ტვ პირველი, “ნოდარ მელაძის შაბათის ეთერი” ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურსა და რუსეთის უშიშროებას შორის მჭიდრო კავშირია, მედია ეყრდნობა სუს–ის ყოფილი მაღალჩინოსნის, კერძოდ კი, სუსის მაშინდელი უფროსის, ვახტანგ გომელაურის მოადგილის წერილს ციხიდან და სუს–ის ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრე სამხარაძის მონათხრობს, რომელიც ამ შეხვედრების დროს, მძღოლი იყო.
ალექსანდრე სამხარაძე:
პირველ შეხვედრაზე (რომელიც, ვლადიკავკაში, კოსტა ხეთაგუროვის 20 ნომერში გაიმართა) წავედით მე, ჩიმაკაძე, სოსო გოგაშვილი, იოსებ ჭელიძე. საზღვართან არ მისული, გავაჩერე ავტომობილი, მოვხსენი სახელმწიფო ნომრები და ასე უნომროდ, შეფერხების გარეშე გავიარეთ ორივე საზღვარი. არანაირი საპასპორტო კონტროლი არ გაგვივლია. მათი, რუსეთის საზღვრიდან 50 მეტრში დაგვხვდა შავი ფერის ტოიოტა, რომელმაც მიგვაცილა საიდუმლო ბაზამდე. ნახევარ საათში მივედით ადგილზე. ცოტა დიდი შენობა იყო. შენობაში მე არ შევსულვარ. იქ რომ ჩავედით იქ დაგვხვა ეფესბეს გენერალი სედოვი და შეხვდა მხოლოდ სოსო გოგაშვილს. 40 წუთამდე გაგრძელდა მათი შეხვედრა. ამ დროს ჩიმაკაძე და ჭელიძე შიგნით იყვნენ შესულები, მაგრამ როგორც ვიცი, მათ არ შეხვედრია არავინ, მხოლოდ გოგაშვილს შეხვდნენ. ამ შეხვედრაზე დაიგეგმა ჩვენი უფროსების შეხვედრა – ჩვენი მხრიდან გომელაური, მათი მხრიდან ბორტნიკოვი. წამოვედით თბილისში. ისევ ისე გადმოვიარეთ საზღვარი შეფერხების და შემოწმების გარეშე. ჩვენი საზღვრიდან პოლიციის პიკაპი გამოგვყვა გუდაურამდე.
სოსო გოგაშვილი:
2016 წელს ივანიშვილის დავალებით ვიმყოფებოდი ვლადიკავკაზში ეფესბეს საიდუმლო ბაზაზე, რადგან ღარიბაშვილის შეცვლის შემდეგ, კომუნიკაციაში იყო წყვეტა და საჭირო იყო ურთიერთობის განახლება. ბაზაზე დამხვდა ეფესბეს გენერალი სედოვი, რომელიც შემხვდა მხოლოდ მე. შეხვედრა გაგრძელდა 30 წუთი, სადაც დაიგეგმა ჩვენი უფროსების ბორტნიკოვი–გომელაურის შეხვედრა.
შეხვედრის მიზანი იყო ქვედა დონის მოკავშირე ოფიცრების ურთიერთობის აწყობა, შესაფერისი სანდო პირების გამოვლენა, მათი ერთმანეთთან დაკავშირება. ასევე არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთებისთვის უსაფრთხო დერეფნების მოწყობა, ასევე მათი რეკომენდაციით რუსეთის მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის მინიჭება, ბიზნესის დაწყებაში დახმარება, ასევე საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეებისათვის, რომლებიც არ იყვნენ სასურველი პირები და იძებნებოდნენ – მათი არალეგალურად გადაცემა რუსეთისთვის.
ჩაინიშნა ჩვენი უფროსების შეხვედრა, შედგა იგივე ქალაქში და გაგრძელდა 3 საათი. მე ამ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ, ჩემი უფროსი, ვახტანგ გომელაური ჯერ გაემგზავრა მანქანით, მაგრამ თოვლის ჩამოწოლის გამო გზაზე შეფერხება იყო. დამირეკა გზიდან. მე დავურეკე ნინო გიორგობიანს და ვთხოვე აირზენას მოემზადებინა თვითმფრინავი. მომზადდა ჩარტერი ბორტ 717–თვის და მოხდა გადაფრენა. ბორტმა პირველ ჯერზე დაჯდომა ვერ შეძლო და მოუწია რამდენიმე წრის დარტყმა. ამ რეისს ვაკონტროლებდი აპლიკაციით.
აირზენას პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი:
გუშინ რა ვჭამე ის არ მახსოვს და აზრზე ხარ? რეებს მელაპარაკები, კაცო, კარგად იყავი. მე რა ვიცი, 2017 წელს ვინ იყო დამკვეთი. რეებს ლაპარაკობ, რა ვიცი.
სოსო გოგაშვილი:
“ამ შეხვედრის შემდეგ, მოკავშირე ოფიცრები, ჩიმაკაძე და ჭელიძე, რამდენჯერმე მინსკის გავლით იმყოფებოდნენ მოსკოვში. იმავე წელს, ოფიციალური მიწვევით ვიმყოფებოდით მინსკში, სადაც კიდევ ერთხელ, ერთმანეთს შეხვდნენ გომელაური და ბორტნიკოვი. საუბრის შინაარსი არ ვიცი.”
გოგაშვილის მტკიცებით, გომელაურის და ბორტნიკოვის შეხვედრის შემდეგ, საქართველო აკრძალული ტვირთების პოლიგონად იქცა, მაგალითად, რუსეთი სირიაში ამონიუმის ნიტრატს გზავნიდა, საბუთები ყალბდებოდა, თითქოს ტვირთი ქართული იყო. სატვირთო მანქანების შემთხვევაში კი, უბრალოდ არ ხდებოდა მათი შემოწმება.
სოსო გოგაშვილი:
“ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან მივიღეთ ინფორმაცია სხვადასხვა დროს, ტანკერის შესახებ, რომელიც მოდიოდა რუსეთიდან ფოთში, უნდა შეცვლილიყო საბუთები, თითქოს საქართველოდან მიდიოდა. სინამდვილეში გემი 80 პროცენტით უკვე სავსე იყო ამონიუმის ნიტრატით, დანარჩენით უნდა გავსებულიყო საქართველოში და გაგზავნილიყო ლიბანის პორტის გავლით ბაშარ ალ ასადთან სირიაში. კიდევ იყო ორი სატვირთო ლარსიდან შემომავალი. მოწოდებული ინფრომაციით იგი დატვირთული იყო აკრძალული ნივთიერებებით და იგზავნებოდა ირანში. იძულებულნი გავხდით ტვირთები გაგვებრუნებინა უკან, რადგან ეს ინფორმაცია უცხოელების მოწოდებული იყო და რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით.”
გარდა ამისა, სოსო გოგაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე, მედიასთან იმაზეც საუბრობენ, რომ ეფესბეს გენერლები საქართველოშიც შემოიყვანა სუს–მა და მათ უშუალოდ გომელაურმა უმასპინძლა. ასახელებენ კონრეტულ ადგილებს. საქართველოში საიდუმლოდ ჩამოსულმა რუსმა სტუმრებმა ალექსე სედოვმა და სერგეი ბესედამ მინისტრ გომელაურს და მის თანამშრომლებს რუსეთის გერბი, დროშა და საათები ჩამოუტანეს, რომელზეც რუსული ეფესბეს სიმბოლიკაა გამოსახული.
ალექსანდრე სამხარაძე:
როგორ ჩამოვიდნენ არ ვიცი, რომ ჩამოვიდნენ შეხვედრა დაინიშნა გომელაურის რესტორანში, მცხეთაში, რესტორანი მთლიანადა იყო დაკეტილი, მომსახურე პერსონალიც კი არ იყო, არავის ვუშვებდით, მხოლოდ მზარეულები იყვნენ და მომსახურე პერსონალი, მიმტანებიც ვიყავით ჩვენ, სუს–ის თანამშრომლები. იმდენად საიდუმლო შეხვედრა იყო, რომ რესტორანი უნდა დაკეტილიყო. სუფრასთან შეხვედრა გაგრძელდა 2–3 საათი. მანდენად გავემგზავრეთ მეტეხის პლაზასთან, სადაც გადაიღეს სურათები. მე ვიყავი მანქანაში, გოგაშვილი, ჩიმაკაძე და გომელაური და ისინი, სავარაუდოდ, გომელაურის მანქანით წამოვიდნენ. გასაცილებელი სუფრა გაკეთდა კიდევ და ეს იყო მთაწმინდაზე, ანდერვილში.
შეგახსენებთ, ალექსანდრე ბორტნიკოვი 2008 წლის 12 მაისიდან არის „ФСБ“-ს დირექტორი და ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო იმავე წლის 25 მაისიდან რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი. რუსი ექსპერტები მას პუტინის პოლიტიკურ მემკვიდრებად კი ასახელებენ.
კომენტარები