ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.
– ბატონო გია, ამერიკის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების შესახებ მინდა გკითხოთ, რადგან ეს თემა დღემდე ვერაფერმა გადაფარა. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს და რა იყო ეს ხელისუფლებისთვის?
– ხელისუფლების ქმედება ამ თემასთან დაკავშირებით, რამდენიმე ძალიან მძიმე დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა. პირველი გახლავთ ის, რომ ხელისუფლება ძალიან საეჭვოდ აფარებს ხელს მოსამართლებს, რაც იმის ირიბი დადასტურებაა, რომ მართლმსაჯულება პოლიტიზირებულია, პოლიტიკასთან არის გადაჯაჭვული. შესაბამისად, ხელისუფლების წარმომდგენლები იცავენ თავიანთ პარტნიორებს, რომ არსებული ვითარება შენარჩუნდეს. მეორე გახლავთ ის, რომ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სამართლიანობის აღდგენა სანდრო გირგვლიანის სახელით საერთოდ იყო დიდი ფიქცია. მოტყუება იმ ადამიანებისა, ჩემი მეგობრებისა, რომელთან ერთადაც ვებრძოდი წინა ხელისუფლებას და ბრძოლის დროშაზე გირგლიანის სახება გვქონდა გამოსახული. იცავენ იმ მოსამართლეს, მურუსიძეს, რომელიც თანამონაწილე იყო გირგვლიანის მკვლელების გათავისუფლებისა. უკვე მძიმე შემთხვევაა, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ამგვარი დამოკიდებულების საბოლოო შედეგები ქვეყნისთვის შეიძლება იყოს დამანგრეველი. ამ თემის ასეთი არაადეკვატური აღქმა ხელისუფლების მხრიდან. საბოლოოდ, მართლმსაჯულების ნაწილში ცუდად დასრულდება ევროკომისიის 12 პუნქტიანი შეთანხმება და რისკის ქვეშ დადგება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭება.
– თუ ასე მოხდა, ამას რა მოჰყვება? ისევ გამოვა ხალხი ქუჩაში და შეეცდება, რომ გარედან ზეწოლით ხელისუფლებას შეასრულებინონ ევროკომისიის 12 მოთხოვნა? ამ ხელისუფლებას ამგვარი ზეწოლის გარდა, სხვა ენა არ ესმის.
– ხალხის გამოსვლა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ხალხი თავისითაც შეიძლება გამოვიდეს, პრეცენდენტებიც გვაქვს მარტის მოვლენებისა. ლიდერი სჭირდება საერთოდ სისტემურ მოძრაობას, სისტემის მუშაობას სამართლიანობისთვის. სამწუხროდ, ოპოზიცია ვერ გამოიყურება მთლად კარგად და ეს გამოჩნდა მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესში. ხელისუფლება ჩვეული უტიფრობით, კონსტიტუციის დარღვევით ბლოკავს კომისიის შექმნას, რაღაც სასწაულები ჩაატარა, უსინდისოდ იყენებს საპარლამენტო საქმიანობაში არსებულ პროცედურულ მაქინაციებს. ამ დროს როგორ მოიქცა ოპოზიცია? დაიწყო ფეხების ბაკუნი და იძახის, ცუდი ხელისუფლება გვყავს და წავიდეს სახლშიო. სინამდვილეში ხალხი ისეთ ლიდერს კი არ ეძებს, რომელიც მხოლოდ სწორ რაღაცებს ლაპარაკობს. ხალხი ეძებს ლიდერს, რომელსაც შეუძლია რაღაცის გაკეთება, რაღაც პროცესს გაუძღვეს წინ, ხალხი გაიყოლიოს და კონკრეტული შედეგები დადოს მათთან ერთად. ამას არ აკეთებს ოპოზიცია, იფარგლებიან მხოლოდ კომენტირებით. უკაცრავად, მაგრამ პროცესების კომენტირება არ არის პოლიტიკოსის საქმე, ეს ჩემი და თქვენი საქმეა. პოლიტიკოსობა მოქმედებაა და ამათ მოქმედება არ უნდათ, ან ეზარებათ, ან არ იციან, რა უნდა გააკეთონ.
– რა უნდა გააკეთონ, დაუკონკრეტეთ?
– პირველსავე დღეს, როდესაც „ქართული ოცნებისა“ და მათი მომხრე პარტიების დეპუტაცია უტიფრად მოიქცა, არ გაიარა რეგისტრაცია, იმ დღეს ჩაშალა კენჭისყრა და შესაბამისად, საგამოძიებო კომისიის შექმნა, ოპოზიციას უნდა ეთქვა, რომ ისინი არ გავიდოდნენ შენობიდან, ვიდრე კენჭისყრა არ შედგებოდა და არ მიეცემოდათ კონსტიტუციური უფლების გამოყენების საშუალება. არ უნდა გამოსულიყვნენ პარლამენტის შენობიდან, ღამეც იქ უნდა დარჩენილიყვნენ და იმდენი დღე და ღამე, რამდენიც იქნებოდა საჭირო. პარალელურად, გარეთ უნდა დაწყებულიყო პერმანენტული აქცია. თვითონ ყოფილიყვნენ შენობაში, თითო–თითო გამოსულიყვნენ აქციაზე, მიემართათ ხალხისთვის. იგივე პროცესი უნდა დაწყებულიყო, რაც 6 მარტს დაიწყო. დღეს ამაზე ლაპარაკი შეიძლება დაგვიანებულიც არის. ეს პირველ დღეს, პირველი კენჭისყრის ჩაგდებისთანავე უნდა დაწყებულიყო, რადგან ხელისუფლებას ლავირების საშუალება არ ექნებოდა, არც ოპოზიციის ეს ქმედება ექნებოდა გათვლილი და სერიოზული წნეხის ქვეშ აღმოჩნდებოდა. ხელისუფლებას ეშინია მხოლოდ ასეთი ზეწოლის. ამგვარი პრეცენდენტი სულ რაღაც 1 თვის წინ იყო და ახლა რატომ თქვეს ამაზე უარი, ვერ გავიგე. ალბათ, ზოგი სახლში იყო წასასვლელი, თბილი ლოგინი ელოდებოდა, ზოგს შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი პირადი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი, ზოგი ისა, ზოგი ესა და ჩაიქნიეს ხელი. სამაგიეროდ, გამარჯვებად გაასაღეს ხელისუფლებისთვის ნიღბის ჩამოხსნა – ხელისუფლება მოსამართლეებს ხელს იმიტომ აფარებს, კომისიის შექმნა იმიტომ არ უნდა, რომ კომისია თუ შეიქმნა, გამოძიების პროცესში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ქმედებები გამომჟღავნდებაო. ეს ისედაც ვიცით, რომ ასეა. შენ რა გააკეთე, რომ ეს კონკრეტული ფაქტებით დადასტურებულიყო? რამდენჯერ უნდა ჩამოხსნან ნიღაბი, ვერ გავიგე. ვიცით, რომ ეს ხელისუფლება დანაშაულებრივია, მუდმივად ნიღბის ჩამოხსნა რა საჭიროა? ახალი რა გვითხრეს ამით? არც არაფერი. შენ რა შეგიძლია, ის გვაჩვენე, მაგრამ არ გადადიან ქმედებაზე, ვირტუალურ პარტიებად იქცნენ, რომლებმაც მარტო უნდა ილაპარაკონ, ფეხები აბაკუნონ, მერე თბილ ლოგინში ჩაწვნენ, რბილ ბალიშზე დადონ თავი და დაიძინონ.
– ოთხი ქართველი მოსამართლე, ეკა არეშიძე, ლევან დარბაიძე, ნინო ელეიშვილი და თამარ ჩიხლაძე სპეციალური პროგრამით ამერიკაში გაემგზავრა. ბევრი ამბობს, რომ ამერიკის მიერ მოსამართლეთა დასანქცირების ფონზე მათი ამერიკაში წასვლა იმის დემონსტრირებაა, რომ ისინი სასამართლო კლანს არ ემორჩილებიან და იზიარებენ ამერიკის სახდეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებს. ეს ფაქტი კი სასამართლო კლანის ერთიანობას ძირს გამოუთხრის ან მინიმუმ, გვარიანად შეარყევს. თქვენ რას ფიქრობთ?
– ჩვენ იმას ხომ არ ვამბობთ, რომ ვინც სასამართლო სისტემაშია, ყველა ნამუსგარეცხილი მოსამართლეა? ანგაჟირებული, ასე ვთქვათ, სისტემაა მთლიანად. ჩვენ როდესაც ვაკრიტიკებთ მმართველობით სისტემას საქართველოში, იმას არ ნიშნავს, რომ ვინც საჯარო სექტორში მუშაობს, ყველა მამაძაღლია. რა თქმა უნდა, ასეთი კერები არსებობს და ამერიკელები სწორედ ამას უსვამენ ხაზს. ამერიკელები იმას არ ამბობენ, რომ ყველა მოსამართლე ერთნაირია, ისინი ამბობენ, რომ არსებობენ კარგი და ცუდი მოსამართლეები. ამერიკაში წასულ მოსამართლეებს, სხვებსაც არ სურთ ატარონ სასამართლო კლანის წევრის სტატუსი, არ სურთ იმ მძიმე ტვირთის, სავარუდო დანაშაულებების თანაზიარნი გახდნენ, რასაც მურუსიძე–ჩინჩალაძესა და მათ თანამოაზრე მოსამართლეებს ბრალად უყენებს საზოგადოება და უკვე ამერიკაც. სადაც არ იქნება საზოგადოების სამართლიანობის განცდა, იქ მშვიდობა არ იქნება. ჩვენი ხელისუფლება კი აპელირებს – ომი ხომ არ გინდათო? სინამდვილეში პირიქით არის. მშვიდობა მოაქვს სამართლიანობას. თუ მურუსიძე იჯდება ისევ სასამართლოში, მშვიდობა არ იქნება ამ ქვეყანაში. სამართლიანობა რომ არ არის, იმიტომ ვერ დალაგდა ეს ქვეყანა, იმიტომ სულ ქუჩაშია ხალხი. ხელისუფლების მიერ მშვიდობის ძახილი, სპეკულაციაა და მეტი არაფერი. ხელისუფლებას, რომელსაც მშვიდობა უნდა, სიძულვილის ენა კი არ აქვს პოლიტიკურ ოპერირებაში და შეთქმულების თეორიებს კი არ იგონებს და ავითარებს, კონსესუსს ეძებს მასთან დაპირისპირებულ ძალებთან, კრიტიკოსებთან, ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან, რათა რაღაც საკითხზე შეთანხმდნენ. ესენი დაპირისპირების ახალ და ახალ კერებს აჩენენ, ტროლებითა და ბოტებით გაავსეს ქვეყანა, ნორმალური ადამიანისთვის მიუღებელი, ბინძური მეთოდებით ცდილობენ მოახდინონ ოპონენტების დისკრედიტირება. ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხი ერთმანეთს რაც შეიძლება მეტად დააპირისპირონ. ყველას მტერს და ათას უბედურებას ეძიან, ვინც მათთან არ არის, ვინც მათ პოზიციებს არ იზიარებს. და ეს არის მშვიდობა? კიდევ ვამბობ, მშვიდობა მოაქვს მხოლოდ სამართლიანობის განცდას, მშვიდობა სხვაგვარად ვერ დამყარდება!
კომენტარები