თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
– რას ელოდით მეორე ტურისგან და რა მიიღეთ? საერთოდაც, რა დაგვანახა, ამ არჩევნებმა?
– სიმართლე გითხრათ, „ოცნებისგან“ ყველაფერს უნდა ელოდე ადამიანი, ზღვარი მათთვის არ არსებობს, არ აქვს აზრი არჩევნებს – ისინი არჩევნებით არსებობენ! მათ საარჩევნო პერიოდით ცხოვრება უხარიათ, ამომრჩეველს ერთადერთ რამეს ეუბნებიან ყოველთვის, ამ 9 წლის მანძილზე, დავამთავრებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ – აი, ეს არის მათი მთელი დაპირება. ამაზე საუბარს კი ყველაზე უკეთ, წინასაარჩევნოდ ახერხებენ. 2016 წელს ნაც.მოძრაობის მერობის კანდიდატი მეორე ადგილზეც კი ვერ გავიდა, გამოვიდა, რომ 2016 წლის შემდეგ ნაცმოძრაობა დამთავრებული იყო, მაგრამ ხელოვნურად მოახდინა „ქართულმა ოცნებამ“ ნაცმოძრაობის რეანიმირება და საქმის კეთებას თავი დაანება. რაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა, კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრობიდან რომ გაუშვა, იმის მერე არც ერთ პრემიერს საქმე არ უკეთებია, მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ხუშტურებს ემსახურებოდნენ. როცა ქვეყანაში საქმე არ კეთდება, ცდილობ ძალა, რომელიც ძალიან ნეგატიური წარსულითაა ცნობილი – გააცოცხლო და ამის მეშვეობით შეინარჩუნო ძალაუფლება. ეს მოგვიწყო ქართულმა ოცნებამ – სახელმწიფოებრიობა დაანგრია. დააკვირდით, მუდმივად არჩევნებზე გველაპარაკებიან, მუდმივად წარსულზე გველაპარაკებიან. ამიტომ, მათთვის არჩევნები ერთგვარი ამოსუნთქვაა.
შევარდნაძისა და აბაშიძისა არ იყოს, ესენიც ერთმანეთის მაცოცხლებელი არიან და დღემდე ასე ახდენდნენ საზოგადოების მანიპულირებას, თუმცა, ამ არჩევნებმა დაგვანახა, რომ მეტ-ნაკლებად, როგორც კი რეალურ ერთობას დაინახავს საზოგადოება, იმ ერთობას დაუჭერს მხარს. ოპოზიციამ დიდი შეცდომა დაუშვა, ეს ე.წ. შეკოწიწებული კოალიცია იყო, არ იყო ნამდვილი კოალიცია და თვითონაც აღიარა ნიკა მელიამ, რომ უფრო ფართო კოალიციის მომხრე უნდა ყოფილიყო და არა ნაცმოძრაობის ანასხლეტების მარტო – აი, ამ შემთხვევაში სხვა შედეგი ექნებოდა. ადამიანები რომლებიც არ მივიდნენ არჩევნებზე, აი, ეს 200 000 კაცი, ისინი გადატეხავდნენ ხერხემალში ქართულ ოცნებას – ეს არის რეალობა. დასკვნები უნდა გააკეთოს ოპოზიციამაც, უნდა გაითავისოს, რომ მხოლოდ იმ ერთი გუნდით რომლის განაყოფებსაც წარმოადგენენ – ფონს ვერ გავა. 2016-17 წლამდე ერთი გუნდი იყო ეს, კარგად მახსოვს მეც და „ალიას“ მკითხველსაც. თუ რეალურად იქნება ისეთი ნაბიჯები გადადგმული, რომ ხალხმა დაიჯეროს, აი ეს არის ნამდვილი კოალიცია – ხალხი მხარს დაუჭერს, მეტიც, ამით, მე ვფიქრობ, თვითონ ქართულ ოცნებასაც საკმაოდ სერიოზული პრობლემა შეექმნება, მმართველობის პრობლემა ნამდვილად აქვს ქართულ ოცნებას. არ ჰყავს პროფესიონალი კადრები და ხედავთ, როგორი სამარცხვინო კანდიდატები ჰყავთ ყველგან. თავისმომჭრელი სიტუაციაა დღეს საქართველოში, როცა ასეთი გაყალბებით მოყვანილი „ნასედკები“ გვყავს ქალაქის მერებად.
– შეეძლო დარჩენილ ერთ თვეში ოპოზიციას ამის გაკეთება?
– შეეძლო, მაგრამ ოპოზიციამაც ვერ გაითავისა საფრთხე, ეგონა, რომ ადვილად გაისეირნებდა, რადგან ქართულ ოცნებას კანდიდატები ძალიან სუსტი ჰყავდა და მხარდაჭერაც არ გააჩნია, მაგრამ იმ რესურსებსაც კი, რაც მათ აქვთ, სჭირდება დიდი უპირატესობა. ის, რომ ისეთი ოპოზიციურ ძალები, რომლებსაც კავშირი არ ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობასთან არ დაიყენა ნაცმოძრაობამ…
– არ დაიყენა, თუ ვერ დაიყენა?
– როცა რაღაცა გინდა, აუცილებლად მიაღწევ. როცა რაღაცა ძალიან გინდა, რეალურად გინდა, მე ვფიქრობ, მიაღწევ. ის, რომ თავის ყოფილ თანაპარტიელებს დაუთმო თბილისში მაჟორიტარები თავის დროზე და მერე ისევ მაგათთან ერთად მერის მოადგილეები და ყველა სამსახურები გადაანაწილა, ეს კოალიცია არ არის. ერთი ხაზარაძის დამატებით, დამატებით იმ ერთი პარტიის, რომელმაც 2 პროცენტი აიღო, რომ ვერ მოუგებდა ქართულ ოცნებას – ფაქტი იყო. მოდი, პირდაპირ ვთქვათ, არც მოინდომეს ფართო კონსულტაციებში შესვლა. უნდა ელაპარაკათ გახარიასთანაც კი, უნდა ელაპარაკათ ყველასთან და იყო ნათქვამი რიგი პარტიებისგან, ვინც ნორმალურ წინადადებებს გვეტყვის, ვილაპარაკებთო, მაგრამ არავინ არავისთან არ ისაუბრა, ჩათვალეს, რომ მარტო მოიგებდნენ და ვხედავთ, არ არის ეგრე. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისთვის, ოპოზიცია თავის შეცდომებს ვერ აანალიზებს.
– თქვენ თუ იყავით მოლაპარაკებებში ჩართული?
– მოლაპარაკებების სტადია რომ დაიწყო, ის კოალიციური ფორმულა, ჩემთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა. დამატება ვყოფილიყავი? ფიქცია?.. თუ არ არიან სხვა შეხედულების ადამიანები იქ, თავი რატომ უნდა მოვიტყუო? ნაცმოძრაობის გამარჯვებისთვის ნამდვილად ვერ ვიბრძოლებ, პირდაპირ ვიძახი ამას და არავისთვის საწყენი არ არის. კოალიციას თუ ეძახი, კოალიციაში ყველა პარტიას თავისი ხაზის გატარების უფლება უნდა ჰქონდეს. როდესაც ვხედავ, ამდენი თანამდებობები, ბოდიში მომითხოვია და, ფინანსური რესურსით რიგდება… რა თქმა უნდა, თუ ვიღაცა ფულს იხდის, მერე ის ამ ფულის ამოღებასაც დააპირებს და ამანაც საკმაოდ უარყოფითი როლი ითამაშა.
– ფულს როცა ახსენებთ, „ლელოს“ ფულს გულისხმობთ? თვლით, რომ ახლა „ლელოს“ მიჰყავს წინა ხაზი ოპოზიციაში, კოალიციაში?
– მე რასაც ვხედავ, იმას ვლაპარაკობ. „ლელომ“ პირველ ტურში ძალიან შორს დაიჭირა თავი, საკმაოდ კატეგორიული იყო კოალიციასთან მიმართებაში, მერე უცბად ესეთი დათანხმება და ასეთი რაოდენობებით თანამდეობების დაკავება, რა ვიცი… მე დავრჩები იმ აზრზე, რომ უანგაროდ არ ხდებოდა ეს ყველაფერი… ალბათ, ხალხმაც სწორედ ასე დაინახა და ამიტომაც არ იყო ისეთი აქტიური, როგორიც უნდა ყოფილიყო. დიდი შეცდომა დაუშვა ოპოზიციამ, ამას უნდა აღიარება, ანალიზი. ისევე, როგორც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა, პარლამენტში შესვლა, პროტესტების მიტოვება – ეს ყველაფერი იყო შეცდომები. აღიაროს ოპოზიციამ, უთხრას საზოგადოებას ბოდიში. რომელიმე დოკუმენტმა, რომელიც ქართულ ოცნებასთან გაფორმეს, იმუშავა? – არა. ყველა ხელშეკრულება უნდა იქნეს ნაღიარები შეცდომად, ყველა ხელშეკრულების ფორმატი უნდა დატოვოს ოოზიციამ! ვინც არ გამოვა პარლამენტიდან – დატოვონ და დაარქვან თავისი სახელი! არც საკრებულოებში უნდა შევიდნენ და პარლამენტიდანაც უნდა გამოვიდნენ, არ შეიძლება ხალხის ნების გამყალბებლებთან თანამშრომლობა! ყველას აქვს უფლება, როდესაც არჩევნებს გპარავენ, გააპროტესტოს და ეს პროტესტი, ხალხის ნება უნდა იქნეს რეალიზებული ოპოზიციური პარტიების მიერ.
კომენტარები