მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ, ფარული თვალთვალისა და მიყურადების საქმეზე, პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.
როგორც ანა დოლიძე აცხადებს, მმართველი გუნდი მათთვის საფრთხისშემცველ ყველა ოპონენტზე, ფართომასშტაბიან თვალთვალსა და მიყურადებას აწარმოებს.
ანა დოლიძემ პროკურატურაში სარჩელის შეტანა ტელეგადაცემა “პოსტ-ფაქტუმში” გასული სიუჟეტის შემდეგ გადაწყვიტა. სიუჟეტში შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, ივანე გულაშვილი ყვება, როგორ ავალებდნენ სხვადასხვა პირებზე თვალთვალს. გულაშვილმა შესაბამისი უწყების დავალებით, ფარული მიყურადებისა და მოსმენის მიზნით, სათვალთვალო კამერა პოლიტიკოს ანა დოლიძის საცხოვრებელ სახლშიც დაამონტაჟა.
“თუ ეს გაფრთხილებაა, რომ მე არ უნდა გავაკეთო დამოუკიდებელი ძალა და უნდა შევეშვა პოლიტიკურ საქმიანობას, როგორც ჩანს, ის ხალხი, ვინც ფარული ჩანაწერების დავალებას იძლევა და ახორციელებს, კარგად არ მიცნობს”, – განაცხადა მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა. ინფორმაციას მოძრაობა „ხალხისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.ასევე დაგაინტერესებთ
ანა დოლიძის თქმით, გავრცელებულ ინტერვიუში რამდენიმე კითხვის ნიშანია, რომელიც საგამოძიებო უწყებებმა აუცილებლად უნდა გამოიძიოს.
„ჩვენების თანახმად, ფარული ჩაწერა 2014 წელს ხორციელდებოდა, თუმცა ამ დროს მე საქართველოში არ ვიყავი. 2015 წლის ივნისში დავბრუნდი ქვეყანაში. მეორე კითხვის ნიშანი ისაა, რომ ჩვენება მიცემულია 2019 წელს, მაშინ, როდესაც მე ვიყავი მთავარი მებრძოლი სასამართლო „კლანის“ წინააღმდეგ და სალომე ზურაბიშვილს მაგიდაზე ედო „კლანის“ მოთხოვნა, ჩემი იუსტიციის საბჭოდან გაწვევასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე ეს მესმის როგორც პოტენციური გაფრთხილება, რათა ჩემნაირ აქტიურ ადამიანს თავი შეეკავებინა პოლიტიკური საქმიანობისგან. მესამე, და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, ივანე გულაშვილი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მას აქვს ფაილები ათასობით ადამიანის შესახებ და ამ ათასობით ადამიანიდან მასახელებს მხოლოდ მე. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ამ თემაზე გამოძიება, რომელსაც აუცილებლად ექნება საერთაშორისო წნეხი, რასაც პირადად ვუზრუნველვყოფ“, – აცხადებს ანა დოლიძე.
პოლიტიკოსი თემას სოციალურ ქსელშიც ეხმაურება და წერს, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც მოუწევს.
“სახლში შევარდნა და ფარული კამერების დამონტაჟება არის ლაჩარი კაცების ხელწერა. ირაკლი ღარიბაშვილს აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა, რა ტიპის ოპერაციასთან გვაქვს საქმე, რამდენად იყო ის საქმის კურსში, მან უნდა უარყოს ან დაადასტუროს ის, რაზეც სუს-ის თანამშრომელი საუბრობს”, – წერს ანა დოლიძე.
კომენტარები