“ალიას” ესაუბრება კონსტიტუციონალისტი ვალერიან ხაბურძანია.
– როგორც უშიშროების ყოფილ მინისტრს, გეკითხებით, ვის აქვს ამ ტიპის ფაილების დამზადება-შენახვაზე წვდომა? რომელ სამსახურს?
– ამისთვის სპეციალური სამსახურია, ძველი აბრევიატურით, საბჭოთა კავშირის დროს, საქართველოში იყო განყოფილება და ერქვა ოტო – (ოპერატივნო-ტეხნიჩესკი ოტდელ) ეს ზედმეტსახელი შემორჩა. მოგვიანებით, მერე გახდა ოპერატიულ ტექნიკური სამმართველო. ეს არის სამსახური, რომელიც ტექნიკურად უზრუნველჰყოფს პროცესს, არიან თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ ჩაწერას, თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ მოსმენას და გაშიფვრას და არის ოპერატიული თანამშრომელი, რომლის დავალებითაც ეს ხდება – მასაც აქვს შეხება ფაილებთან. წვდომა აქვს ოპერატიულ ტექნიკური სამმართველოს ხელმძღვანელებს და სპეცსამსახურების მაღალ ეშელონებს ასევე.
– და თუ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ხორციელდება მოსმენა?
– სასამართლო გადაწყვეტილების გარეშეც ხორციელდება, ალბათ, ეს უფრო ვიწრო წრისთვის არის, ასე ვთქვათ, სანდო ადამიანები, ამ სამმართველოდან ახორციელებენ მოსმენებს, რომლებიც არის უკანონო, ანუ სასამართლო სანქციების გარეშე. ჩვენ გვრჩება ერთი ვარიანტი კიდევ, რომელიც ყველას ავიწყდება, სატელეფონო ოპერატორებს შეუძლიათ კიდევ ამის გაკეთება ტექნიკურად. მათთან ეს ისედაც გროვდება და ვიღაცას ამის შეგროვება შეუძლია. ეს ხომ არ კონტროლდება წესიერად? მათაც შეუძლიათ საუბრის ჩანაწერები შეინახონ. რადგან მათ არა ჰყავთ ამისთვის სპეციალურად მომზადებული თანამშრომლები და სანდოობის ეფექტიც არ აქვთ, ნაკლებად იქნებიან ამით დაკავებული, მაგრამ ტექნიკურად და თეორიულად ეს სავსებით შესაძლებელია.
– რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ფაილებმა და როდის გგონიათ ჩაწერილი?
– ეს არის სააკაშვილის დროს ჩაწერილი, მის დროს ხდებოდა უკანონოდ მოსმენა ივანიშვილის ოჯახზე. 2012 წელს მაგ მოტივით მაგათი დაჭერა სისულელე იყო. რასაც ჩვენ მოვუსმინეთ, არასასიამოვნოა, მაგრამ ჩვენ სინამდვილეში ასეთი გარჩევები ხდება, ყველაზე საშიში ასეთი ქცევა მაშინაა, როცა ხდება ხელისუფლებების მხრიდან, მაგრამ იქ როგორც ჩანს, ეს ხდებოდა მანამდე სანამ ივანიშვილმა განაცხადა, რომ მოვიდოდა პოლიტიკაში.
– საუბარია იმაზეც, რომ ღარიბაშვილს უნდა დაურეკონ მინისტრებმა და რომელი მინისტრები ურეკავდნენ ღარიბაშვილს სააკაშვილის დროს?
– ზოგიერთ ჩემ ყოფილ თანამშრომელს უნდა ვუთხრა, ოტოებში კოტარიები რომ დატოვეს და ის ხალხი რომ დატოვეს, ვინც უკანონოდ იყენებდა ჩანაწერებს, ამის ბრალია ეს. ამ ხალხს აქვს ეს შეკრებილი და ვის რამდენი დუბლიკატი აქვს და ვისთან რა დევს, ღმერთმა უწყის. ეტყობა, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ინერციით გაგრძელდა მოსმენები და უკვე საშუალო დონის თანამშრომელსაც კი შეეძლო აეღო ჩანაწერები. ის ნომრები ავტომატურად იდგა. მე მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც ნაწილი მოსმენებისა არის გაკეთებული კომპიუტერული ვირუსით. გარდა ამისა, ნაწილი არის ძველი და ნაწილი შედარებით ახალი. რათა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულია მაშინ, როცა ესენი არიან ხელისუფლებაში. ჩუბინიძე იყო დაცვის პოლიციის თანამშრომელი. სააკაშვილს იცით, ვინ იცავდა? დაცვის პოლიცია. სააკაშვილის დაცვასაც ჰქონდა იარაღის გამოყენების უფლება, რადგან ისინიც დაცვის პოლიციელები იყვნენ. ეს ცოტა წინა პერიოდია, სანამ იარაღს ჩამოართმევენ, როცა ისინი თამამად მოძრაობენ და არ ფიქრობენ, რომ სააკაშვილი ასეთ რადიკალურ მეთოდებს მიმართავს. თარიღების მიხედით უნდა ინახოს. გლდანის ეპიზოდში თუ ჩანს იქეთა პირი, ხომ უნდა ახსოვდეს, როდის მოხდა ეს. ფაქტია ის, რომ ისინი ამ დროს ხელისუფლებაში არ არიან, მაინც დანაშაულის ზღვარზეა ეს საქმე იმ შემთხვევაშიც, თუ ამას აკეთებენ კერძო პირები, თუმცა, ხანდაზმულობა იქნება გასული. ყველაზე ცუდი იქნება, თუ ეს ყველაფერი გრძელდებოდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. თუ ამის დამადასტურებელი ფაქტები იქნება, ეს უკვე ძალიან სერიოზული საქმე იქნება. აი, მინისტრები დაგირეკავენ, ეს ჩანაწერი სპეციალურად მიწებებული მგონია, იმიტომ რომ მაშინ როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ვის უნდა ჩაეწერა?
– ივანიშვილს, მაგალითად.
– თავის შვილს უსმენდა?
– ღარიბაშვილს, ჩუბინიძეს… თავის დროზე ივანიშვილის დაცვის წევრი, სკანდალურად ცნობილი ბესო სურმავა, რომელმაც უამრავი ფარული ჩანაწერი ატვირთა, ამბობდა, რომ ივანიშვილის ბრძანებით ისმინებოდა ყველა პირი.
– ღარიბაშვილს უსმენდნენ დავუშვათ, მაგრამ ასეთ ფაილებს ხომ ეგრევე გაანადგურებდნენ. მე ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე, ინერციით უსმენდნენ, მაგალითად იმ ნაწილში, სადაც მინისტრებზეა საუბარი. აგერ სერგი კაპანაძე წერს ტვიტერზე, ხალხო, რა ხდება, ოლიგარქ ივანიშვილის შვილი, იწერდა საუბრებს, როგორ ავალებდა მინისტრებს და პრემიერ მინისტრს იმ ხალხის დასჯას, ვინც მას აგინებდაო. თავისი ინტერპრეტაცია გამოდო ტვიტერში. რაც ტელევიზიამ თქვა, ვინმემ გადაამოწმა? ვისაც უნდა დაიჯერებს, ვისაც უნდა არ დაიჯერებს. სააკაშვილის დროსაც იყო უკანონო მოსმენები და დღესაც გრძელდება, ესაა მანდ ყველაზე ცუდი. ეს არის წმინდა პოლიტიკური სავაჭრო თემა.
– და მაინც, რატომ არ ითხოვენ „ოცნების“ მომხრეები ჩანაწერის ექსპერტიზას? ხმის იდენტიფიცირებას, არის თუ არა ჩანაწერში მონტაჟის კვალი, ამის დადგენას?
– ხმის იდენტიფიცირება ასპროცენტიანად არ ხდება, ეს არის სავარაუდო ინდენტიფიცირება. მხოლოდ ხმის იდენტიფიცირებით ადამიანის დაჭერა გამორიცხულია, უნდა იყოს სხვა მტკიცებულებები. ეს ფაილები უნდა ინახოს ოპერატორთან რა ნომრებთან გავიდა, იმ ნომრების ტელეფონები ვის ეკუთვნის და ა.შ და შეიძლება მერე შეიქმნას მტკიცებულება. დაჭრილია ეს ფაილები, თუ არ არის დაჭრილი და ამგვარად ფალსიფიცირებულია თუ არა, მხოლოდ ამ ჩანაწერით, ამის იქეთ ვერაფერს დაადგენენ, თუმცა, ეს მაინც უნდა დაადგინონ. მე ვფიქრობ, პროკურატურა, სავარაუდოდ, იტყვის, რომ ეს არის უკანონო მასალა და მასზე არანაირ გამოძიებას არ აწარმოებს.
ალია
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დღეს სწორედ ჩანაწერების უკანონო მოპოვებისა და უკანონო გავრცელების მუხლით დაიწყო ძიება.
კომენტარები