პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.
„საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებას ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს მთავრობა. პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, შესაბამისად, ის არ მონაწილეობს საგარეო პოლიტიკის განხორციელებაშიც. საქართველოს კონსტიტუციაში მითითებულია, რომ მთავრობის თანხმობით არის მხოლოდ პრეზიდენტი უფლებამოსილი, განახორციელოს წარმომადგენლობითი ურთიერთობები საგარეო პოლიტიკაში და ასევე ჩაერთოს საერთაშორისო მოლაპარაკებებში. აქედან გამომდინარე, ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ. მას ფიცი აქვს დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა, უხეშად არღვევს მას, რაც არის მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება.
ჩვენ ყველას გვახსოვს სალომე ზურაბიშვილის განცხადებები პარლამენტში, პარლამენტს გარეთ. როდესაც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, არც წელს იმსახურებს და მას სურს ამ თემასთან დაკავშირებით ვიზიტების განხორციელება, რა თქმა უნდა, მას უნდა ეთქვას უარი. ბუნებრივია, ჩვენ ვერ მივცემთ თანხმობას იმ კამპანიაზე, რომელიც უპირისპირდება ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს არის ძალიან მარტივი საკითხი. მთავრობამ იცოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ეწევა კამპანიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მთავრობა ვერ მისცემდა მას თანხმობას ამ კამპანიაზე. ძალიან მარტივადაა აქ საკითხი.”
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.
კომენტარები