„ალიას“ ესაუბრება მწერალი და იურისტი ფატი კიპაროიძე.
– გავიგე, აქტიურ პოლიტიკაში მოხვედი და აპირებ ბრძოლას უსამართლობის წინააღმდეგ. რატომ გადაწყვიტე მაინცდამაინც ახლა აქტიურად საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა და როგორ აპირებ მიზნის მიღწევას?
– მადლობა „ალიას“, რომ ჩემი გულწრფელი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მეძლევა. მინდა ყველამ კარგად იცოდეს, რომ ყველაზე დიდი მტერი საკუთარ ქვეყანაშია. ეს არის ერთმანეთის მონაცვლე ტირანია, ნეოფაშიზმი და ოლიგარქია. სოციალური ბაზისი, რითიც ისინი იკვებებიან, ეს არის წვრილი ბურჟუაზიისა და სავახშო კაპიტალის ალიანსი, საიდანაც ისინი იღებენ ხმებს და ფინანსებს ამ ვითომ „დემოკრატიული“ არჩევნებისას. ეს სოციალური ძალა მშრომელი ხალხის მტერია. ვისაც საშუალო განათლება მაინც აქვს და ნამუსი გააჩნია, როგორ შეიძლება, ეს დროება მოსწონდეს, მოსწონდეს ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ბავშვები შიმშილით რომ იხოცებიან და მოხუცები და ქალები, ახალი წლის დღეებში მიწისქვეშა გადასასვლელებში იყინებიან, ახალგაზრდები კი უკანმოუხედავად რომ გარბიან სამშობლოდან. პოლიტიკურად მოხტუნავეებმა თურმე არ იციან, რომ საქართველოში შიმშილია. ბოლო-ბოლო, ამ სიტყვების ავტორს, ბატონ ლადო კახაძეს, ერთი პერიოდი ნაცები დაატარებდნენ და სხვადასხვა სკამზე სვამდნენ. ჰოდა, გაიხსენოს, 2003 წელს სააკაშვილმა რომ თქვა, საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების 20% შიმშილობსო. აქაც მოიტყუა, მაგრამ 20% მაინც ხომ თქვა. კახაძეს ხომ სჯეროდა მაშინ სააკაშვილის. სწორედ ეს სოციალური ჯგუფი მშრომელი ხალხისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ვიღაცა გამოხტება და იტყვის, რომ ლადო კახაძე ნაკითხი და განათლებული კაციაო. გერმანელი დოქტორი იოზეფ მენგელე ისეთი ნაკითხი იყო, ცოდნა ყურებიდან გადმოსდიოდა, მაგრამ ნეტა, საერთოდ წერა-კითხვაც არ სცოდნოდა, ნაცისტების სამსახურში იმდენს ვერ დააშავებდა გერმანელი კაპიტალისტების გასამდიდრებლად. არცერთ წერა-კითხვის უცოდინარს არ შეუძლია დაუშავოს საზოგადოებას იმდენი, რამდენიც თუნდაც ერთ ნაკითხს. ყველაზე საზიზღრები ზოგჯერ ეს ვითომ „ნაკითხები“ არიან. შევარდნაძის სუფრების თამადისგან ეს არც უნდა იყოს გასაკვირი. შევარდნაძის მთელი ცხოვრება ხომ სიცრუე და სიყალბე იყო. მან თავის ცხოვრებაში ვინც ჩაითრია, ისინი შევარდნაძის მემკვიდრე ყველა რეჟიმთან თანამშრომლობენ. გაიხედონ, გარეთ რა ხდება. ყოველი მეორე იმას იძახის, მზად ვარ, ქუჩაში გავვარდეო. მაგრამ ასეთი ქუჩური გავარდნები დამღუპველია. ასეთი უაზრო გავარდნა პირდაპირ გამოიწვევს სააკაშვილის ფაშისტურ რევანშს და მათი რეჟიმის დამყარებას. ჯერ უნდა შევთანხმდეთ პროგრამაზე, როგორც ეკონომიკურზე, ისე პოლიტიკურზე, რა გვინდა, როგორი ეკონომიკური ბაზისი გვინდა, როგორი პოლიტიკური ინსტიტუტები, საზოგადოების როგორი სოციალური სტრუქტურა, თორემ უაზროდ ქუჩაში გავარდნის დროს ავანტურისტები გამოჩნდებიან და ჩვენ არ გვჭირდება ავანტურიზმი. ქვეყანაში არის კლასობრივი დიქტატურა. წინასაახალწლოდ დიდი სავაჭრო ცენტრები, რომლებსაც მსხვილი მესაკუთრეები ჰყავთ, მუშაობდნენ, რიგები იდგა და ისინი მოგებას ღებულობდნენ, ხოლო წვრილმან ვაჭრებს, რომლებიც ქუჩაში იდგნენ, აუკრძალეს ვაჭრობა, რათა ეს ფენა განადგურდეს. ასეთებს მაკარონის სუპი სანატრელი გაუხადეს.
გაიხსენეთ, 2004 წელს, როდესაც ზურაბ ჟვანია პრემიერ მინისტრი გახდა, პირველი ეკონომიკური დარტყმა ქუჩაში მოვაჭრეებს მიაყენეს. ჯერ გამოიყენეს ეს ადამიანები, დარაზმეს და მონაწილეობა მიაღებინეს ვარდების კონტრრევოლუციაში, არც იქ ეკითხებოდნენ არაფერს, მაგრამ მასობრივი ფონის შესაქმნელად სჭირდებოდათ და, როდესაც მავრმა საქმე გააკეთა, ისინი გააძევეს „სცენიდან“. თუ გინდათ, რომ ხალხს ეშველოს, მაშინ ივანიშვილი, სააკაშვილი და მათი სატელიტები პანდემიასთან ერთად უნდა მოსცილდნენ საქართველოს. ესენი ოსტაპ ბენდერები არიან. უნდა წავიდნენ! ხომ ხედავთ, პარლამენტი გაივსო ტირან შევარდნაძის ყოფილი ფუნქციონერების, რაიკომის მდივნების შვილებით. ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს. შევარდნაძის იმდროინდელი კავშირგაბმულობის კორუმპირებული მინისტრი ფრიდონ ინჯიაც კი პარლამენტში შედის. ფული გადაიხადა და დეპუტატის მანდატი იყიდა. რომ გადაიხადა, ეს არც პარტიის ლიდერს – ირმა ინაშვილს დაუმალავს და არც თვითონ. ასეულ ათასობით ფული მივიტანეო, – აღნიშნა ინჯიამ. ეს ის კაცი არ არის, თბილისის ზღვაზე დაბანაკებულ თენგიზ სიგუასა და თენგიზ კიტოვანის ბანდებს ტელევიზია რომ გაუკეთა, რათა ქვეყანაში კარგად ეწარმოებინა ფსიქოლოგიური ომი?! ახლა ევროპულ სოციალიზმზე გველაპარაკება ეს სოციალიზმის დაუძინებელი მტერი. როცა თენგიზ კიტოვანს კვების წყარო გადაუკეტა, რაც მაშინ კიტოვანმა მას აგინა, არც ერთი არ ასცდეს! მეორე დეპუტატი კი, შევარდნაძის პოლიციელი, ახლა ბიზნესმენი, ვინმე ენუქიძე აცხადებს, იმდენი ინფორმაცია ვიცი, პირი არ მომაღებინონო. აი, ამათი კაცური ლოგიკა. ენაჭარტალა ქალებივით არიან, რაც პირზე მოადგებათ, ყველაფერს ამბობენ საჯაროდ. მესამე დეპუტატს, მიქაძეს, თხუთმეტი წელი აქვს მისჯილი დუბაიში თაღლითობისთვის. მე არც დუბაის სასამართლოს ობიექტურობის მჯერა – ის ხომ, საერთოდ, ფეოდალურია, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ოპოზიციონერი დეპუტატების სახით პარლამენტი ბურჟუაზიის პოლიტიკის ორგანოა და უკეთესი ვინ შეემატებოდა? აგერ, ყოფილი „ედეპეშნიკი“, გადეპუტატებული ირაკლი ქადაგიშვილი, ეთერში ურცხვად ამბობს, პატრიოტთა ლიდერი ირმა ინაშვილი ნუ არის დესტრუქციულიო. წამყვანმა შეახსენა, შენ არ იყავი, რომ ებრძოდი კანონიერ ხელისუფლებას, ეხლა არ გინდა დესტაბილიზაციაო? ირაკლი ქადაგიშვილს ვეკითხები, ხომ არ იცის, ვინ იყო ის „ედეპეშნიკი“, რომელმაც პრეზიდენტ გამსახურდიას დააბრალა, თითქოსდა პრეზიდენტის ბრძანებით დახვრიტეს ერთ-ერთი დეპუტატი და მინისტრის მოადგილე. ეს ინფორმაცია მაშინ უცხოურ პრესაშიც გავიდა. ქადაგიშვილმა ისიც გაიხსენოს, მისი პარტიის თავმჯდომარემ რა დაუბარა – ვინც სტაბილიზაციისკენ გადადგამს ნაბიჯს, ის თავს დააყენებს პარტიის მიღმაო. 30 წელია, ქადაგიშვილისნაირები ემსახურებიან ქვეყნისა და ხალხის ექსპლუატაციას და ამ ისტორიული დრამის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოსახლეობის 87 პროცენტი გაჭირვებასა და სიღატაკეშია. 13 პროცენტმა კი გაინაწილა ქვეყნის ქონება. საგარეო ვალი 18 მილიარდს გადასცდა. შევარდნაძე-სააკაშვილ-ივანიშვილის რეჟიმებმა ამ მხრივ შუასაუკუნეები აღადგინეს. ხომ იყო დრო, როცა საქართველო არაბეთსა და მონღოლეთს უხდიდა ხარკს, აი, ასეთი მდგომარეობა მოიტანა სამმა რეჟიმმა. ეს მარტო ცალკეული ადამიანების დამსახურება კი არ არის, ზოგიერთი მარტო შევარდნაძე-სააკაშვილ-ივანიშვილს რომ აბრალებს, არა, აქ სიზუსტეა აუცილებელი, რადგან პასუხისმგებლობა ეკისრება ამ რეჟიმების ფუნქციონერებს, რომლებიც მოქმედებენ ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროებში, დაწყებული მინისტრებითა და დეპუტატებით, დამთავრებული ქუჩებში მოწანწალე მათი პარტიული კოორდინატორებით. იმედია, მოვა დრო და მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება.
გავჩუმდე? მე, იურისტი ქალი, მოქმედი ადვოკატი, ოთხი შვილის დედა, სანზონიდან ფეხით დავდივარ. კი ბატონო, ფეხით სიარული ჯანმრთელობაა, მაგრამ მე უკვე დიდი ხანია, გამოვედი იმ ასაკიდან, როდესაც ადამიანს ახალგაზრდა მებრძოლის კურსს ატარებინებენ და აჩვევენ ფეხით დიდი მანძილების დაფარვას. ჩვენი ცხოვრება ყოველდღიურ ბრძოლად არის ქცეული, ისეთი ეკონომიკური სისტემა შექმნეს, ადვოკატი ვერ ახერხებს უსახსრობის გამო თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრის ციხეში მონახულებას. აბა, თქვენ, გაქსუებულო, ხალხის ხარჯზე გამდიდრებულო დეპუტატებო, სცადეთ, სანზონიდან ჩადით რუსთავში ან ქსანში ფეხით! თუ სააკაშვილის ნეოფაშისტური რეჟიმი ციხეებში ამწყვდევდა ადვოკატებს და ამის რეკორდი მოხსნა (ამდენი პატიმარი ადვოკატი ლათინური ამერიკის სხვადასხვა ხუნტებს არ ჰყოლიათ), ოლიგარქიამ აქ ტაქტიკა შეცვალა: სიღატაკეში მოაქცია ადვოკატები. სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმაც ღარიბები ჩაამწყვდია ციხეში, ხოლო მდიდრებს გადაახდევინა საპროცესოები და ყველანი გაყარა. გარეთ ივანიშვილის პოლიტიკამ სხვადასხვა ხერხებით, ტაქტიკითა და სტრატეგიით ხალხს მოუსპო არსებობის ყველა საშუალება. ამ საშინელებას თუ არ შევებრძოლეთ, ესენი საბოლოოდ მოგვსპობენ.
– ფატი, ბრძოლას ყოველთვის სჭირდება დიდი ფინანსური ბიუჯეტი, ფული თქვენ არ გაქვთ, ფეხით დავდივარო, ამბობ…
– 20 წლის წინ მშრომელებმა თვითონ შექმნეს ურთიერთდახმარების სალაროები და ამ არაფორმალურ კავშირებზე დაყრდნობით განვითარდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალები. აი, ეს არის მთავარი, რომ ვისწავლოთ მატერიალური თვალსაზრისით ურთიერთთანადგომა. და ეს ეტაპობრივად განვითარდება და სოციალურ კონსოლიდაციას გამოიწვევს ხალხში.
– ზღაპრებს რომ გვიყვებიან, საჩხერელებს თან გადაჰყვა ივანიშვილიო, შენ საჩხერელი არ ხარ? შენს მიმართ გულგრილი რატომ გამოდგა, რადგან „ნაცმოძრაული“ წარსული არ გაქვს ადვოკატ მამუკა მდინარაძესავით? რა მორალურ პოლიტიკურ შეფასებას აძლევ იმას, რომ საჩხერელ მწერალს, არაერთი წიგნის ავტორს, კვალიფიციურ იურისტს, გვერდი აგიარა?
– მასთან არანაირი შეხება არ მქონია. არც მიცდია. ზოგიერთი საჩხერლისთვის ბევრი რამ გააკეთა. ისინი დღესაც სარგებლობენ „ქართუ ჯგუფის“ დაზღვევით. მე არც მისთვის და არც „ქართუ ჯგუფისთვის“ არ მიმიმართავს. სხვა მორალის ადვოკატებმა და მწერლებმა გამონახეს მასთან საერთო ენა. დღეს მლიქვნელობა ყველაზე მეტად ჭრის, რაც მე არ შემიძლია. ივანიშვილს ჰყავს მლიქვნელთა დივიზია. შევარდნაძესაც ჰყავდა ასეთი დივიზია, რომლის ავანგარდმა რუსთაველზე დაუჩოქა შევარდნაძეს, თქვენს გადაფურთხებულს ჩვენ ავლოკავთო. მაშინ სააკაშვილს მლიქვნელების მეტი რა ჰყავდა. ეს მლიქვნელები შამპანურებით და ავტომატების კაკანით ზეიმობდნენ 1992 წლის 6 იანვარს, როცა დაამხეს კანონიერი ხელისუფლება. ესენი იყვნენ პრივილეგირებული და კორუმპირებული ინტელიგენცია და მათი უკანონო შეიარაღებული ბანდები. ამის შემდეგ დატოვა ასეულ ათასობით ქართველმა თავისი სახლი. ამის შემდეგ ზეიმობდნენ სამშობლოს მოღალატეები და ხალხის მტრები ახალ წელს, ხოლო საქართველომ და ქართველმა ხალხმა ვეღარ იზეიმა ვერანაირი ახალი წელი. ვინც მაშინ ზეიმობდა, დღესაც ისინი ზეიმობენ. სანამ მხოლოდ მათი შვილები და შვილიშვილები იზეიმებენ, საქართველოს საშველი არ იქნება. ამიტომ ჩვენს ხარჯზე გამდიდრებული მოზეიმეების წინააღმდეგ უნდა დავირაზმოთ, პასუხი ვაგებინოთ სამშობლოს მოღალატეებს და მათი ნაშიერები არ გავუშვათ სახელმწიფო ხელისუფლებაში, თორემ ხომ ხედავთ, რას მოვესწარით – დედამ, რომელიც წლობით უცხოეთში იყო გადახვეწილი სამუშაოდ, საკუთარი შვილი მოკლა დანით. ძმამ ძმა მოკლა. ეს ამ სამი რეჟიმის დამსახურებაა, შვილები რომ დედების და მამების გარეშე წლობით იზრდებიან. ეს იმ ზარბაზანმა გამოიწვია, რომელიც რუსთაველზე შემოაგორეს უგუნურებმა და სამშობლოს მტრებმა.
-1992 წლის იანვარი ახსენე. რაღაცით ჰგავს ამერიკაში ახლა, იანვარში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები მაშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როცა საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ აკაკი ასათიანმა ე.წ. სამხედრო საბჭოს გასახარად და შევარდნაძის ტირანიის დასამყარებლად სცადა უზენაესი საბჭოს სხდომის გამართვა ფილარმონიაში, მაგრამ მან ვერ შეძლო ამ სხდომის გამართვა და ზვიად გამსახურდიას პოსტიდან გადაყენებულად გამოცხადება. როგორ შეაფასებ ვაშინგტონში 6 იანვარს და შემდეგ დღეებში მომხდარ მოვლენებს? ნახე, როგორი დამთხვევაა.
– რა კარგი შედარებაა. ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, თავისი აკაკი ასათიანი აღმოაჩნდა ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსის სახით. რაც ქართველმა ასათიანმა ვერ შეძლო 1992 წლის იანვარში, ეს შეძლო ამერიკელმა აკაკი ასათიანმა. შეკრიბა სენატი, რომლის თავმჯდომარე თავად არის და ამერიკელ შევარდნაძეს -ჯოზეფ ბაიდენს მიულოცა გაპრეზიდენტება.
– ფატი, მკითხველისთვის საინტერესოა, ეს ის ჯოზეფ ბაიდენია, რომელიც ერთ დროს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრია გრომიკოს კოცნიდა და მთელი პოლიტბიუროს წევრებს თვალებში შესციცინებდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ სენატორი ბაიდენი ძლიერთან სუსტია და სუსტთან – ძლიერი.
– ეს ფაქტი ნამდვილად არ მახსოვდა. ქართველი ხალხის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მაშინ აკაკი ასათიანი და მისი ამფსონები კუდამოძუებული გააძევა ქართველმა ხალხმა და არ მისცა სხდომის გამართვის საშუალება. რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი ზვიად გამსახურდია არ არის არანაირი თვალსაზრისით, მაგრამ გაყალბებული არჩევნებით რომ მოასრიალეს ტრამპი, ფაქტია. სამწუხაროდ, ტრამპმა ბრძოლისუნარიანობა დაკარგა და, როცა საქმე საქმეზე მიდგა, თავისი მომხრეებიც კი გაწია და დამნაშავეებად გამოაცხადა, რომლებმაც მისი გულისთვის პოლიციის კორდონი გაარღვიეს, კაპიტოლიუმში სხდომათა დარბაზები დაიკავეს, რომ არ დაეშვათ გაყალბებული არჩევნების დაკანონება. ოთხმა მხარდამჭერმა სიცოცხლეც კი გაწირა. მათ შორის, ამერიკის სამხედრო ძალების ვეტერანმა ქალმა, რომელსაც სახეში ესროლეს და მოკლეს. ტრამპი უკანასკნელი ლაჩარივით მოიქცა და თავისი წაქეზებული მომხრეები ამერიკის რეპრესიული ორგანოების წინაშე მარტო დატოვა. მათ სამაგალითოდ დასჯიან, რადგან დანარჩენმა 75 მილიონმა ამომრჩეველმა ტრამპს მისცა ხმა და ისინი რომ შეაშინონ, მათი ნებისყოფა გატეხონ. ეტყობა, ისე შეაშინეს ტრამპი, რომ მას და მის მშვენიერ ცოლს მელანიას შეიძლება იგივე ბედი ელოდება, რაც რუმინეთის პრეზიდენტს ნიკოლაი ჩაუშესკუს და მის ცოლს. გავიხსენოთ კიდევ ერთი მაგალითი: ჩეხეთის პრეზიდენტი ვასლავ კლაუსი, რომელსაც 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე სამი დღით ადრე იმპიჩმენტი მოუწყვეს და საპრეზიდენტო პენსიაც კი წაართვეს. ჩვენ დავინახეთ, რომ ამერიკულმა სასამართლოებმა გაყალბებული არჩევნები არ ამხილა და ამერიკის სასამართლო იმპიჩმენტით გაგდებულ ტრამპს დაიცავს? დასკვნა ის არის, რომ ლიბერალური დემოკრატია დალპა და ჩვენ ამ ლპობის პროცესს ვუყურებთ. ვისაც პოლიტიკაში უნდა ყოფნა, პირველ რიგში, ეს უნდა გაითვალისწინოს. აქვე ვუცხადებ ჩემს სამძიმარს ქართველ ტრამპისტებს. ამერიკელებიც ისევე ცდებიან, როგორც ის ქართველები, რომლებიც ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის აკეთებენ არჩევანს. არჩევანი უნდა გაკეთდეს ტრამპისა და ბაიდენის წინააღმდეგ და ეს იქნება ამერიკის ხსნა. საქართველოსაც ის უშველის, როდესაც უარყოფილი იქნება ივანიშვილიც, სააკაშვილიც და მათი სატელიტებიც.
ასეთი გაუგონარი უკანონობა ვერ შემაჩერებს. თავისუფლება შეიძლება კიდევ ერთხელ აღმიკვეთონ, მაგრამ ციხეშიც ვიბრძოლებ საქართველოს ეროვნული და სოციალური განთავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის დაუძინებელ მტრებთან, ტრანსნაციონალურ ფინანსურ სპეკულანტებთან და შიდა მოღალატე მევახშე ბანკირებთან. ჩვენ ისტორიიდან არაერთი მაგალითი ვიცით. გავიხსენებ ერთ-ერთს: როდესაც გერმანელმა ფაშისტებმა 75 სიკვდილმისჯილ ანტიფაშისტ პატიმრებს მოუყარეს თავი და სიკვდილით უნდა დაესაჯათ, 75-დან ერთ-ერთმა მუშამ კარლ ვოლფმა, რომელიც ბორკილებგაყრილი მიიყვანეს, სიკვდილის წინ ჯალათებს სთხოვა, მისთვის უკანასკნელად ხელების თავისუფლად გაშლის საშუალება მიეცათ. შვება იგრძნო თუ არა ვოლფმა, მის მახლობლად მდგომ ესესელს სახეში მთელი ძალ-ღონით ისე გაარტყა მუშტი, რომ ესესელი მიწაზე გაიშხლართა. ეს მძიმე ისტორია იმიტომ გავიხსენე, რომ მეც იმ ანტიფაშისტივით მინდა გავარტყა მუშტი ამ თანამედროვე ფაშისტებს, რომლებმაც ქართველი ხალხი შიმშილისთვის, სიღატაკისთვის და გაჭირვებით ამოწყვეტისთვის გაიმეტეს. დაბოლოს, ვისაც პოეტისა და მწერლის სახელი გინდათ გერქვათ, ოლიგარქიას ნუ აქებთ და ნეოფაშისტებს ნუ უხმობთ! მუშტი თუ არ შეგიძლიათ, რომ უთაქოთ ამ მტაცებლებს, თქვენი კალმით მაინც ამხილეთ ისინი.
ნანა სულავა, ალია
კომენტარები