ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი “ინტერპრესნიუსთან“ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებაზე ამბობს:
“ჩემი დამოკიდებულება ერთგვაროვანია. არც წყენა მაქვს, არც სიხარული. რა თქმა უნდა, გარე სივრცეში პირბადის მოხსნა ზაფხულის პირობებში, როდესაც ადამიანები ისედაც ვერ ატარებდნენ, მესმის და მისაღებია. ღია სივრცეში, კაფე, ბარი, რაც კი მუშაობდა ვხედავდით, რომ პირბადის ტარების წესი დაცული არ იყო, ეს აუცილებლად ძალიან მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.
რაც შეეხება ღამით გადაადგილების საკითხს, რა თქმა უნდა, მესმის, რომ ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ იყო ხელისუფლება, მაგრამ 23:00 საათის შემდეგ ამის მოხსნა ავტომატურად გამოიწვევს ადამიანების სახლში გადანაცვლებას, თავყრილობებს, ქეიფს, მსგავს ღონისძიებებს. ამ გამოწვევების ფონზე, როდესაც საზოგადოება დაცული არ გვყავს, ახალი შტამებია და ასე შემდეგ, ძალიან რისკის შემცველია.
როგორც ზოგი ევროპული ქვეყნის გამოცდილება ამბობს, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს თუ იღებ, მაშინ უნდა თქვა, რომ სტუმრიანობა შეზღუდულია, ერთ ადამიანზე მეტს ვერ მიიღებ. კი ბატონო, გარეთ არ ავკრძალოთ, ვისაც უნდა ღამე 01:00-02:00 საათზე ისეირნონ, მაგრამ თავყრილობების სახლში პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია, აქ უნდა ჩაგვედო რეგულაცია, ამას შეცდომად განვიხილავ.
ნებისმიერი რეგულაციის შემსუბუქება ადამიანს ფსიქოლოგიურ წნეხს თითქოს უხსნის, რაც მას უფრო თავისუფალი ურთიერთობისკენ უბიძგებს და სოციალური დისტანცია იშლება.
ვაქცინაციის პროცესი ამ დროს რეალურად არ გვაქვს, მე ამ ყველაფერს, ასე ვაფასებ – ეს არის ვაქცინების უქონლობით გამოწვეული სევდის, ამ რეგულაციების მოხსნით გამოწვეული სიხარულით გადაფარვის მცდელობა”
შეგახსენებთ, რაც შეეხება, „ასტრაზენეკას“ დაახლოებით 5 000-მდე ვაქცინის დეფიციტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინის მოწოდებაში სერიოზული შეფერხებაა, რომელიც დაკავშირებულია ბევრ ფაქტორთან. მისივე განმარტებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტი ძირითადად შეიქმნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში და ე.წ. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში.
კომენტარები