ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი კახა მიქაია.
– ბატონო კახა, ბოლო პერიოდის მოვლენებიდან გამომდინარე, ასეთი პოლიტიკური სურათი იხატება, ჩვენს ხელისუფლებას და ოპოზიციას, ორივეს, ფსონი რუსეთ-უკრაინის ომზე აქვს დადებული. ომში თუ რუსეთი დამარცხდება, მას მოუსავლეში გაჰყვება „ქართული ოცნება“. ამასობაში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩალის ფასად ჩაიგდეს მთელი ქვეყანა ხელში. როგორ უნდა შევაჩეროთ ეს არნახული ძარცვა?
– პირველ რიგში, ვუსამძიმრებ უკრაინაში, ბახმუტისთვის ბრძოლებში დაღუპული ხუთი ქართველი მებრძოლის ოჯახებს და ახლობლებს. რუსეთთან ომში უკრაინის დამარცხების მომლოდინე ვაი-ქართველებო!!!თქვენ ვერასოდეს დააკნინებთ იმ ქართველების სიმამაცესა და თავგანწირვას, რომლებიც უკრაინაში ბრძოლის ველზე დაეცნენ. ჩვენ გავიმარჯვებთ, ურდო დამარცხდება!!!დიდება საქართველოსთვის უკრაინაში დაღუპულ გმირებს!!!
რაც შეეხება თქვენს კითხვას. ეს პროცესი კარგა ხანია მიდის, საკმოდ დიდი ხნის წინ დაიწყო. ქვეყნის უმნიშვნელოვანესი რესურსები ერთმა სახელისუფლებო კლანმა ჩაიგდო ხელთ. მე არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს ქართულმა საზოგადოებამ, რომ ეს განუკითხაობა შეაჩეროს, თორემ პოლიტიკური ოპოზიცია რისი გამკეთებელია, ვხედავთ. არაფრის გამკეთებელია ოპოზიცია და ეს ბოლო ხანებში, რამდენჯერმე ვნახეთ. საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ოპოზიცია ამ ქვეყანაში რადიკალურად ვერფერს შესცვლის. ძალიან რთული სიტუაციაა და არ მეგულება საქართველოში პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეეძლება „ქართული ოცნების“ დამარცხება და ხელისუფლების შეცვალა. ეს არის სამწუხარო რეალობა. რაც შეეხება „ნაცმოძრობას“, თქვენ ხედავთ, რა ხდება იქ. სამარცხვინო მდგომარეობაა „ნაცმოძრაობაში“. უკვე სამარცხვინო პარტიაა „ნაცმოძრაობა“. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო, „ნაცმოძრაობა“ დაეტოვებინა მთავარ ოპოზიციურ ძალად, შუა გაეკრიფა, როგორც თავადვე განაცხადა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე. ეს გეგმა სრულად განახორციელა, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად და ამის წყალობით, დღემდე შეინარჩუნა ხელისუფლება. ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია მეტყველებს ქართული საზოგადოების უძლურებაზე.
– უბედურება ის არის, ოპოზიცია შეიძლება გამოცვალო, მაგრამ საზოგადოებას ვერ გამოცვლი…
– ასეთ მდგომრეობაში მყოფ ქვეყანას როდესაც უყურებს ჩვენი საზოგადოება და ნიჰილიზმშია ჩავარდნილი, ეს არის კატასტროფა. ძალიან მიჭრს ამის თქმა, მაგრამ მე ასე ვუყურებ და ასე ვაფასებ ამ სიტუაციას.
– მარტო უძლური არ არის ჩვენი საზოგადოება და არც მხოლოდ ნიჰილიზმია მისი უმოქმედობის მიზეზი. გავიხსენოთ, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდი“, უკვე წლებია საზოგადოების რამდენ თვალსაჩინო წარმომადგენელს უხდის სოლიდურ თანხას – მეცნიერებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს, იმ ხალხს, ვინც პირველები უნდა იღებდნენ ხმას და განგაშს ტეხდნენ საქვეყნო გასაჭირზე, მაგრამ ამ სტიპენდიების დაკარგვის შიშით, ვერ უპირისპირდებიან ივანიშვილის ხელისუფლებას და ზოგი, ამ ფული გამო მას იცავს კიდეც და ზოგი ჩუმად არის. გარდა ამისა, მრავალჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვისაც ოფიციალურად არ უხდის ფულს ივანიშვილი, საზოგადოების ე.წ. ელიტის იმ ნაწილს, არაოფიციალურად უხდის მხარდაჭერის საფასურად. ეს სოციალურ ქსელში ძალიან კარგად ჩანს…
– შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. ქართული პოლიტიკური ელიტა, ბიძინა ივანიშვილმა იყიდა. ქართული კულტურული ელიტაც იყიდა. ივანიშვილმა იყიდა საქართველო. ძალიან მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ასეა და რა ვქნა? საზოგადოება, რომელიც ითმენს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას და მის გოშიებს, რომელიც ითმენს იმ მდგომარეობას, რომელშიც დღეს საქართველოა, ითმენს ქვეყნის შეცვლილ კურსს და ხედავს, რომ ქვეყანა მიდის რუსეთისაკენ, ითმენს ამერიკის და ზოგადად, დასავლეთის ყოველდღიურ ძაგებას, ითმენს შეურაცხყოფას, სიცრუეს, ქვეყნის გაჩანაგებას, შიმშილს, უფულობის გამო ამდენი ბავშვის სიკვდილს, ეს საზოგადოება არის სწორედ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გოშიების ღირსი.
– ისევ რუსეთ-უკრაინის ომზე მინდა გკითხოთ. ეს ომი შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს და ამ პერიოდში ბიძინა ივანიშვილის კლანის წევრები არა მარტო ქვეყანას იყიდიან, დაგვიკარგავენ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შანსებსაც. ან იმდენად გაგვიუარესებენ ამ შანსებს, შესაძლოა, თაობები დასჭირდეს იმის აღდგენას, იმ მდგომარეობამდე მისვლას, რაც თუნდაც 5 წლის წინ გვქონდა. ეს საფრთხეც ხომ არსებობს?
– კი, ცხადია, ეს რეალური საფრთხეა. ბიძინა ივანიშვილის, ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა, ჩვენ არ გავწევრიანდეთ ევროკავშირსა და ნატო-ში, საქართველო არ გავიდეს რუსეთის პოლიტიკური ორბიტიდან. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური მიზანი და ყველაფერი დანარჩენი, ამ მიზნის მიღწევას ემსახურება. ამ მიზანს თუ მიაღწია, ივანიშვილი საკუთარ თავს არასდროს დააბრალებს ამას, სხვებს გადააბრალებს. ივანიშვილი ვერ გადაახტება ვლადიმერ პუტინს, პირდაპირ გეუბნებით. მისი ყველა ქმედება დამოკიდებულია რუსეთზე, რუსეთის პოლიტიკასა და უშუალოდ, პუტინის დირექტივებზე. ვლადიმერ პუტინს არ უნდა საქართველო ევროკავშირში, არ უნდა ნატო-ში. ზოგადად, არ უნდა, რომ საქართველო გახდეს ცივილიზებული ევროპის ნაწილი. პუტინს საქართველო უნდა, როგორც რუსეთის უკანა ეზო. ამ დავალებას ბიძინა ივანიშვილი შეასრულებს მარტივი მიზეზის გამო – ის ვერ გაუწევს წინააღმდეგობას ვლადიმერ პუტინს.
– რაც მე ვთქვი, ასე ყოფილა საქმე. რაც მეტხანს იქნებიან ესენი ხელისუფლებაში, მით უფრო მეტად დაგვაშორებენ ევროკავშირსა და ნატო-ს.
– კი, ყოველი წუთი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნისა, აშორებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ს.
– მოდით ვაღიაროთ, ჩიხში ვართ, ბატონო კახა.
– კი, რა თქმა უნდა, ჩიხში ვართ.
– ასეთი გამონათქვამი არსებობს – თუ ჩიხში ხარ და ვერ გამოდიხარ, მაშინ უკან უნდა დაბრუნდე, უფრო ღრმად უნდა შეხვიდე ჩიხში და მოძებნო ის ერთადერთი გზა, რომელიც გამოგრჩა და რომელიც გამოგიყვანს აქედან. პირდაპირ გეტყვით, სახალხო აჯანყება ხომ არ არის ამ ჩიხიდან გამოსასვლელი ერთადერთი გზა და ეს გზა ხომ არ გამოგვრჩა?
– ძალიან კარგი შეკითხვაა. ვნახოთ. სახალხო აჯანყება შეიძლება ამას არ დაარქვა, ან დაარქვა, მაგრამ როდესაც საზოგადოება მიდის იმ წერტილამდე, რომ ვერაფერს ვერ აკეთებს, ვერაფერს ცვლის სამართლებრივი თვალსაზრისით, ასეთი რაღაცები ხდება ყველა ქვეყნაში. მით უფრო, რომ ოპოზიცია დისკრედიტირებულია და მას არ შეუძლია პოლიტიკურ ველზე ხელისუფლების დამარცხება. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც საზოგადოების მოთმინების ფიალა ივსება, მაშინ ხდება ასეთი რაღაცები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან.
კომენტარები