თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი ცხედრის საქართველოში გადმოსვენებას ვერ ახერხებს და დახმარებას ითხოვს.
15 წლის მარიამ გოგიაშვილი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზით მკურნალობდა. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ კი ოჯახს უთხრეს, რომ ვიდრე დავალიანებას, 44 000 ამერიკულ დოლარს არ დაფარავენ, კლინიკა მოზარდის გადმოსვენების უფლებას არ მისცემს.
“მთელი საქართველოს ახალგაზრდობა გვერდით დამიდგა. ვთხოვ მთავრობას, რომ ერთადერთი შვილი გადმომასვენებინოს. თურქეთის კლინიკაშია და დავალიანების გამო არ მატანენ”- თქვა გარდაცვლილის მამამ “ტვ პირველთან”.
15 წლის მარიამი თურქეთში სამკურნალოდ ერთი თვის წინ ჩაიყვანეს, თუმცა მოზარდი კვირას გარდაიცვალა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 15 წლის გარდაცვლილი შვილის ცხედარს არ ატანენ კლინიკიდან ოჯახს, მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, როგორც ჩანს, მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირება არ ჰქონია და მამა იძულებული გახდა პირადად ეთხოვა დახმარება რამდენიმე დღის შემდეგ.
მამის განცხადებიდან რამდენიმე საათში, ოჯახის ახლობლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გადმოსვენების საკითხი მოგვარდა და ფულის აგროვება აღარ არის საჭირო.
კომენტარები