ლევან ჯავახიშვილი, ალია
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი.
– ბატონო გია, საუბარს იმ თემით დავიწყებ, რომელმაც ორად გაყო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ზოგი ხელისუფლების დაფიქსირებულ პოზიციას ამართლებს რუსეთ–უკრაინის ომის მიმართ, ზოგი მისგან უფრო ხისტ და აქტიურ ქმედებებს მოითხოვს უკრაინის მხარდაჭერის კუთხით. თქვენ როგორ შეაფასებთ ხელისუფლების ამ პოზიციას?
– ჩვენმა ხელისუფლებამ საკუთარი პოლიტიკის ქვაკუთხედად აქცია რუსეთის მიმართ შიში, რუსეთის „არგაღიზიანების პოლიტიკა“. ხელისუფლება ცდილობს, მიჰყვეს ისტორიის დინებას და რომელ ნაპირზეც გარიყავს, იმ ნაპირზე დასახლდება. ჩემი აზრით, დღევანდელ სამყაროში, ევროპაში „რკინის ფარდის“ დაშვება ხდება, ევროპა ორ სამყაროდ იყოფა, ეს სრულიად აშკარაა. ზუსტად არ ვიცით, სად გაივლის ამ „რკინის ფარდის“ საზღვარი, მაგრამ ფაქტია, რომ „რკინის ფარდა“ ეშვება და ჩვენ ჯერ არ გადაგვიწყვეტია, რომელ მხარეს მოვხვდებით, არ ვმონაწილეობთ ამ პროცესში. ამ სიმხდალეს, კოლაბორციონალიზმის ზღვარზე გამავალ პოლიტიკას, ეძახიან სიფრთხილეს და სიბრძნეს. ეს ძალიან სამწუხაროა და ძალიან ძვირი დაუჯდება საქართველოს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს უკრაინაში, საქართველოსთვისაც იღვრება სისხლი. უკრაინული ხალხის გმირობა რომ არა და რუსეთს რომ დასახული სამხედრო მიზნებისთვის მიეღწია, დაეპყრო უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილი მაინც, მეორე დღესვე ჩვენ მოგვადგებოდა. ეს აშკარაა და ამას არც მალავდნენ, არც დღეს მალავენ რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელისუფლების წარმომადგენლები, არც ვლადიმერ პუტინი – მათი სტრატეგიული გეგმა რაღაც ფორმით საბჭოთა კავშირის აღდგენაა და ამას ღიას აცხადებენ. ცხადია, უკრაინის მერე რიგში ჩვენ ვიყავით და ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ვართ, რადგან ომი არ დასრულებულა. ეს დღემდე რომ არ მოხდა, მთლიანად უკრაინელი გმირების დამსახურებაა. ფაქტობრივად, ისინი ჩვენც გვიცავენ. ომი საქართველოსთვისაც მიდის უკრაინაში. ამის არ დანახვა, არ დაფასება არ შეიძლება. არავინ ეუბნება ჩვენს ხელისუფლებას, გინდა თუ არა, ომის წინა ხაზზე გაგზავნე ჯარი და უკრაინის მხარეს იბრძოლეო. თუნდაც იმასთან მიერთება, რასაც გლობალური სოლიდარობა ჰქვია, რუსეთისთვის გარკვეული ფორმით წინააღმდეგობის გაწევა, შესაძლო მეთოდებით, ეს იქნება სანქციები, სხვა ტიპის დახმარება, უკრაინის მხარდამჭერი ფასეული განცხადებები, ამასაც არ აკეთებს ხელისუფლება. შემოიფარგლება მხოლოდ რაღაც ფორმალური კნავილით საერთაშორისო ფორუმებზე და ეს კნავილი, 50 ქვეყნის წიაღში იკარგება. დღეს ჩვენ აშკარად უნდა გვქონდეს გამოკვეთილი პოზიცია. გარდა ამისა, უკრაინის ხელისუფლების მიმართ ჩვენი სახელისუფლებო პოლიტიკოსების დამოკიდებულება, ზელენსკის, მისი მთავრობის ლამის „ნაცებად“ მონათვლვა და მათი კრიტიკა, მსუბუქად რომ ვთქვათ, უდიდესი შეცდომაა. დღეს ზელენსკი არის გლობალური გმირი. ის არის, მსოფლიო პოლიტიკაში #1 ფიგურა, რომლის კეთილგანწყობაზეც ყველა ოცნებობს. კი, გასაგებია, მან გააკრიტიკა ჩვენი ხელისუფლება, ელჩიც გაიწვია საქართველოდან კონსულტაციებისთვის და არც ეს იყო სასიამოვნო. თუმცა, ზელენსკი აკრიტიკებს იმავე დასავლეთსაც, რომელიც გვერდით უდგას, მათგან მეტს მოითხოვს – იტალიიის, საფრანგეთის, გერმანიის პარლამენტებში გამოვიდა და იქაურ დეპუტატებს პირში უთხრა საყვედური. ამის გამო ზელენსკი ევროპაში არავის გაუკრიტიკებია. პირიქით, აპლოდისმენტებითა და ფეხზე ადგომით შეხვდნენ მის კრიტიკულ გამოსვლებს და ამის მერე სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებები გაუზარდეს ამ და სხვა ქვეყნებმა, ასევე, ფინანსური დახმარებები იარაღის შესაძენად. ზელენსკის დასავლეთი ეფერება, რადგან ხედავენ, რომ ეს ადამიანი ყოველდღიურად სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე დგას. ჩვენი „მაგარი ბიჭები“, ისეთი უტიფარი კომენტარებით პასუხობენ ამ ყველაფერს, ფაქტია, სათქმელი არაფერი აქვთ. ეშინიათ, რეალობას გაუსწორონ თვალი. გარდა ამისა, ვფიქრობ, ეს სიფრთხილისა და არ გაღიზიანების პოლიტიკა რუსეთს უქმნის იმის ილუზიას, რომ საქართველოს სრული ოკუპაცია და მერე ანექსია ძალიან ადვილად შეიძლება. რუსეთი უკრაინის მაგალითზე მშვენივრად მიხვდა, რომ შესაძლოა, ტერიტორიის რაღაც ნაწილის ოკუპაცია მოახდინოს, მაგრამ თუ საკმარისი ნოყიერი ნიადაგი არ დახვდა ადგილზე, საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ მოგემხრო, ადგილზე კოლაბორაციონისტული ადმინისტრაციის ფორმირება ვერ მოახერხე, დაკავებული ტერიტორიის შენარჩუნება ან ძალიან გაგიჭირდება და დიდი მსხვერპლისა და დანაკარგების ფასად დაგიჯდება, ან საერთოდ ვერ შეინარჩუნებ მას, ფეხს ვერ მოიკიდებ – დაიპყრობ, მაგრამ ვერ გააკონტროლებ. საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ ხელს არ უშლის ამ კოლაბორაციონისტულ ძალებს, ამ „მეხუთე კოლონას“, რომელიც საქართველოში ეპატიჟება რუსეთს და რუსული სამხედრო ბაზების განთავსებაზე ოცნებობს, ხშირ შემთხვევაში კვებავს კიდეც მათ და არა მხოლოდ პოლიტიკურ ძალებს – მედიას, გარკვეულ საზოგადოებრივ ჯგუფებს. ამით რუსეთს უქმნის განცდას, რომ ადვილი იქნება საქართველოს დაპყრობა და რაც მთავარია, შემდგომში, მისი გაკონტროლება. ეს პოლიტიკა, მოდი რუსეთი არ გავაღიზიანოთ და არ შეგჭამს, უკეთეს შემთხვევაში სიბრიყვეა, უარეს შემთხვევაში დანაშაულია.
– ხელისუფლება ამ კოლაბორაციონისტულ პოლიტიკას მართლა ქვეყანაში მშვიდობის დასაცავად, ხალხზე ზრუნვის გამო რომ ატარებდეს, ამას გავიგებდი. ბოლოს და ბოლოს, დე გოლმა ჩააბარა საფრანგეთი ფაშისტურ გერმანიას და ისტორიაში სხვა ამგვარი ფაქტები უამრავია. თუმცა, ყველამ კარგად იცის, რომ ამას ხელისუფლების შესანარჩუნებლად აკეთებს, რადგან დასავლეთთან, რუსეთის გამო, რუსეთის კარნახით, ყველა ხიდი გადაწვა ბოლო წლებში, ყველა დაიპირისპირა და მისი ერთადერთი იმედი რუსეთია. თქვენ რას ფიქრობთ?
– ამ ხელისუფლებას არ გააჩნია ფასეული არჩევანი, არ აინტერესებს ქვეყნის განვითარება. მისი ერთადერთი ფასეულობა არის ძალაუფლება. ამიტომ ვამბობ, კარგ შემთხვევაში ისინი მიჰყვებიან ისტორიის დინებას, არ ჩაერიონ დიდი ბიჭების ჩხუბში, საითაც გარიყავს ისტორია, იქით იცხოვრებენ. ან გააგრძელებენ “ნატო–ს გაუმარჯოს“ ძახილს და ან „გაუმარჯოს წითელ არმიას“ იყვირებენ. ცოტა დაბნეულები არიან ახლა. უკრაინის ფრონტზე ვითარება არაერთგვაროვანია, მოვლენები იცვლება. ხან ერთ დროშას გამოიღებენ და ხან – მეორეს. რუსეთის არხებზე გადართავენ ტელევიზორებს, რუსეთი იგებს ომს და რუსეთის დროშას აფრიალებენ. გადმორთავენ „ევრონიუსზე“ უკრაინა იგებს და უკრაინის დროშა უკავიათ ხელში. ასეთ შავ დღეში არიან.
კომენტარები