„ტვ პირველის“ დირექტორის ვატო წერეთლის განცხადებით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.
მისი თქმით, მამამისს, ავთანდილ წერეთელს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს და სამკურნალოდ საზღავრგარეთ გამგზავრება ესაჭიროება, რის უფლებასაც პროკურატურა არ აძლევს.
„6 თვის წინ მამას უმძიმესი ოპერაცია გავუკეთეთ, თირკმელზე ჰქონდა კიბო. ახლა ისევ გვიწევს ქვეყნიდან გასვლა და პროკურატურას მივმართეთ, რომ მისცეს სამკურნალოდ გასვლის საშუალება, თუმცა 4 დღეა პასუხსაც არ გვცემს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი შურისძიება ჩემს ოჯახზე. მას უნდა ჩემი ოჯახის წევრის ლეტალური შედეგი დადგეს.
გახსოვთ, რომ იმდენი ატარეს სასამართლო დარბაზში, რომ ბოლოს ადამიანი გულის შეტევით საავადმყოფოში მოახვედრეს. პირადად მე დავამტკიცებ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის შურისძიება. რაიმე კითხვები რომ არ გასჩენოდა სასამართლოს, ყველაფერი გადავწიეთ, რომ დღეს მიეცა ჩვენება. ამას მთელ საქართველოს დავუმტკიცებ, რომ ეს არის ჩემი ოჯახისა და ჩემი ტელევიზიის წინააღმდეგ შურისძიება“, – აღნიშნა ვატო წერეთელმა.
ავთანდილ წერეთელი ამ წუთებში ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს ჩვენებას აძლევს. საქმის ფიგურანტები „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროცესს პოლიტიკურ დევნას უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ გამოძიებას მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს, გარდა ამისა, საქმეს არ ჰყავს კონკრეტული დაზარალებული.
კომენტარები