ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ „ალიას“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე ესაუბრება.
– ჩვენი სახელმწიფო 30 წელია ჩამოყალიბდა დიქტატორულ ორგანოდ, რომელიც ძირითადად ხალხის გაყვლეფით არის გაკავებული და ანტიეროვნულ საქმიანობას ეწევა. გამოსავალს რაში ხედავთ?
– მართალია, კომუნისტურ ეპოქაში ქართველი ერი მატერიალურად შეძლებული და უზრუნველყოფილი იყო, მაგრამ ჰგავდა ქალს, რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდ მდიდარ საქმროს გააყოლეს და შესაბამისად არ იყო ბედნიერი, მას აკლდა თავისუფლება, რომელიც მოიპოვა კიდეც 1991 წელს. ნანატრი თავისუფლების მოპოვების შემდეგ, მოვლენები შეგვიძლია 4 ეტაპად დავყოთ: 1 ეტაპი. 1991 წელი: კანონიერი ხელისუფლების დამხობა; 2 ეტაპი. 1992– 2003 წლები: გენოფონდის ლიკვიდაცია ომებში; ახალგაზრდობის მასიური ნარკომანიზაცია და საზღვარგარეთ ემიგრაცია (ძირითადად საქურდავად, ან ლტოლვილად ჩასაბარებლად); საშუალო, შეძლებული ფენის გაქრობა; მრეწველობის სრული განადგურება; მოსახლების საბანკო კაბალაში გაბმა; 3 ეტაპი. 2003–2012 წლები: სოფლის მეურნეობის განადგურება; სტრატეგიული ობიექტების და ბუნებრივი სიმდიდრის გაყიდვა; უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორის შექმნა–გაძლიერება; სადისტური სიმკაცრე ციხეში და მის გარეთ, რამაც გამოიწვია მოსახლეობის სულიერი დაკნინება; შეფარული ბრძოლა ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუტთან – ეკლესიასთან; საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და ტრადიციების მარგინალიზაცია; მეცნიერების და საშუალო განათლების სისტემის მოშლა; 4 ეტაპი. 2012–2019 წლები: საზოგადოებისთვის უმრავლეობისთვის ყოვლად მიუღებელი, ანტიეროვნული ცვლილებები კანონმდებლობაში; ლიბერალური დიქტატი, მათ შორის ტელე–მედიაში; უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორის `ბატონობა”. აზარტული ბიზნესის სრული კარტ–ბლანში; აზიური ქვეყნებიდან იმიგრაცია; გამოსავალი ხელისუფლებაში ეროვნული ძალის სათავეში მოსვლაა, თუმცა დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, ეს ურთულესი ამოცანაა.
– კორონავირუსის დროს სახელმწიფომ საკუთარ მოქალაქეებს ფაქტიურად რეალური დახმარება ვერ გაუწია, რა იყო ამის მიზეზი?
-ამის ძირითადი მიზეზი სახელმწიფოს სიღარიბეს უკავშირდება. 2019 წლის მონაცემებით, უარყოფითმა სალდომ ექსპორტ–იმპორტს შორის შეადგინა 5 მილიარდ 306 მილიონი დოლარი. რითი ბალანსდებოდა დღემდე უარყოფითი სალდო? ტურიზმიდან შემოსული შემოსავლებით – 3 მილიარდი დოლარი და ემიგრანტების ფულადი გზავნილებით – 1 მილიარდ 700 მილიონი დოლარი. ასევე ყოველწლიურად ახალი სესხების აღებით საკრედიტო ორგანიზაციებიდან. დღეს, როდესაც კორონავირუსის შედეგად ტურიზმი გაჩერებულია და ასევე ემიგრანტების გზავნილებიც შემცირებულია, სახელმწიფო ეკონომიკა ფაქტიურად ჩამოიშალა. თუ ამას თვეობით გაჩერებულ ბიზნესსაც დავუმატებთ, დავინახავთ, რომ სახელმწიფო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა და როგორც ბოლო წლებში, ხელი კვლავ დასახმარებლად გაიშვირა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიმაჩნია, რომ ამაზე ბევრად უკეთესად შეიძლებოდა დახმარების ორგანიზება, ვიდრე ეს გაკეთდა. როდესაც მოსახლეობას თვეობით სახლში გამოკეტავ, მხოლოდ კომუნალური გადასახადების გადახდა, ისიც კონკრეტული ფენისთვის, საკმარისი ვერ იქნება.
– წვრილ და საშუალო ბიზნესში დასაქმებულები, რომელთა მდგომარეობა დღითიდღე უარესდება რატომ არიან ჩუმად? შეეჩვივნენ ჩაგვრას?
-ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად მსოფლიო გაჩერდა, კორონავირუსი მედიაში იმდაგვარად დახატეს, რომ ხალხში პანიკა დაითესა, წესების დაუმორჩილებლობა კი ფიზიკური პირების შემთხვევაში 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15000 ლარით ისჯებოდა. მკაცრი სასჯელის დაწესებამ კი თავისი შედეგი გამოიღო. გარდა ამისა, ხალხს ლიდერი არ ჰყავს, არც პიროვნების სახით და არც პოლიტიკური ორგანიზაციის სახით. რამდენიმე პიროვნებას თუ არ ჩავთვლით, ფაქტობრივად, ეროვნული ძალებიც არ არსებობს, ოპოზიცია კი, რომლის ძირითადი ნაწილი ყოფილი ხელისუფლების მავნებლებისგან შედგება, ბუნებრივია, რომ მოსახლეობის მხარდაჭერით ვერ სარგებლობს. თითქმის მთელი ტელემედიაც და ფინანსებიც ამ ორი ლიბერალური ძალის ხელშია, შესაბამისად, ხალხის უმრავლესობაში ნიჰილიზმია მოჭარბებული. ასეთ ვითარებაში კი ძნელია ხალხის პროტესტის ორგანიზება.
– რატომ გახდა მართლმადიდებლური ეკლესია ისევ შეტევის ობიექტი?
ეკლესია წლების მანძილზე გლობალისტებისა და ლიბერალური ძალების სამიზნეა, რატომ? იმიტომ რომ ეკლესია უკანასკნელი ციხესიმაგრეა, რომელიც ვერ აიღეს და რომელიც ხელს უშლის მათ იდეოლოგიას, ჰომოსექსუალიზმი იქნება ეს, ნარკოტიკების თემა, აბორტის თემა, მულტიკულტურალიზმი, ოჯახში იერარქია თუ სხვა. ამიტომ მათი მიზანია ეკლესიის დაკნინება, დასუსტება, გამარგინალება და საბოლოოდ მისი განადგურება. ყველაფერს რუსეთს უჯერებენო, ლანძღავდნენ, როცა ვირუსის გამო ჩვენმა ეკლესიამ წესები არ შეცვალა, აი რუსეთმა შეცვალა და ამათმა არაო. ეკლესიამ მათი მოსაწონი ვერაფერი გააკეთა! კორონა–ფსიქოზმა ყველას დაანახა, სახელმწიფოებისა და ზოგადად ადამიანის უსუსურობა და სისუსტე, თუ ამ ყველაფერს ღმერთსაც მოვაშორებდით, კარგს რას უნდა დავლოდებოდით? ძალიან აგრესიული შეტევა იყო ეკლესიაზე, მოითხოვდნენ, რომ ჯერ ზიარების წესი შეეცვალა და შემდეგ კი სრულიად წირვა–ლოცვის გაჩერებას მოითხოვდნენ. ელენე ხოშტარიამ მღვდლებს მკვლელები უწოდა, თამარ ჩერგოლეიშვილმა – ტერორისტები, ზოგმა ეკლესიის კარების აჭედვა მოითხოვა და ზოგმა კიდევ რა… აუცილებლად უნდა გავიხსენოთ 17 აპრილს რუსთავი 2–ზე გასული სიუჟეტი რეანიმაციიდან! განა, არ იცის მედიამ, რომ სტრესი აქვეითებს იმუნურ სისტემას და ადამიანებს ვირუსის მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის? ეს იყო ყოვლად უპასუხისმგებლო სიუჟეტი, რასაც ჰქონდა მხოლოდ ერთი მიზეზი – ხალხი არ დასწრებოდა აღდგომის დღესასწაულს! ასევე აღდგომის დღესასწაულს რომ არ დასწრებოდა ხალხი, 15 აპრილს უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა პაატა იმნაძემ, როდესაც ბრძანა, რომ თუ არ დავრჩებით სახლში, საქართველოში იტალიის სცენარი განმეორდება და საქართველოში ვეღარ დავითვლით კუბოებს! ამ განცხადებას მე შევადარებდი „იმედის“ მოდელირებულ ქრონიკას. ბატონმა პაატამ მოგვიანებით გააცნობიერა საკუთარი განცხადება, ალბათ, დაფიქრდა იმაზე, თუ რა სტრესში ჩააგდო მოსახლეობა და საკუთარ განცხადებაზე ბოდიში მოიხადა. ჩვენ ვნახეთ, რომ ბნელ ძალებს ეკლესიაზე შეტევა წარუმატებელი გამოუვიდათ და ეკლესიის მხრიდან კორონას გავრცელებას ადგილი არ ჰქონია.
– შეიძლებოდა კორონავირუსს ისე გავმკლავებოდით, რომ ქვეყანა არ გაჩერებულიყო და ხალხს სამუშაო არ დაეკარგა?
-საქართველოს ხელისუფლება მსოფლიო დინების წინააღმდეგ ვერ წავიდოდა, გარდა ამისა, საერთოდ არანაირი ზომები რომ არ გაეტარებინა, ოპოზიციაც და საზოგადოებაც დაადანაშაულებდნენ იმაში, რომ ხალხის ჯანმრთელობას არ უფრთხილდება, თუმცა ძალიან ზედმეტი მოუვიდათ. ოქროს შუალედის დაცვა იყო საჭირო მედიცინასა და ეკონომიკას შორის, რაც ვერ მოხერხდა. ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა და არ გვქონდა იმის ფუფუნება, რომ თვეობით გავჩერებულიყავით! წარმოუდგენლად მძიმე სურათს მივიღებთ, იმაზე მძიმეს, ვიდრე კორონავირუსმა შეგვიძლია მოგვაყენოს! კორონაც არსებობს და ხალხი მისგან იღუპება, მაგრამ ხალხი ყოველწლიურად ასევე იღუპებოდა სხვადასხვა სეზონური გრიპებისგანაც და მაშინაც ძირითადად იმუნიტეტდაქვეითებულებს, მძიმე ავადმყოფებს და ასაკოვან ადამიანებს კლავდა! მთავარი კითხვა შემდეგში მდგომარეობს, კორონა რამდენად მომაკვდინებელია სხვა ვირუსებთან შედარებით? ყოველწლიურად მსოფლიოში გრიპით 5 მილიონამდე ადამიანი მძიმედ ავადდებოდა, 650 000–მდე კი გარდაიცვლებოდა. კი ბატონო, აუცილებლად სწორი ნაბიჯები იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის და მასობრივი შეკრებების აკრძალვა, კლინიკური კარანტინი, დისტანცირებისა და ჰიგიენის წესების დაცვა, მაგრამ კორონას გავრცელებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა კომენდანტის საათის შემოღებას, ავტომობილების მოძრაობის გაჩერებას, ავტომობილებში რაოდენობის და წინ დაჯდომის შეზღუდვას, გარდა ამისა, არასწორი იყო სტომატოლოგიური კლინიკებისა და აგრარული ბაზრების დაკეტვა. გარდა ამისა, შემიძლია ხელისუფლების უამრავი შეცდომა და მავნებლობა ჩამოვთვალო ამ 2 თვის მანძილზე…
-ხელისუფლების რა შეცდომა–მავნებლობებს გულისხმობთ?
პარლამენტს, ნაცვლად იმისა, რომ მიეღო კანონები: „სასურსათო უსაფრთხოების შესახებ“; „მიწის კოდექსი“ (ერთადერთი ქვეყანა ვართ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც მიწის კოდექსი არ გააჩნია); შეეცვალა ტენდერების არსებული მახინჯი სისტემა, როდესაც ტენდერებისას პრიორიტეტი ადგილობრივ წარმოებას არ ენიჭებოდა, რა ვნახეთ? 6 აპრილს გამობრძანდა პარლამენტარი ქ–ნი ნინო წილოსანი და განაცხადა: “პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული ზიანის და გავლენის გენდერულ ანალიზს მოამზადებსო“.
სოფლის მეურნეობის მინისტრს, ნაცვლად იმისა, რომ ჩექმები ჩაეცვა და მიწების ხვნა–თესვის სამუშაოების ზედამხედველობა გაეწია და დაეგეგმა, სად რა კულტურა დათესილიყო და სად რა მოსავალი უნდა მიეღო ქვეყანას, ბრიფინგებზე კეკლუცობდა და წარმატებებზე საუბრობდა. 11 მაისს კი ორსართულიანი საკონფერენციო დარბაზის ასაშენებლად, 1 მილიონ 665 ათასი ლარის ტენდერი გამოაცხადა!
იგივე მინისტრმა 17 მარტს გამოსცა ბრძანება, რაჭაში, მდინარე რიონზე ონის ჰესების კასკადის მშენებლობის ნებართვაზე. დიდი ჰესების მშენებლობას კი ვითომ ენერგოდამოუკიდებლობით ამართლებენ, სინამდვილეში კი ხელისუფლების ზედა ეშელონების ბიზნესპროექტია და რაჭასა და სვანეთისთვის დიდი საფრთხის შემცველი. 2020 წლის 8 აპრილს კი მთავრობის გადაწყვეტილებით (დადგენილება ¹225) საქართველოში ფრინველის ხორცის იმპორტზე 5%-ით ზევით წყლის შემცველობაზე კონტროლი მოხსნეს! ამ ნაბიჯმა დიდი შანსია ადგილობრივი წარმოებები გააჩეროს! შეგახსენებთ იმასაც, რომ ყველა პირველადი პროდუქცია გათავისუფლებულია დღგ–სგან, გარდა ნედლი ქათმის ხორცისა, რომელიც იბეგრება 18%. არ მოახდინეს ბიუჯეტის კორექტირება და ყველაფერი ისევ ისე დატოვეს, როგორც დეკემბერში იყო განსაზღვრული, შესაბამისად: განათლების სამინისტრომ 2020 წლის 16 აპრილის ხელშეკრულებით, პირველკლასელებისთვის 55 ათასი ჩინური წარმოების კომპიუტერი 31 მილიონ 350 ათას ლარად შეიძინა! საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 23 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებით 1 მილიონ 688 ათასის ავეჯი შეიძინეს (სკამი 1200 ლარად, მაგიდა 1700 ლარად) და სხვა მრავალი ასეთი ფაქტები… დამეთანხმებით, რომ დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით გაუმართლებელი ნაბიჯია.
– ახლახან სოფლის მეურნეობაში 300 მილიონი ხომ ჩაიდო?
-სოფლის მეურნეობის ნებისმიერი თანხით დახმარება, მითუმეტეს 300 მილიონიანი, კარგია, მაგრამ ისმის კითხვა, ამ დახმარებით ფერმერების ნაწილი მცირედით ისარგებლებს თუ სასურსათო უსაფრთხოების ამოცანას გადავჭრით? ჩემი აზრით, სამწუხაროდ არსებული გეგმა სერიოზული შედეგის მომტანი ვერ იქნება! არასწორი აქცენტების გარდა, ხვნა–თესვის სეზონი, ფაქტიურად, დამთავრებულია, ხოლო ფერმერებმა ამ დახმარების მისაღებად ახლა, 20 მაისიდან უნდა მიმართონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საბუთობანა კიდევ დროს წაიღებს, ეს დახმარება საგაზაფხულო სეზონისთვის დაგვიანებულია, შესაბამისად, ეს ქველმოქმედება უფროა, ვიდრე შედეგზე გათვლილი პროგრამა.
-პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რომელიც შეფასდა დიქტატურის დამყარების მცდელობად.
-“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებებით იგივე შეზღუდვების დაწესების უფლება ექნებათ, ოღონდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე! ანუ, პარლამენტის თანხმობის გარეშე აგვიკრძალავენ იმას, რაც მოეპრიანებათ! დიახ, ეს კანონი ანტიკონსტიტუციურია და დიქტატურის დამყარების მცდელობად შეიძლება შეფასდეს. როდესაც პარლამენტში ამ კანონმა დიდი აღშფოთება გამოიწვია, ოდნავ უკან დაიხიეს და მხოლოდ 15 ივლისამდე მიიღეს, თუმცა კონსტიტუციას 2 თვით დაარღვევ თუ 2 დღით, ორივე შემთხვევაში გაუმართლებელია.
ნანა სულავა
ალია №18
კომენტარები