ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი, მისი მისამართით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კრიტიკას აფასებს და ამბობს:
ღიმილი მომგვარა ამ ყველაფერმა იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე დიდი სიცრუე, ეს არის თავიდან ბოლომდე უარგუმენტო, უსაფუძვლო შეფასებები, მცდელობა იმის, რომ გარკვეულწილად შექმნილიყო საზოგადოებაში აღქმა, რომ თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციამ რაიმე პროცესთან მიმართებაში ხელმისაწვდომობა შეუზღუდა რომელიმე კომისიის წევრს.
ჯერ კიდევ, როდესაც 1 ოქტომბრის არჩევნები იგეგმებოდა და ცესკოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტი წარვადგინეთ, სხდომაზე განვიხილეთ მათ შორის, აუდიტის დაფინანსებასთან დაკავშირებული ბიუჯეტის საკითხები, სადაც კომისიის წევრებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა განხილვებში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ 2 თვით ადრე 17 კომისიის წევრმა და მთელმა აპარატმა იცოდა, რომ ასეთი პროცესი უნდა განხორციელებულიყო. არცერთ ეტაპზე, არცერთი შესაბამისი წევრის მხრიდან, რომლებსაც დღეს გარკვეული წუხილები გააჩნია, არცერთი კითხვა არ დასმულა პირადად ჩემ მიმართ, შესაბამისი შესყიდვების მიმართულებით თანამშრომლებთან, თუ რას ვაკეთებთ. პროაქტიულად 17-ვე წევრს მივაწოდე ინფორმაცია, რომ ჩატარდა ბაზრის კვლევა, მონაწილეობდა 3 კომპანია, ამ სამიდან ერთ-ერთმა შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების ჭრილში გადალახა ეს ეტაპები, რომელმაც უზრუნველყო 1 თვის მონაკვეთში შესაბამისი აუდიტორების საქართველოში მოვლენა, კენჭისყრის პროცესზე დაკვირვება, Smartmatic-თან თანამშრომლობა, რისი შედეგიც იყო ზუსტად დღევანდელი დღე.
ეს თითიდან გამოწოვილი თემებია. გიორგი სიორიძე არ არის ფინანსისტი, არც გიორგი კალანდარიშვილი. ნებისმიერ ეტაპზე მათ შეუძლიათ მოჰკითხონ ინფორმაცია კონკრეტულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მე მაინტერესებს, როდის ვის მიმართეს და არ მიიღეს პასუხები. ვის კომპეტენციასაც წარმოადგენდა ეს ყველაფერი, მანთ განახორციელეს. მე მივაწოდე საჯაროდ ინფორმაცია, რომ შერჩევის ეტაპი დასრულდა. კარგი იქნებოდა, რომ მათ თავად დაესვათ კითხვები. ბუნებრივია, არის მცდელობა, რომ ეს პროგრესი და გამჭვირვალობა გადაიფაროს და დისკრედიტირებული იყოს პროცესი, თავმჯდომარე, ტექნოლოგიები, ინსტიტუცია. ეს არის მიზანმიმართული მანიპულაცია, რომ თითქოს, ადმინისტრაციამ ხელი დაუფარა ვინმეს ინფორმაციის მიღებაზე.”
კომენტარები