ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.
– ბატონო სოსო, თქვენ მაშინვე თქვით „ალიასთან“ ინტერვიუში, რომ ევგენი პრიგოჟინს ამბოხს არ აპატიებდა პუტინი და მოკლავდა.
–განსაკუთრებული არაფერი მითქვამ, ამას ლამის მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა. პუტინს არავისთვის არაფერი უპატიებია. ლიტვინენკოს, მამა–შვილ სკრიპალებს რამდენიმე წლის მერე მისწვდა და დახოცა, ევროპაში გაქცეულ „ფეესბეს“ სხვა თანამშრომებს მისწვდა და მოაკვლევინა, ბევრი ოპოზიციონერი მოკლეს და მათ შორის, ბორის ნემცოვი კრემლის კედელთან ჩაცხრილეს. პრიგოჟინმა უზარმაზარი რეპუტაციული ზიანი მოაყენა პუტინს, თან რაც გააკეთა, ეს ღალატად ჩაუთვალა და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ველოდით. მომენტი შეარჩია პუტინმა, არ მოაკვლევინა ბელარუსში, არც აფრიკაში. მანამდე ყველა მოიშორა, ვინც სიმპათიით იყო განწყობილი პრიგოჟინის მიმართ, ვინც მისი დასაყრდენი იყო არმიაში. გენერალი სუროვიკინიც მოიშორა და კიდევ ათამდე გენერალი – ზოგი გადაყენა, ზოგი შორეულ აღმოსავლეთში გაუშვა. მერე, როდესაც იგრძნო, რომ პრიგოჟინის მოკვლის შემთხვევაში, მის სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ დასაყრდენი აღარ ეყოლებოდა, ადგა და ნაღმით ააფეთქა მისი თვითმფრინავი თუ რაკეტა ესროლა და ჩამოაგდო, ეს გასარკვევია. თან, პრიგოჟინთან ერთად მოიშორა „ვაგნერის“ სხვა მეთურები, რომლებთაც „ვაგნერელები“ ენდობოდნენ, გაჰყვებოდნენ. ასევე, „ბრიქსის“ სამიტი იმართება იოჰანესბურგში და საერთაშორისო ყურადღება გადატანილია სამიტისკენ, პრიგოჟინისთვის არ სცხელათ მსოფლიოს წამყვან პოლიტიკოებს, ექსპერტებს და ჟურნლისტებს. კი, ბევრი ამბობს, პუტინმა რატომ არ დაიცადა, მერე არ მოაკვლევინა და თან ისე, რომ მასზე ეჭვი არ მიეტანათო. პრიგოჟინი აფრიკაში ბრძოლაში რომ დაღუპულიყო, მისი დაღუპვა რომ გადაეღოთ და ეჩვენებინათ, რომ ნაღმზე აფეთქდა, ეჭვს მაინც პუტინზე და „ფეესბეზე“ მიიტანდნენ, იტყოდნენ, ეს ნაღმი მათ დაუდესო. ეს იცოდა პუტინმა და ამიტომ, აღარ გადადო პროგოჟინის ლიკვიდაცია. აქ უკვე „ფეესბეს“ რაღაც ფარული მეთოდების გამოყენება აღარ გახდა საჭირო, ხისტად და ღიად იმოქმედა პუტინმა და ყველას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ მის წინააღმდეგ წასვლას არავის აპატიებს.
– როგორ ფიქრობთ, მეთაურების გარეშე დარჩენილ „ვაგნერს“ რა ბედი ელის?
– ხომ ნახე, რაც ომში დაღუპულ „ვაგნერელებს“ გაუკეთეს? მოსკოვში, პრიგოჟინის დაარსებულ ნიკოლაევსკის სასაფლაოზე მათი საფლავები შეურაცხყვეს, ჯვრები მოხსნეს გადაყარეს, საფლავებს კი ასფალტი დაასხეს. რა შუაში იყო ეს ხალხი პრიგიჟინის ამბოხთან? ის ამბოხი რომ მოხდა, ეს ხალხი უკვე დაღუპული იყო და ყველა უკრაინაში დაიღუპა. მკვდრები ვის რას დაუშავებდნენ? როცა დაიღუპნენ, გმირებად შერაცხეს, სიკვდილის მერე ყველას რაღაც ჯილდო გადასცეს და ზოგს რუსეთის ეროვნული გმირის წოდებაც მიანიჭეს. ეს არის ველურობა, ბარბაროსობა, მეტი არაფერი. თუმცა, ვფიქრობ, ეს სპეციალურად გაკეთეს. ამით ხალხს და ჯარისკაცებს აჩვენეს, რომ უდანაშაულო და მკვდარი “ვაგნერელები“ არ დაინდეს მხოლოდ იმიტომ, რომ პრიგიჟინის ხალხი იყო და სხვას მით უფრო არ დაინდობენ, ვინც ხელისუფლებას სიტყვით მაინც დაუპირისპირდება. თუმცა, ყველა რუს ჯარისკაცზე და ოფიცერზე, ვისაც ღირსება აქვს შენარჩუნებული, ეს ცუდად იმუშავებს.
ამ ხალხმა დაინახა, რომ სამშობლოსთვის თავის გაწირვას აზრი არ აქვს, ბრძოლაში დაღუპულებს არ დაუფასეს და ცოცხლებს ხომ საერთოდ არ დაუფასებენ. რაც შეეხება „ვაგნერს“, მას უკვე დაუნიშნეს ახალი მეთაური.“ ვაგნერი“ და ყველა სხვა კერძო სამხედრო კომპანია, პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ დაუქვემდებარეს თავდაცვის სამინისტროს და მას უკრაინაში გადაისვრიან. თუმცა, ყველა „ვაგნერელი“ არ წავა უკრაინაში. ერთი, პრიგოჟინის სიკვდილი გამო, მეორეც ამ დაჯგუფებაში ყველა პატრიოტი არ არის, ბევრი ფულის გამო იბრძოდა უკრაინაში. ეს ხალხი წავა სხვა ქვეყნებში და სადაც მეტს გადაუხდიან, იქ იომებენ, მათთვის სულ ერთია, უკრაინელებს დახოცავენ თუ სხვას. თავდაცვის სამინისტრო იმის ნახევარს ვერ გადაუხდის „ვაგნერელებს“, რამდენსაც პრიგოჟინი უხდიდა. ფაქტია, რომ რუსეთმა ყველაზე ბრძოლისუნარიანი სამხედრო დაჯგუფება დაკარგა, „ვაგნერი“ ის აღარ იქნება, რაც იყო. იმას დავამტებ, რომ პუტინმა დიდი ვერაფერი მოიგო პრიგიჟინის სიკვდილით, მის რეიტინგზე ამას დადებითად არ უმოქმედებია.
კომენტარები