ambebi.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ჩანაწერის ავთენტურობაში დარწმუნებულია და არ გამორიცხავს იმასაც, რომ შესაძლოა ის “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც უკავშირდებოდეს:
“ამ ინტერვიუდან დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ტექსტი ავთენტურია თუ არა, ამაზე ლაპარაკიც არ არის. მისივე განცხადებიდან გამომდინარე, ბერა ერთადერთი, “ტრის“ უარყოფს… ახლა მნიშვნელოვანი ისაა, დადგინდეს (თუ ვინმეს ამის დადგენა უნდა), როდინდელია ეს ჩანაწერი, ანუ დროის ფაქტორი. “ტვპირველს“ აქვს მთლიანი ჩანაწერი და შესაძლოა, იქ იყოს ისეთი ნაწილები, რომელიც დროსაც დააზუსტებს. ერთადერთი, რისი უარყოფაც მათ გააკეთეს, ეს არის ფრაზა “ტრი“, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს არის “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთებული ჩანაწერი და ამათ უნდოდათ ხაზი გაესვათ იმისთვის, რომ ჩანაწერი ახალი არ არის. ამ შემთხვევაში უკვე ლაპარაკი იმაზე, რომ მათ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენეს, არ იქნება, თანაც, ბერას მიერ ეს ყველაფერი ისე იქნა მიწოდებული, რომ მას დასდევდნენ და ავიწროებდნენ, რაც 2011 წლის ზაფხულში ნაკლებ სავარაუდოა. თუმცა გადაჭრით რაიმეს თქმა რთულია. არ მინდა ვიმკითხაო, ტექსტი არსებობს, საიდანაც შეიძლება დადგინდეს, როდის არის ეს ჩანაწერი გაკეთებული.
არა მგონია, ჩანაწერი “ნაციონალების” მიწოდებული იყოს. არ ვიცი, შეიძლება მათ ახლა მოიპოვეს ეს ჩანაწერი, მაგრამ მათ რომ ის ჰქონოდათ, ამას 2011-2012 წლებში გამოიყენებდნენ და შემდგომი არჩევნების დროსაც. “ნაციონალებს” საკმაოდ კარგი “გამოცდილება“ აქვთ ნიუსების შეკერვის, ფალსიფიცირების და მიწოდების. არის მეორე ვარიანტი – შესაძლოა, “ნაცებიდან” ვიღაცას ეს ჰქონდა, მაგრამ თავის დროზე დამალა, თავის გადარჩენის მიზნით ჰქონდა შემონახული. სახელმწიფო რომ თავის ფუნქციას ასრულებდეს, რა თქმა უნდა, პროკურატურა უნდა დაჯდეს და ყველაფერი გამოიძიოს, ვინაიდან, ფაქტია, ეს ჩანაწერი დანაშაულის ნიშნების შემცველია. საქართველოში როგორი ობიექტურიც არ უნდა იყოს გამოძიება, საზოგადოების ნაწილი ამას არც ერთ ვარიანტში არ გაიზიარებს, ამ პროცესისადმი მიდგომა იქნება პოლიტიკური გუნება-განწყობის მიხედვით – ვინც არ დაიჯერებს, ის ნაცმოს უჭერს მხარს და ვინც დაიჯერებს – “ოცნებას“. სამწუხაროდ, სხვაგვარად არ აზროვნებს ჩვენი საზოგადოება.
საქმეზე ობიექტურობისა და ჭეშმარიტების დასადგენად, უმჯობესი იქნება უცხოელი ექსპერტების ჩართულობა, თუ არა და ეს თემა მუდმივად პიარის თემად დარჩება.”
კომენტარები