ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, გადაცემაში “რეაქცია” სოსო გოგაშვილისთვის ბრალის დამძიმებას და პროკურატურის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მას შენახული ჰქონდა უკანონოდ პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილები.
ინგა გრიგოლია:
“გოგაშვილი გასაგებია, გულწრფელად გეტყვით, პირდაპირ ეთერში, მე ველოდები რომ ოდესმე აუცილებლად დადგება ამ საქმეზე სამართლიანობა, ცხადია, არ ველოდები ამას ქართული ოცნების პირობებში და უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ყველა აგებს პასუხს იმ საშინელებისთვის რაც მოგვიწყვეს, გოგაშვილი იქნება თუ ვინმე სხვა. ეს არის, ბრალი ვისაც წარედგინა, გოგაშვილი, თუ ვინმე სხვა, მჯერა, რომ აუცილებლად დაგება ამის დროს.
უდანაშაულობის პრეზუმციას მაინც დავიცავ და ასე გეტყვით – მოდით, ცოტა ღრმად წავიდეთ და გოგაშვილი განვიხილოთ როგორც კოლექტიური გოგაშვილი, ანუ, კოლექტიურად სუსი, კითხვები, რომელიც ახალი ბრალდების პარალელურად, ავტომატურად გაჩნდა – როგორ მოხვდა ჯერ სუსში და მერე, როგორც ბრალდება ამბობს და შემდეგ სუსის უფროსის მოადგილის ხელში პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილები, როცა ქართული ოცნება მუდმივად ამტკიცებს, რომ თურმე არავის უსმენს, არავის პირად ცხოვრებას არ იღებს. მხოლოდ გოგაშვილი? დავიჯეროთ, მხოლოდ ერთი კაცის გაკეთებული შეიძლება იყოს ეს უამრავი, ამაზრზენი ფაილი? სადაა მაშინ მისი ხელმძღვანეობის პასუხისმგებლობა? შეუძლია, თუ არა, დამოუკიდებლად ერთ კაცს, გადაიღოს სხვისი პირადი ცხოვრება, დაარქივოს, შეინახოს სუსის არქივში ისე, რომ ხელმძღვანელობამ არაფერი გაიგოს? – ვეჭვობ.
რა გამოდის? თუ ბრალდება რასაც ამბობს და იმას მივყვებით, სუსის, გოგაშვილის ხელმძღვანელობა ბუტაფორია იყო? მის უწყებაში ასეთი საშინელი დანაშაული ხდებოდა მისი მოადგილის ხელით და არ იცოდა? ვერ გაიგო? ხელმძღვანელობა არაფერ შუაშია? ცალკე თემაა, რომ აქ მხოლოდ გოგაშვილის დროინდელი სუსის ხელმძღვანელობაზე არ ჩნდება კითხვები, არამედ მის პოლტიკურ უფროსებზეც. თუ გავითვალისწინებთ რა უბედურება დამართეს ადამიანებს ამ პირადი კადრებით და ზოგი საერთოდ გააქრეს აქტიური პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან.
პროკურატურა გვეუბნება, რომ ბრალდებულს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული არაერთი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა, რომელსაც უკანონოდ ინახავდა მის კუთვნილ მოწყობილობებში – მარტო დადიოდა? მარტო იღებდა? თუ დავალება ჰქონდა მიღებული, რომ გადაეღო?
ჩემთვის იმაში არაფერია სიახლე, რომ სუსიდან გაავრცელეს ეს კადრები, მაგრამ შესაძლებელია რომ ერთი კაცი დარბოდეს, ხალხს უთვალთვალებდეს, მერე აფალიებდეს, მერე ამ დაფაილებულებს ავრცელებდეს – მხოლოდ ერთი კაცი? სადაა სხვების პასუხისმგებლობა?
გულწრფელად გეტყვით, ეს არის ამბავი, რომელსაც შემიძლია შევეწირო, ფიზიკურად შევეწირო, ოღონდ ვნახო ყველა ის ადამიანი განსასჯელის სკამზე ვისაც ამაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ვინც არის მთავარი გამცემი დავალების, შემსრულები და ა.შ.
სოსო გოგაშვილს ბრალი დაუმძიმდა – რას ედავება მას პროკურატურა?
კომენტარები