ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი-პოლიტოლოგი, სოსო ცინცაძე.
ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელსაც არც ერთმა ქართულმა მედიასაშუალებამ ყურადღება არ მიაქცია – ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიისტომ განაცხადა, რომ შეხვდა ნატო–ს გენერალურ მდივანს, იენ სტოლტენბერგს და დეტალურად განვიხილეთ ფინეთის ნატო–ში გაწევრიანების პროცედურაო. ფინეთს დაჩქარებული წესით, ეგრევე მიიღებენ ნატო–ში და ეს იქნება შედეგი რუსეთის უკრაინაში აგრესიისა. კი, რეფერენდუმი უნდა გაიმართოს ფინეთში, ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანების თაობაზე, მაგრამ ფინეთის ყველაზე პოპულარულმა გაზეთმა „ჰელსინგერ სანომაატმა” ჩაატარა გამიკითხვა და 61% ემხრობა ქვეყნის ნატოში წევრობას, მხოლოდ 16% ეწინააღმდეგება. აქედან ჩანს, რა შედეგები დაიდება რეფერენდუმზე. გამოდის, რუსეთი უკრაინას ებრძვის იმიტომ, ნატო–ში არ შეხვიდე, ჩემს საზღვართან ნატო არ მინდაო და აგერ, სანკტ–პეტერბუგის ყურისძირში, ნატო–ს წევრი ქვეყანა ეყოლება. ფინეთი შევა ნატო–ში და ბალტიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე, სულ ნატო–ს წევრი ქვეყნები იქნებიან, თურქეთით დაწყებული, ფინეთით დამთავრებული. აი, რას მიიღებს მალე პუტინი.
ამას ისიც დაამატე, რომ პოლონეთის ვიცე–პრემიერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, პოლონეთი მზად არის, ამერიკის ატომური ბომბები განათავსოს პოლონეთის ამერიკულ სამხედრო ბაზაზეო. ესეც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგია. პოლონეთშიც მიიღებს ატომურ ბომბებს რუსეთი, ისევ ყურის ძირში. რუსეთმა უკვე წააგო ომი დასავლეთთან. რას იზამს პუტინი? ახლა ფინეთს შეუვარდება ჯარით? მერე პოლონეთსა და უკრაინაშიც ომს განაგრძობს? გაწყდება წელში და დედა ეტირება. ახლა ზელენსკი სულ რომ აიძულონ და მისთვის მიუღებელი ზავი დაადებინონ, რუსეთი მაინც წაგებული დარჩება დასავლეთთან ამ ომის შედეგებით. ევროპა საბოლოოდ გამოფხიზლდა, როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ რუსეთთან ცივილიზებული ურთიერთობა, ნორმალური ვაჭრობა, პარტნიორობა შეუძლებელია. პუტინი ძლიერი ტაქტიკოსია, მაგრამ არაფერია გრძელვადიან სტრატეგიაში, ვერ გათვალა, რომ ევროპა გაერთიანდებოდა. კიდევ რა მოხდა იცი, ევროპაში მთავარი? პრინციპებმა გაიმარჯვეს ფულზე. ევროპელებმა როდესაც დაინახეს, რომ სასწორზე დაიდო ფული, ბიზნესი, მოგება და მეორე მხარეს პრინციპები – დემოკრატია, ადამიანის უფლებები და სხვა დასავლური ღირებულებები, ადგნენ და პრინციპები აირჩიეს. აქამდე, ევროპაში სულ ბიზნესი, ფული უგებდა პრინციპებს. 2008 წელს საქართველოში ომისას, 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს, ბიზნესმა მოუგო პრინციპებს, მაგრამ ახლა ევროპელებმა თქვეს, ჩვენთვის მთავარი ფული არ არის, მთავარია დემოკრატიული ღირებულებები, რითაც ჩვენ განვსხვავდებით დიქტატორული რეჟიმებისგანო. ეს უკვე ფილოსოფიურ განზომილებებში გადადის და ეს ჩინურია პუტინისთვის.
„გამოდის, ევროპა აფინანსებს – რუსეთსაც და უკრაინასაც… ანეკდოტური სიტუაციაა…“ – სოსო ცინცაძე
კომენტარები