„ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია.
– ამ ხელისუფლებამ, სამჯერ აღძრა სისხლის სამართლის საქმე „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ. სამჯერვე 317–ე მუხლით, ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა. ამ მუხლით, არც ერთი ადამიანი არც კი დაუკავებიათ. არც ერთხელ, ეს დაწყებული გამოძიებები ბოლომდე ვერ მიუყვანიათ. ეს რომ გაეკეთებინათ, რამდენიმე ბუნტისთავი „ნაციონალი“ რომ დაეჭირათ, რისი სამართლებრივი საფუძვლებიც ჰქონდათ, ეს ამბები აღარ მოხდებოდა.
– ვერ მიიყვანეს კი არა, არ მიიყვანეს ბოლომდე არც ერთი ეს საქმე. ფაქტია, დღევანდელ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი აწყობს ოპონენტად, რათა დარჩეს ხელისუფლებაში.
– მაშინ, გამოდის, რომ ეს ყველაფერი მართული პროცესია. ხელისუფლებას აქვს იმის უნარი, რომ შექმნას საფრთხეები და მართოს ეს საფრთხის შემცველი პროცესები.
– დიახ, დიახ, ასეა ნამდვილად. თუმცა, ერთ დღეს ეს მართული საფრთხე შეიძლება ვეღარ მართოს და მან ბოლო მოუღოს.
– რუსთაველზე საპროტესტო აქციები დაიწყო. თქვენი აზრით, რა მიზანი აქვთ აქციის ორგანიზატორებს?
– შარშანდელი 20 ივნისი იყო კატასტროფული შეცდომა ამ ხელისუფლების. ეს იყო ქართველი ხალხის შურაცხყოფა. გავრილოვის ჩასმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ახალგაზრდების პროტესტიც სამართლიანი იყო. სხვა საქმეა, მერე რაში გადაიზარდა ეს პროტესტი. არაფერი არ იქნებოდა, დროულად რომ გადამდგარიყო ირაკლი კობახიძე. არანაირი გამართლება არ აქვს იმ სისხლს, რაც რუსთაველზე დაიღვარა. პასუხისმგებლობა ეკისრება ზაქარია ქუცნაშვილსაც და რასაკვირველია, ხელისუფლებას მთლიანად. თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციასაც. 20 ივნისს, საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა მორალური უპირატესობა, რომელიც მას გააჩნდა ოპოზიციაზე. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამწუხარო.
– ახალი აქციები რას გვიქადის? არის საფრთხე, რომ გადაიზარდოს რევოლუციურ პროცესებში?
– არა მგონია, რომ არეულობაში გადაიზარდოს. ამის რესურსი, ამის უნარი, დღეს ოპოზიციას არ გააჩნია. დღეს ოპოზიცია ძალიან სუსტია, თუნდაც გაერთიანებული.
– საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 48% სახლში დაჯდა, არ წავიდა არჩევნებზე. მე ვფიქრობ, ამ საპარლამენტო არჩევნებზეც ეს ხალხი სახლში დარჩება. ეს ოპოზიცია არ არის ის ალტერნატივა, ეს ხალხი რომ ელოდება, მათ რომ სახლებიდან გამოიყვანს და საარჩევნო უბნებზე მიიყვანს.
– ვნახოთ… „ქართული ოცნებისა“ და „ნაცების“ მოწინააღმდეგენი უფრო მეტნი არიან, ვიდრე ამ ორი პარტიის მომხრეები. საქართველოში ჯერ არ არის მესამე პოლიტიკური ძალა, რომელსაც ის ხალხი მისცემს ხმას, რომლებიც არც „ნაცების“ მომხრეა და არც „ქართული ოცნებისა“. გაერთიანებულ ოპოზიციას კი ვეძახით, მაგრამ ეს მაინც „ნაცმოძრაობაა“, მთავარი ძალა, ლოკომოტივია იმ ოპოზიციაში. „ნაცმოძრაობა“ კი უკვე იყო ხელისუფლებაში და რა დამართა ამ ქვეყანას და ხალხს, ვიცით.
– ეროვნული ძალების გაერთიანებას არ დაადგა საშველი. კი, მიდის მილაპარაკებები გაერთიანებაზე, მაგრამ კაცმა არ იცის, როგორ დასრულდება. შესაძლოა, მათი გაერთიანება იყოს ის მესამე ძალა, რომელსაც ხალხი ელოდება.
– მე ყველას წარმატებას ვუსურვებ, ვინც ამ ქვეყნის სასიკეთოდ გაერთიანდება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერ ვხედავ სერიოზულ ალტერნატივას, რომელიც უარს ეტყვის „ნაცმოძრაობასაც“ და „ქართულ ოცნებასაც“.
– აღარ ჩამოვთვლი ამ ეროვნულ ძალებს,იცით, ვინც არიან. უკაცრავად ამ უხეშ გამოთქმაზე და, ყველანი ერთად რომ დაიხვეტონ, სძლიონ თავიანთ ამბიციებს, ადგნენ, გაერთიანდნენ და ყველამ ერთად, კონკრეტული ლიდერის გარეშე, უთხრან ხალხს, რომ ჩვენ ვართ მესამე ძალა. აჰყვება და გაჰყვება მათ ხალხი?
– ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ. ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე! სერიოზულ პოლიტიკურ ალტერნატივას გაჰყვება ხალხი, მაგრამ რა ვქნა, ამ ალტერნატივას ვერ ვხედავ.
– ასე როდემდე უნდა ვიყოთ და ერთ წრეზე როდემდე უნდა ვიაროთ? ქვეყანას განვითარების პერსპექტივა ნელ–ნელა ეკარგება.
– გეთანხმებით, განვითარების პერსპექტივას ნელ–ნელა ვკარგავთ. ამიტომ, დიდი ძალისხმევაა საჭირო. ამას უნდა რამდენიმე პირობის შესრულება. რატომ ვარ ასე პესიმისტურად განწყობილი? ვერ ვხედავ ალტერნატიულ ძალას და ვერ ვხედავ მზაობას ქართული საზოგადოების, პოლიტიკური ძალების, რომლებიც ამ მესამე ალტერნატივას შექმნიან. ჯერჯერობით ეს რესურსი არ არსებობს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ღმერთმა ქნას, ვცდებოდე!
ლევან ჯავახიშვილი, ალია, №21
კომენტარები