ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
– ელოდით, რომ რუსეთის ამდენი მომხრე და ამდენი კოლაბორაციონისტი იქნებოდა ამ პატარა ქვეყანაში? საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მზად არის, ჩაბარდეს რუსეთს, თუ რუსეთი თბილისის აღებას დააპირებს. ელოდით ამას?
– ჯერ ხელისუფლების სილაჩრეზე ვთქვათ. ეს ბუჩქებში ჯდომა რა არის? ომი არ გვინდაო. ომი არც მე მინდა, მაგრამ პუტინს რაც არ უნდა მუხლებზე ეხოხიალო, თუ ომის დაწყება უნდა, თბილისის აღება თუ აქვს გეგმაში, მაინც აიღებს, რაც უნდა ეფერო. ამ მოფერებისა და ბუჩქებში ჯდომის შედეგია ანატოლი ბიბილოვის განცხადება, რომ რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე. ამას პუტინთან შეთანხმების გარეშე ბიბილოვი ვერ გადაწყვეტდა. რაც შეეხებათ რუსეთის მომხრეთა რაოდენობას, სამწუხაროდ, ბევრნი არიან, ეს უნდა ვაღიაროთ. მათთვის სამშობლო და თავისუფლება გადაქცეულია სუფრის ატრიბუტად. სუფრაზე შეიძლება ისეთი სადღეგრძელო თქვან სამშობლოზე, აგატირებენ და იმ სუფრას გაცდებიან თუ არა, სადაც რეალური საქმეა საკეთებელი, რეალური პოზიციაა დასაჭერი, იქ უკვე მონები არიან. საზოგადოების ამ ნაწილის ეს მონური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, წახალისებულია, მართულია, იდეოლოგიზირებულია, გამაგრებულია ხელისუფლების მხრიდან. ეს არის უდიდესი საფრთხე, კატასტროფა. ეს უკვე იმის წინაპირობაა, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. ზოგიერთი ქართველი სადაც გაძღა, იქ სამშობლო ეგონაო, ოტია იოსელიანმა თქვა. ესენი ოღონდ მაძღრები იყვნენ, ოღონდ ფული იშოვნონ, სულ ფეხებზე ჰკიდიათ ეს ქვეყანაც, 9 აპრილის და ამ ქვეყნისთვის დაღვრილი სხვა, უამრავი სისხლიც, რუსეთის ომებს შეწირული ჩვენი გმირების სახელებიც. მონობაში მაძღრად ყოფნა – აი, ეს არის ამათი იდეოლოგია!
– ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რაც რუსეთმა ჩაიდინა, იმ ქვეყნის პარტნიორობაზე, იმ ქვეყანასთან დიპლომატიური და სხვა სახის ურთიერთობის აღდგენაზე გველაპარაკებიან ხელისუფლების მართული პოლიტიკური ძალები, არასამთავრობოები და საზოგადოების ნაწილი. ვფიქრობ, ეს ნორმალური ადამიანისთვის შურაცხყოფაა. თქვენ რას იტყვით?
– აბსოლუტურად გეთანხმებით. ეს წარმოუდგენელია. ეს არის საკაცობრიო დანაშული. რაც ბუჩაში მოხდა. რაც ვნახეთ, იმდენად შემზარავია, თითქოს ადამიანმა კი არა, აპოკალიპტურმა მხეცმა ჩაიდინა. ომის წარმოება რეგლამენტირებულია, ომს თავისი წესები აქვს, ძნელად დასაცავი, მაგრამ მაინც იცავენ მეომარი მხარეები. რუსეთმა ყველა ეს წესი ფეხებზე დაიკიდა. ქვას აატირებს, ისეთი საშინელებები ჩაიდინეს რუსმა სამხედროებმა. ეს გამოიწვევს დეჰუმანიზციას თვითონ რუსეთის სახელმწიფოსი. აი, როგორც ჰიტლერული გერმანია დღემდე ბოდიშს იხდის, რომ ნაციზმი და ჰიტლერი შვა. ჰიტლერი არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლებაში და გერმანელი ხალხის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. ამის დღემდე რცხვენიათ გერმანელებს. ასე მოუწევს რუს ხალხს, თუ მათ თავად არ შეცვალეს პუტინის რეჟიმი, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებებში დადანაშაულებული ერი იქნება, თუ თავად არ შეცვალეს პუტინის სისხლიანი რეჟიმი. ამ რეჟიმთან რომელ ურთიერთობაზე შეიძლება ლაპარაკი? ამაზე მართლა ნორმალურმა ადამიანმა არც უნდა ილაპარაკოს. ახლა, ამ ველურების მხარეს რომ ხარ, ხელისუფლება ვგულისხმობ, დამთავრდა იქ ყველაფერი, დაკარგე ადამიანური სახე და ყველანაირი მორალური პრინციპებისგან დაცლილი ხარ.
„მონობაში მაძღრად ყოფნა – აი, ეს არის ამ ხელისუფლების იდეოლოგია!“ – გიორგი გუგავა
კომენტარები