საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
საქართველოს ხელისუფლება ითხოვს ბოდიში მოვუხადოთ ძალას, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას ეთნიკური წმენდა მოუწყო და მათი დასახლებები მიწასთან გაასწორა. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ საქართველომ გაბედა და საკუთარი ტერიტორიებისა და მოსახლეობის დაცვა სცადა. ამის კი არამხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც ჰქონდა.
გაეროს 51-ე თავის მიხედვით ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს თავდაცვის უფლება. ასევეა გაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში. პრეცედენტულ სამართალშიც ასეა და ე.წ. “კაროლინას ტესტის” მიხედვით პირველი დაცემული ბომბი შენს ტერიტორიაზე ნიშნავს თავდაცვითი ომის წარმოების უფლების მოპოვებას. ქართული დასახლებების ინტენსიური დაბომბვა კი 2008 წლის ივნისიდან დაიწყო.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს ცნობდა აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო, მათ შორის რუსეთიც. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალია. შესაბამისად, ნებისმიერი დაცემული ბომბი ცხინვალის რეგიონსა თუ მის მიღმა ნიშნავს, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ძალის მიერ წარმოებულ აგრესიას. მასზე პასუხის უფლება კი არა ვალდებულება გვქონდა და მომავალშიც ასე იქნება.
ქართულ სოფლებზე იერიში არა 7 აგვისტოს, არამედ ივნის-ივლისში დაიწყო, რასაც ადასტურებს არაერთი საერთაშორისო დასკვნა, ხოლო 7 აგვისტოს ღამიდან მოყოლებული, რუსეთმა წამოიწყო არამხოლოდ ცხინვალის რეგიონის, არამედ დანარჩენი საქართველოს საავიაციო, სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვა. და ეს მაშინ, როდესაც ქალაქი ცხინვალი მთლიანად დაცლილი იყო მოსახლეობისაგან (2 აგვისტოს გაიყვანეს მოსახლეობა რუსებმა), ქალაქში კი მთლიანად სამხედრო ძალები იყვნენ განთავსებულნი.
შესაბამისად 2008 წელს რუსეთმა აწარმოა თავდასხმითი ომი საქართველოს წინააღმდეგ, მანამდე კი პირდაპირ მხარს უჭერდა ადგილობრივი რუსეთის მიერ ორგანიზებული სეპარატისტული ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვებსა თუ ტერორისტულ აქტებს საქართველოს ტერიტორიაზე – ცხინვალის რეგიონსა და მის მიღმა.
ომი წინასწარ იყო მომზადებული, დაგეგმილი და განხორციელებული, რასაც მოჰყვა მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და ეკოციდი (გარემოს მიზანმიმართული განადგურება, რომელიც განხორციელდა ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკში ტყიანი მასივის ნაწილის განადგურებით). წინასწარ მომზადების შესახებ თავად პუტინს აქვს განცხადებული. მისი თქმით საქართველოს წინააღმდეგ ომი 2006 წლის ბოლოს დამტკიცდა. საქართველოს საავიაციო დაბომბვა კი რუსეთმა 2007 წლის აგვისტოში წითელუბანზე განახორციელა. ანუ სრულმასშტაბიან ომამდე ერთი წლით ადრე. მანამდე კი გორში ტერორისტული აქტი განახორციელეს და პოლიციის შენობა ააფეთქეს. უფრო ადრე ქართული პოლიციის კადეტები მოიტაცეს და ცხინვალში საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენეს – დააჩოქეს. ეს ყველაფერი ომის წინაპირობები იყო.
ომის შემდეგ კი ცხინვალის რეგიონში დატყვევებული მოსახლეობა გალიებში გამოკეტეს ცხინვალში, თავად კი რუსულ გერგიევის კონცერტს უსმენდნენ. თან გადამწვარ ქართულ სახლებზე აწერდნენ თბილისი უნდა ავიღოთო.
საქართველოს ჰქონდა თავდაცვითი ომის წარმოების სამართლებრივიცა და მორალური როგორც უფლება, ისე ვალდებულება. შესაბამისად დღეს თუკი ვინმეს უნდა ასამართლებდნენ ესაა ვლადიმერ პუტინი.
იმაზე საუბარი, რომ საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე აწარმოა თავდასხმითი ომი, გარდა იმისა რომ არაადეკვატურია, შეიცავს ქვეყნისათვის დამაზიანებელ განცხადებებს. საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ. ეს იგივეა საკუთარ სახლში მეზობელზე თავდასხმაში დაგწამონ ცილი.
დღეს საქართველოს ხელისუფლების განცხადება წააგავს საოკუპაციო ხელისუფლების განცხადებას. დღეს სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება ქვეყნის სუვერენულ უფლებებს აღარ ცნობს, რაც იმაზე სეროზული პრობლემაა ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
კომენტარები