კერძოა და ყველა საავადმყოფოს თავისი ფასი აქვს.
– როგორ გგონიათ, ვისი იყო რეგულაციების პროექტი, გამყრელიძის უწყების, თუ პრემიერის? ვინ წარადგინა?
– წარმოადგინა პროექტი პრემიერმა. პრემიერი მოყვა, იქ ისხდნენ გამყრელიძე, იმნაძე, იყო ჯანდაცვის მინისტრი, ვიცე-პერმიერი, მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი იყო და კიდევ რამდენიმე, ექიმი. პრემიერმა წარმოადგინა პროექტი სამივე შეხვედრაზე. მხოლოდ მეოთხე შეხვედრაზე, სადაც ბიზნესს ხვდებოდნენ, ჯერ ამირან გამყრელიძეს მისცა სიტყვა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დაესახელებია და მერე ისევ პრემიერმა წარმოადგინა პროექტი.
– კითხვებსაც პროექტის შესახებ, პრემიერი პასუხობდა?
– პრემიერი პასუხობდა, კი, ძირითადად.
– ერთმა რესპონდენტმა გვითხრა, იმ სხდომაზე ითქვა, რომ ბევრად მეტია გარდაცვლილი, ვიდრე სტატისტიკაშია ჩაწერილიო და მართალია?
– არა. ერთადერთი რაც თქვეს, გამოთვლებისას, იყო ის, რომ როდესაც იყო 3000 -მდე შემთხვევა, ეს 3 000 შემთხვევაა ოფიციალურად დაფიქსირებული, მაგრამ ჩატარებული ტეტსტების მიხედვით, შეგვძილია ვთქვათ. რომ ეს არის დაახლოებით 10 000-მდე რეალური შემხვევაო.
– ეს ნიშნავს იმას, რომ სიკვდილიანობაც, რეალურად, შეიძლება სამჯერ მეტი იყოს, ვიდრე ოფიციალური მონაცემია?
– არ ვიცი, ვერ გეტყვით.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები