10 იანვარს ალიამ გამოაქვეყნა მასალა სათაურით, სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე, სადაც საუბარია არაერთ დარღვევაზე, მათ შორის, ფუნდამენტური უფლების, პირს ბრალი გაეცნოს მისთვის გასაგებ ენაზე, უგულებელჰყოფაზე. მოქალაქე ნ.ა., რომელიც არ ფლობს ქართულ ენას გაჩხრიკეს, დააკავეს, გაასამართლეს კიდეც თარჯიმნის გარეშე. ამჯერად საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს, სადაც ადვოკატებმა ნათია ჩხეტიანმა და სოფო ბონდარენკომ, რომლებიც სააპელაციო პროცესისას ჩაერთვნენ საქმეში, თარჯიმნის შუამდგომლობა დააყენეს, მოსამართლემ, ვახტანგ მრელაშვილმა დააკმაყოფილა შუამდგომლობა, თუმცა, თარჯიმნის დანიშვნა ისედაც მისი ვალდებულება იყო და ამას შუამდგომლობა არ სჭირდებოდა.
რამდენად მნიშვნელოვანია სამართალწამოების არმცოდნე პირს ჰქონდეს თარჯიმნით სარგებლობის უფლება და რამდენად მძიმეა მსგავსი ტიპის დარღვევა, ამ კითხვას ალიასთან, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სისხლის სამართლის ადვოკატი, ჯუბა ქათამაძე პასუხობს:
საქართველოში სამართალწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე და შესაბამისად სისხლის სამართლის პროცესიც ქართულ ენაზე მიმდინარეობს, ეს ჩანაწერი გვხვდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–11 მუხლში. ასევე მნიშვნელოვანია ამ ჩანაწერში ის, რომ თუკი პროცესის მონაწილემ, სათანადოდ არ იცის ქართული ენა, მას დაენიშნება თარჯიმანი. სათანადოდ არცოდნად ჩაითვლება ისიც, თუკი პირს თუნდაც მინიმალურ დონეზე აქვს ქართულ ენის გაგების პრობლემა. შეიძლება, პირი გარკვეულწილად ფლობდეს ქართულ ენას, ნაწილი პროცესისა გაიგოს, ნაწილი საგამოძიებო მოქმედებებისა – გასაგები იყოს მისთვის, მაგრამ თუნდაც მცირედი დეტალის ენობრივი ბარიერის გამო ვერ გაგება, ნიშნავს იმას, რომ მას აუცილებლად უნდა დაენიშნოს თარჯიმანი.
თარჯიმნის დანიშვნის პროცედურა ასეთია – თარჯიმნის დანიშვნა, გამოძიების ეტაპზე, სანამ უშუალოდ სასამართლო პროცესები დაიწყება, ხდება გამომძიებლის მხრიდან, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პროცესში – აღნიშნული გაწერილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37–ე მუხლის მეექვსე ნაწილის “დ” ქვეპუნქტში, სადაც ვკითხულობთ, რომ თუ არსებობს კანონისმიერი საფუძველი, გამომძიებელი უფლებამოსილია მოიწვიოს თარჯიმანი. კანონიერი საფუძველი თარჯიმნის დანიშვნის არის, თუ პირმა სათანადოდ ან საერთოდ არ იცის ქართული ენა – ამ შემთხვევაში გამომძიებელს შეუძლია მოიწვიოს თარჯიმანი. შეუძლია მოიწვიოს – არ ნიშნავს იმას, რომ არ არის ვალდებული მოიწვიოს, აქ იგულისხმება ის, რომ უშუალოდ მას აქვს თარჯიმნის მოწვევის ბერკეტი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას და ამისათვის მას პროკურორის ნებართვა ან დახმარება არ სჭირდება. გამომძიებელი, ამ შემთხვევაში, ვალდებულია მოიწვიოს თარჯიმანი.
როდესაც ბრალდებულია პირი, რომელსაც სჭირდება თარჯიმანი, ასეთ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38–ე მუხლი მიუთითებს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, დაკითხვის, ან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე. აღნიშნული ბრალდებულს აძლევს გარანტიას, რომ იგი სრულყოფილად იქნება ჩართული საგამოძიებო მოქმედებებში შემდგომში კი სრულყოფილად იქნება ჩართული სასამართლო პროცესში.
სამართლიანი სასამართლოს პრინციპის აღსასრულებლად უმნიშვნელოვანესია, რომ ბრალდებულმა ყველანაირი დეტალი გაიაზროს, სრულად ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია და არ დარჩეს არც ერთი მცირე საკითხი, რაც მისთვის იქნება უცნობი, ენობრივი ბარიერის გამო.
როდესაც საგამოძიებო, ან საპროცესო მოქმედება პირთან, რომელსაც ესაჭიროება თარჯიმანი, ტარდება თარჯიმნის გარეშე, ასეთი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება აუცილებლად უნდა იყოს უკანონოდ ცნობილი და უკანონოდ უნდა ცნოს იგი სასამართლომ, იქედან გამომდინარე, რომ ეს არის არსებითი დარღვევა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას.
როგორც უკვე აღვნიშნე, ენის არმცოდნე, ან სათანადოდ არმცოდნე პირისთვის თარჯიმნის სახელმწიფოს ხარჯზე მოწვევა არის ვალდებულება, როგორც საგამოძიებო ორგანოების, ასევე სასამართლოსი და არა მათი უფლება.
წინასასამართლო სხდომაზე, მტკიცებულებების დაუშვებლობის საფუძველია ის, რომ თარჯიმანი არ ესწრებოდა საგამოძიებო მოქმედებებს. თუ საქმის არსებითი განხილვისას გამოვლინდება, რომ მტკიცებულებები მოპოვებულია უკანონოდ და არსებითი დარღვევით, სასამართლომ ასეთი მტკიცებულებები არ უნდა გაიზიაროს და აუცილებლად უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი
კომენტარები