“ერთადერთი რაც ამ ქვეყანას განასხვავებს რუსეთისგან არის ის, რომ აქ არ ვეგუებით არსებულ რეალობას და ვაპროტესტებთ” – “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს და დღეს დაანონსებულ აქციაზე საუბრობს.
მისი განცხადებით, ხვალ, 25 ნოემბერს “ქართული ოცნება” პარლამენტში პირველ სესიას, სავარაუდოდ, დილის 9:00 საათზე ჩანიშნავს, ხოლო “ოცნების” წევრები დილის 7:00 საათისთვის სპეცრაზმთან ერთად უკვე შენობაში იქნებიან, რის გამოც მნიშვნელოვანია, რომ დღეს საღამოს პარლამენტთან მსვლელობით მისულმა აქციის მონაწილეებმა ღამე ადგილზე გაათენონ.
“ხვალ 25-ში ქოცები აპირებენ ახალი პარლამენტის შეკრებას და საკუთარი თავისთვის ლეგიტიმაციის მიცემას. მაღალი ალბათობით, დილის 9 საათზე ჩანიშნავენ სესიას და შვიდზე ალბათ უკვე ყველა იქნება შიგნით, მათ შორის იქნება სპეცრაზმიც. დილით შეკრება არის რთული, ყველა წარსული გამოცდილება გვიჩვენებს ამას, რამდენჯერაც დილით დავაანონსეთ აქცია, იმდენჯერ პარლამენტის უკან ვიყავით ხოლმე 100-200 კაცი, დილის საათებში. მაგრამ არ შეიძლება ამ მომენტის პროტესტის გარეშე გატარება. ერთადერთი რაც ამ ქვეყანას ახლა განასხვავებს რუსეთისგან, ან ბელარუსისგან არის ის, რომ აქ არ ვეგუებით არსებულ რეალობას და ვაპროტესტებთ. ერთადერთი მიზანი რომელიც დარჩათ რუსებს აქ მისაღწევი არის ის რომ შევეგუოთ ამ არჩევნების მოპარვას და შევეგუოთ, საბოლოო ჯამში, რუსულ მმართველობას. შეგუება ნიშნავს იმას, რომ აღარ გავაპროტესტოთ.
ამიტომ დღეს საღამოს, 21:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და მსვლელობით წავალთ რუსთაველისკენ და იქ ვაპირებთ რომ დავრჩეთ ღამე, რათა დილით პარლამენტთან იყოს პროტესტი. ვაჩვენოთ, რომ არ ვეგუებით და არ შევეგუებით თავისუფლების დაკარგვას. ვიცი რომ რთულია, ვიცი, რომ ხანდახან აზრს ვეღარ ხედავთ ამ ყველაფერში, მესმის ისიც, რომ ბევრს იმედი გადაგეწურათ, მაგრამ სხვა არავინაა, ვინც დავრჩით ამ ქვეყანაში, ჩვენი გასაკეთებელია. ვერავინ იტყვის ზუსტად როდის მოვახერხებთ გამარჯვებას, მაგრამ ზეგ იქნება, მაზეგ იქნება, ერთ კვირაში იქნება, ერთ თვეში იქნება, თუ ერთ წელში იქნება, როცა იქნება ის მაინც გვექნება, რომ საჭირო დროს ვიდექით საჭირო ადგილას. ამიტომ დღეს, 21:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე,” – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
კომენტარები