საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავი2-თან განაცხადა:
„ვაქცინებზე მაკრიტიკებენ და ანტივაქსერს მეძახიან, ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე, დამხვდა ნული, როდესაც მოვედი პრემიერ-მინისტრად. კოვიდი ორჯერ გადავიტანე, ორჯერ ავიცერი „ფაიზერით“. მოუსმინეთ მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, მათაც არ იციან, რეალურად რა არის „ომიკრონი“. ამ დროს ეს არის რეალურად პანდემიის დასრულების დასაწყისი.
ის, რომ „ომიკრონზე“ ვაქცინა არ მუშაობს და ეს შტამი მაინც არღვევს ვაქცინისგან გამომუშავებულ იმუნიტეტს და ანტისხეულებს, ეს ჩემი ნათქვამი კი არ არის, ეს არის პროფესორი ფაუჩის და სხვა უამრავი ექიმის თუ მეცნიერის ნათქვამი. მინდა, კიდევ ერთხელ განვუმარტო მოსახლეობას – მე ვაქცინაციის წინააღმდეგი კი არ ვარ, მე ვარ რეალისტი და სიმართლის მომხრე. მოსახლეობას მე ტყუილს ვერ ვეტყვი და მოსახლეობამ ჩემზე კარგად იცის, არ სჭირდება მოსახლეობას ზედმეტი ახსნები, ყველა უყურებს და აანალიზებს, რა ხდება მსოფლიოში.
მანამდე მუშაობდა სხვა შტამებზე, იქნებოდა ეს ბრიტანული, ინდური, „დელტა“, თუ სხვა შტამები, „ომიკრონზე“ უბრალოდ არ მუშაობს. თუ მუშაობს, არის ძალიან დაბალი პროცენტი, ვისზეც მუშაობს, ბუსტერიანზე და ა.შ. ვართულებ სიტუაციას, მაგრამ ამის მიუხედავად, მე ვთქვი, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, დავარწმუნოთ 50 წლის ზემოთ ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ისინი, ვინც ასაკშია და ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს, მათზე უნდა მოხდეს კონცენტრირება. ნუთუ, ეს არის გაუგებარი. აცრილებს, რა თქმა უნდა, უფრო მსუბუქად გადააქვთ. მე, მაგალითად მქონდა „ომიკრონი“, სულ ორი დღის განმავლობაში მქონდა გარკვეული სიმპტომები და ძალიან მსუბუქად გადავიტანე, მაგრამ ზოგს შეიძლება უფრო რთულად აქვს. დღეს ქვეყანაში გვაქვს მილიონობით ვაქცინა, მე არჩევანი მივეცი მოსახლეობას. კატეგორიულად ვთქვი , რომ აქ არ იქნება სავალდებულო აცრა, მე ამის მჯერა და ასე უნდა იყოს, რომ ჩვენ არ და ვერ შევუზღუდავთ მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.
სამწუხაროა, რომ სიკვდილიანობა ჯერ კიდევ გვაქვს და დღეში რომ 30-40 ადამიანი გვიკვდება, ეს არის დიდი პრობლემა, ამიტომ ვიმეორებ, უნდა მოვახდინოთ იმ ადამიანების აცრა, რომლებიც არიან 50 წლის ზემოთ და სხვა ქრონიკული დაავადებებით. სხვები, რა თქმა უნდა, ყველანი, ვინც არ ვართ აცრილები, უნდა ავიცრათ, ნებაყოფლობით, ეს ჩვენი უფლებაა. ორჯერ ვარ აცრილი, ბუსტერით არ ვარ, აზრი არა აქვს, მეტსაც გეტყვით, „ომიკრონ“-გადატანილი, ისევ ამერიკელ და ევროპელ მეცნიერებს დავეყრდნობი, უფრო მაღალი იმუნიტეტის მქონეა, ვიდრე ბუსტერ-დოზიანი.
კიდევ ერთი მინისტრი, რომლის გვარს არ ვიტყვი, ოთხჯერ იყო აცრილი, მაგრამ მაინც დაემართა „ომიკრონი“.
ახლა თქვენ ამიხსენით, რა ხდება, ვარ თუ არა მართალი. მე რომ არ ვყოფილიყავი „ფაიზერით“ ორჯერ აცრილი, ალბათობა იმისა, რომ უფრო რთულად გადავიტანდი „ომიკრონს“, იყო საკმაოდ მაღალი, მაგრამ ვინაიდან მე ჯერ მქონდა კოვიდი, შემდეგ ორჯერ ავიცერი „ფაიზერით“, ძალიან მსუბუქად გადავიტანე. ასე, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, მიუხედავად ასაკისა, ყველანი ავიცრათ და ვატაროთ პირბადე, ვიდრე გავაუქმებთ“
NCDC-ის ცნობით, კორონავირუსით ორი დოზით აცრილი მოქალაქეების 6.49% დაინფიცირდა, ხოლო სამი დოზით აცრილთა – მხოლოდ 0.19%.
ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, ომიკრონის შეხვედრის ალბათობა ბუსტერიზაციის შემდგომ შემცირებულია და 75% ეფექტურობა აქვს. გარდა ამისა, სამი თვის განმავლობაში ბუსტერის შემდგომ ადამიანს 90%-იანი გარანტია აქვს, რომ ჰოსპიტალში არ მოხვდება და სახლის პირობებში გადაიტანს ინფექციას, რაც არ უნდა რისკის მატარებელი იყოს.
კომენტარები