„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი ბიძინა ივანიშვილის ცნობილი ლობისტია.
ნათელაშვილი ამით გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებას გამოეხმაურა. ქნირშის თქმით, საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს. ელჩის განცხადებით, ახლა უნდა იმუშაოს ყველამ, რათა ქვეყანაში სიტუაცია უკეთესი გახდეს და ქვეყანა გამოწვევებს გაუმკლავდეს.
„გერმანიის ელჩი ივანიშვილის პირადი ცნობილი ლობისტია, ის ასევე ესწრებოდა ჩვენი შვილების თვალების დათხრას პარლამენტის ფანჯრიდან. ჩათვალა, რომ ეს იყო დემოკრატიული. ამდენად მაგ კაცის განცხადებებზე კომენტარს ნუ მთხოვთ.
მე ამ ბატონ ელჩს მივმართავ შეკითხვით – ჟვანია რომ იყოს გერმანიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გერმანიის ბიულეტენები ყუთებში რომ იყრებოდეს, როგორც ამას ჩათვლიან ხელისუფლების კომისიის წევრები, ოპოზიციურ პარტიებს რომ არ ჰყავდეთ კომისიის წევრი ლანდებში, შედეგები რომ გამოცხადდეს ისე, რომ არავითარი საჩივრები არ განიხილონ და არ გაითვალისწინონ, სასამართლოებმა, არ დააკმაყოფილონ ოპოზიციის არც ერთი სამართლიანი მოთხოვნა, ამ შემთხვევაშიც იმავეს იტყოდა ბატონი ელჩი? ეტყოდა თავის დეპუტატებს, შედით ბუნდესტაგში? ეს ხომ გამორიცხულია. გერმანიაში რევოლუცია მოხდებოდა. ამიტომ, სხვა სხვის საქმეში ბრძენიას პრინციპისგან სჯობია ზოგიერთმა მეგობარმა თავი შეიკავოს”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
კომენტარები