ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ვახტანგ მაისაია.
– ბატონო ვახტანგ, რუსეთის მიერ კახოვკის წყალსაცვის აფეთქება რა მიზანს ისახავდა? ტერაქტი იყო თუ რაიმე სამხედრო ტაქტიკურ ან სტრატეგიულ მიზანს ემსახურებოდა?
– ეს იყო სუფთა სამხედრო დივერსია, რომლის გაკეთებაც რუსებს დასჭირდათ, უკრაინის სამხედრო ძალების ზაპოროჟიეს ფრონტის მიმართულებით შეტევის შესაჩერებლად, განსაკუთრებით ჩრდილოეთის მიმართულებით. უკრაინელები ზაპოროჟიეს ჩრდილოეთით ეფექტურ შეტევას ანხორციელებენ და მისი პარალიზება უნდოდათ რუსებს. უკრაინელებმა გაარღვიეს დონეცკის ფრონტის სამხრეთის მიმართულება და ქალაქი ნოვო დონეცკი აიღეს. ფაქტიურად, წინ წავიდნენ სააკმაოდ ოპერატიულად დიდ სიღრმეში, 10 კილომეტრში. იქ რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის იქმნებოდა საფრთხე, თუ უკრანელები მდინარე დნეპრს გადალახავდნენ და დაარტყამდნენ სწორედ კახოვკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით, მაშინ რუსების ძალიან დიდი სამხედრო დაჯგუფება აღმოჩნდებოდა ალყაში. რუსეთისთვის განმეორდებოდა ხარკოვის კატასტროფა, სადაც რუსებმა დაკარგეს ელიტარული სამხედრო დაჯგუფებები და ასევე, განადგურდა მე–200 პოლკი და 58–ე არმია, რომელიც 2008 წელს საქართველოში იბრძოდა და კიდევ რამდენიმე ბატალიონი. როგორც ჩანს, რუსეთის გენერალურმა შტაბმა მიიღო დავალება უშუალოდ უმაღლესი მთავარსარდლისგან, პუტინისგან, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქებით, დროებით შეეჩერებინათ მტრის შეტევა ამ კონკრეტული მიმართულებით.
– უკრაინაში ბევრი კაშხალია, რომელთა აფეთქებით ხალხს დიდი ზიანი მიადგება და ამ გზით უკრაინელთა შეტევებს რუსები გააჩერებენ? კახოვკის კაშხლის აფეთქებით, რუსებმა დროებით შეაჩერეს უკრაინელთა შეტევა და სამომავლოდაც უნდა ველოდოთ რუსეთისგან ამ მიზნით ამგვარი ტიპის დივერსიულ აქტებს?
– ზოგადად, არაფერზე რუსეთი უკან არ დაიხევს და თითქმის ყველაფერზე წავა, რათა ამ ომში წარმატებას მიაღწიოს. დივერსიული აქტებიც ომის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად, ამგვარი აქტებით, ცხადია, უკრაინელეთა შეტევებს ვერ შეაჩერებს რუსეთი, მხოლოდ შეაფერხებს კონკრეტული მიმარულებით უკრაინის არმიის შეტევებს, როგორც ახლა მოხდა. კახოვკის კაშხალი ერთ–ერთი უდიდესი კაშხალია ევროპაში. ამ წყალსაცავიდან წყალი მიეწოდებოდა ოკუპირებულ ყირიმს, გამოიყენებოდა ხერსონის ყველაზე ნაყოფიერი მიწების ირიგაციისთვის, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის საკმაოდ სერიოზული მომსახურებისთვის, ამ კაშხლიდან მოწოდებული წყლით აგრილებდნენ – აციებდნენ სადგურის რეაქტორებს და ბუნებრივია, უკრაინაში არის ელექტეროენერგიის გამომუშავების ყველაზე მსხვილი წყარო. ეს უკვე სტრატეგიული დანიშნულების ობიექტია და გეო–სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. ეს დაახლოებით იმ მასშტაბის დივერსიული აქტი იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს „დრენპრო ჰესი“ რომ ააფეთქა საბჭოთა მხარემ, გერმანელთა წინსვლა რომ შეეჩერებინათ.
– კი, ამ კაშხლის აფეთქებით ყირიმის ნაწილი, სადაც რუსეთის მოქალაქები ცხოვრობენ. უწყლოდ დარჩა. ეს კი ბევრს აფიქრებინებს, რომ უკრაინამ ააფეთქა კაშხალი, რადგან რუსეთი ყირიმელებს უწყლოდ არ დატოვებდა.
– რუსეთისთვის უკრაინის არმიის შეჩერება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ყირიმის ნაწილის დროებით უწყლოდ დატოვება. ამ ვერსიას ვინც ავითარებს, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ყირიმში თავის მოქალაქეებს არ დააზარალებდა, მათ შევახსენებ, რომ უკრაინამაც დიდი ზარალი ნახა კაშხლის აფეთქებით. უამრავი დასახლება დაიტბორა, ხალხი სახლების გარეშე დარჩა და და გლეხებს თუ ფერმერებს, მიწები მოურწყავი შეიძლება დარჩეთ.
კომენტარები