ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია, შვილის მკველობის მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ ქართული მხარის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ოფიციალურ მოტივად დაფიქსირებულია ყოფითი შელაპარაკება პროდუქტის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაგზავნისას.
როგორც გიგა ოთხოზორიას დედა ამბობს, რეალურად, მისი შვილი სამშობლოს სიმბოლიკის, პასპორტის დაცვისა და ქართველი ახალგაზრდის დაჩაგვრის ფაქტის გაპროტესტების გამო მოკლეს.
“გიგა ოთხოზორია, მართალია იქ პროდუქტების გადასაგზავნად იყო მისული, მაგრამ იმის გამო კი არ მოხდა შელაპარაკება, რომ მას უარი უთხრეს პროდუქტების გადაგზავნაზე. ესაა ის რაც გულს მიკლავს, რომ არაა დაფიქსირებული რისთვის მოხდა იქ შელაპარაკება. ჩემი შვილი იმ მომენტში შეესწრო, ქართველი ახალგაზრდა ბიჭის დაჩაგვრას, ქართული პასპორტის შეურაცხყოფას, რომელიც მესაზღვრეებმა გამოართვეს ახალგაზრდას. დაუგდეს პასპორტი, ზედ დაუფურთხეს და ამ დროს მივიდა იქ ჩემი შვილი. არანაირ პროდუქტის გადაგზავნაზე შელაპარაკება არ მომხდარა. ეს დადასტურებული ამბავია, თუმცა არცერთ სასამართლო პროცესზე და არცერთ შეხვედრაზე ამას ხაზი არ გასმია. ოფიციალური ვერსიაა თითქოს შელაპარაკება მოხდა ყოფით ნიადაგზე. ეს არ იყო ასე ჩემო კარგებო, არც არავის არ მოუნდომებია დაემტკიცებინა, რომ ეს იყო თავისი სამშობლოს სიმბოლიკის პასპორტის დაცვის და ქართველი ახალგაზრდის დაჩაგვრით გამოწვეული აღშფოთება, რომელიც გამოხატა ჩემმა შვილმა, – ამბობს გიგა ოთხოზორიას დედა “მთავარი არხის” ეთერში.
ცნობისთვის, შეიარაღებულმა საოკუპაციო ძალების წარმომდგენლებმა 30 წლის გიგა ოთხოზორია საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან, 2016 წელს მოკლეს. მკვლელობა თვითმხილელებისა და სათვალთავლო კამერის თვალწინ მოხდა. ოთხოზორიას მკვლელი რაშიდ კანჯი-ოღლია, რომელმაც წაქცეული ოთხოზორია თავში საკონტროლო გასროლით მოკლა. მკვლელი ამ დრომდე დაკავებული არ არის.
კომენტარები