ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.
– „ხალხის ძალა“ პარტიად გარდაიქმნა, კიდევ ერთი პრორუსული პარტიაც დარეგისტრირდა, რომელსაც ოთარ ფარცხალაძეს უკავშირებენ. როგორ ფიქრობთ, ეს პარტიები 5%–იან ბარიერს გადალახავენ და პარლამენტში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კოალიციას შექმნიან, თუ „ქართული ოცნება“ ვერ მოაგროვებს უმრავლესობისთვის საჭირო ხმებს?
– არა, ვერც ეგ პარტიები, ვერც „პატრიოტთა ალიანსი“და ვერც „კონსერვატიული“ მოძრაობა ვერ გადალახავენ 5%–იან ბარიერს. ისინი წაიღებენ „ქართული ოცნების“ ყოფილი მხრადამჭერების ხმებს, ამ ხმებს „ოცნება“ მაინც ვერ მიიღებს. მოკლედ, ეს ხმები ვერც „ოცნებას“ მიჰქონდა და მით უმეტეს, ოპოზიციას ვერ მიჰქონდა.
– რაში სჭირდება „ქართულ ოცნებას“, რომ ამ პარტიებმა გარკვეული რაოდენობის ხმები მიიღონ?
– იმიტომ აკეთებს, რომ ამ პარტიებმა ვერ გადალახონ ბარიერი, მიიღონ ხმების 2–3%, ამ დაკარგული პროცენტებიდან დაიმატოს თვითონ ხმები და ამ გზით შეივსოს ის 51%, რომელიც პარლამენტში უმრავლესობას მოუტანს. საარჩევნო ტექნოლოგია დავარქვათ. ესენი არ არიან პარტიები, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებენ, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს. ყველანი არიან „ქართული ოცნების“ სატელიტები და ასრულებენ საარჩევნო ტექნოლოგიის ფუნქციას. თუ ხმები 20% დაიკარგება და 3 სუბიექტი გადალახავს ბარიერს, გამოდის რომ 30 მანდატი უნდა გადანაწილდეს ამ 3 სუბიექტზე. ამ დაკარგული ხმებიდან თუ პროცენტებიდან, 11 მანდატს დამატებით მიიღებს „ქართული ოცნება“, 65 მანდატი ისედაც ექნება და ეს 11 მანდატიც რომ მივუმატოთ, 76 მანდატი ექნება, ანუ უმრავლსობა ახალ პარლამენტში. აი, ამას „ჩალიჩობენ“ და ამისთვის სჭირდებათ ის სატელიტი პარტიები. ეს არის „ქართული ოცნების“ გამარჯვების ძალიან მარტივი გზა.
– ხმების ამ ე.წ. ნარჩენების რამდენი პროცენტი უნდა დაიკარგოს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღოს უმრავლესობა?
– 10–დან 15 პროცენტამდე. 15 % მაქსიმუმია.
– ამ შემთხვევაში რამდენ მანდატს მიიღებს „ქართული ოცნება“?
– 10% არის 15 მანდატი. 5% არის 7მანდატი. ანუ 22 მანდატი თუ გახდება გადასანაწილებელი, პირველ და ბოლო მანდატს მიიღებს „ქართული ოცნება“, თუ 3 სუბიექტი გადალახავს ბარიერს და კიდევ 6 მანდატი ერგება. ჯამში, 8 მანდატს დაიმატებს და ეს 8 მანდატი არ ეყოფა იმ 76 მანდატის შესავსებად. შესაბამისად, „ოცნებას“ აწყობს 20 %–იანი დანაკარგი და მეტი. თუ ასე არ მოხდა, „ოცნებას“ დაკარგული აქვს ხელისუფლება. კოალიციას ვერ გააკეთებს ვერავისთან, რადგან ოპოზიციაში პარტია არ არის, რომელსაც დაიწყვილებს და რომელთან ერთადაც შექმნის საპარლამენტო უმრავლესობას. შესაბამისად, ოპოზიცია გააკეთებს კოალიციას და „ოცნება“ იქნება უმცირესობაში.
კომენტარები