ჟურნალისტი, თამო კეშელავა, ავრცელებს ფოტოს და წერს:
“ოცნების გამპრავებლებო”, ერთი ლექსო არ მოგიკლავთ ლაშქარავა და მეორე ეს ბიჭი! ერთი ლექსო არ გაგიმეტებიათ სასიკვდილოდ და მეორე – ირაკლი დოღაძე!
ბოლო თვეები უძილობა, გულის და თავის ტკივილები აწუხებდა – ცემიდან, თითქმის 4 თვეში გარდაცვალა!
გავრილოვის ღამის უსტატუსო დაზარალებული, 17 ოქტომბერს გარდაიცვალა!
17 ოქტომბერს, ერთადერთი ციხეში დარჩენილი სპეცრაზმელი, დარბაზიდან გაათავისუფლეს!
მე დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ 20 ივნისს იმაზე მეტი მოქალაქე სცემეს, ვიდრე ეს ოფიციალურადაა ცნობილი, დღემდე არ მჯერა, რომ იმდენი პოლიციელია ნაცემი, რასაც ამბობენ, რადგან ვითხოვ მათი მკურნალობის ხარჯებს, ვითხოვ ინფორმაციას, არამაიდენტიფიცირებელს, თუნდაც, და არ არის!
ვიცი ფაქტი, ოქროს ჯვარი რომ დაკარგა პოლიციელმა და აქციის მონაწილეებმა მოუძებნეს და მიუტანეს, ვიცი ფაქტები, რამდენი პოლიციელი გაიყვანეს და გაუშვეს ისე, რომ თითი არ დაუდიათ!
ვინმემ იცის, რამდენი ნაცემი, ჯანმრთელი ახალგაზრდა გარდაიცვალა 20 ივნისიდან 3 თვეში, 5 თვეში, 6 თვეში? არსებობს სტატისტიკა?
ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ინტერვიუ მოგვცა, მაშინ, იმ დღეებში, “ალია” ცდილობდა დაედგინა იმ ადამიანთა ვინაობა, ვინც “ვერ მოხვდა” დაზარალებულთა რიცხვში, მიუხედავად იმისა, რომ მათ სასწრაფო დახმარება დასჭირდათ და ნაცემნი იყვნენ და არაერთი ასეთი ადამიანი ჩავწერეთ:
ირაკლი დოღაძე #გავრილოვისღამეზე:
– მე და ჩემი მეუღლე წინა ხაზზე ვიდექით, გადაადგილება შეუძლებელი იყო, მეუღლე ცუდად გამიხდა, კორდონში მდგომ პოლიციელებს დიდხანს ვთხოვდი, გავეტარებინეთ ზემოთ, პარლამენტის კიბეებისკენ, რომ იქ დამესვა მეუღლე – გაგვატარეს, რომ ნახეს, გული უწუხდებოდა – ავიყვანე და კიბეებზე დავსვი. რამდენიმე ქალი იჯდა კიდევ იქ, ისინიც ცუდად იყვნენ. ამ დროს პარლამენტის ეზოდან გამოვარდნენ ვიღაცეები, ისე გასცეს ბრძანება: – დასცხეთ – მივხვდი მაღალჩინოსნები იყვნენ. იმ წამსვე მოგვვარდნენ, დასცხეს ქალებს პირველად, მეუღლეს გადავეფარე და თავში რაღაც მომხვდა, წავიქეცი, გონებაც დამიკარგავს, მაისური შემომახიეს, შემდგნენ, თურმე, ჩემს მეუღლეზეც იძალადეს. იქ, ზემოთ, კიბეებთან რა ხდებოდა, ვერც ერთმა ტელევიზიამ ვერ დააფიქსირა. იქ, იმ კიბეებთან არ იდგა ის ხალხი, ვინც იერიშზე გადადიოდა. რა საჭირო იყო ქალებზე ძალადობა?
სიმაღლეებზე ჰყავდათ ხალხი განთავსებული, რა წამსაც ხალხის იერიში დაცხრებოდა – უცებ ზემოდან ისროდნენ.
როგორღაც ადგომა მოვახერხე და გონდაკარგული მეუღლეც გამოვიყვანე სამშვიდობოს.
ვხედავ დაჭრილი მოჰყავთ. ისეთი ჭრილობა იყო, ვერც ვიფიქრებდი, რომ რეზინის ტყვია მოხვდა. ვიფიქრე, რამე სხვა იარაღი გამოიყენეს და უკან მივბრუნდი, თუ ვინმე იყო კიდევ დაზიანებული, გამოსვლაში რომ დავხმარებოდი.
ხელებგაშლილი მივდიოდი, უცებ დავინახე, რომ მიმიზნებდნენ, მაგრამ მოტრიალებაც ვერ მოვახერხე – პირველი ტყვია მუცელში მომხვდა, მეორე მკერდის არეში – დავტრიალდი და წავიქეცი, გონება დავკარგე. მერე როგორც ექიმმა მითხრა, კიდვე ორი ტყვია მქონდა მოხვედრილი კისერში, არტერიასთან.
– წაქცეულს გესროლეს დანარჩენი ორი ტყვია?
– არ ვიცი, მე გონება დავკარგე, ბოლოს რაც მახსოვს, მკერდში ვიგრძენი ტკივილი და წავიქეცი. მკერდში ნასროლი ტყვიის ამოღებისას ანესთეზია დამჭირდა, ისე ღრმა იყო ჭრილობა, მაგრამ როგორც მითხრეს გადავრჩი, რომ არტერიასთან მოხვედრილი ტყვიები ისეთი სიძლიერით არ მომხვდა, როგორც მკერდში დამიზნებული, თორემ, ადგილზე დავიცლებოდი სისხლისგან.
– საავადმყოფოში დიდხანს დარჩით?
– არა, მალევე წამოვედი, იქ იმდენი დაჭრილი მოჰყავდათ, „ამტელ ჰოსპიტალში“ ვიწექი, იმდენი ქალი და გოგო მოჰყავდათ დასისხლიანებული – მისაღებში კიდევ ადგილიც აღარ ჰქონდათ და როგორც კი ოდნავ უკეთ ვიგრძენი თავი, წამოვედი.
– განცხადება დაწერეთ, ან საჩივარი?
– არა, თუმცა, თავად დამირეკეს, არ ვიცი, როგორ – დამიბარეს, უნდა დაგკითხოთო, თუმცა, მხოლოდ მელიაზე აინტერესებდათ ინფორმაცია, რა გვითხრა, რა მოუწოდა ხალხს და ა.შ. ჩემი ჭრილობები იქ არავის აინტერესებდა.
გაზეთი “ალია”
კომენტარები