აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
“ობიექტური მიზეზი, თუ რატომ არის შეუძლებელი ე.წ. პერპეტუუმ-ბანანა სტატუსიდან გამოსვლა ე.წ. დემოკრატიული მეთოდებით:
——————–
წარმოვიდგინოთ, რომ ვცხოვრობთ კლასიკურ აუტოკრატულ ბანანა-რესპუბლიკაში, რომელსაც ერთპიროვნულად მართავს ერთი დიქტატორი თავისი “შიბზიკების” მეშვეობით. ქვეყანაში პარლამენტიც არის, სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებიც, მაგრამ ვერავინ ვერავითარ არსებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს დიქტატორის პირადი ნებართვის გარეშე, რაც არ უნდა მაღალ “შიბზიკურ” იერარქიულ კიბეზე იდგეს. შესაბამისად, სახელმწიფო ფიქციაა. დეკორატიული დემოკრატია რომ სრულყოფილი იყოს, საჭიროა ოპოზიციაც. ცხადია, ამ ოპოზიციას არაფერი ქმედითი ძალა არა აქვს, რადგან ვერასოდეს იქნება ისეთ უმრავლესობაში, რომ რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. ამის გარანტიას დიქტატორი ე.წ. არჩევნების დროს ქმნის, როდესაც მის მიერ შერჩეული საარჩევნო კომისია ითვლის შედეგებს ზუსტად ისე, როგორც საჭიროა. შესაბამისი დისციპლინის გარანტორია დიქტატორის პირადი დაცვა, რომელიც სრულად აკონტროლებს ქვეყნის ყველა ძალოვან სტრუქტურას, იქნება ეს ლეგალური, ნახევრად-ლეგალური, თუ არალეგალური. ჯიუტები იგზავნებიან ციხეში. ეს უადვილესი პროცესია და მარტივად ხორციელდება მოსყიდული მოსამართლეების მეშვეობით. განსაკუთრებით საშიშ ჯიუტებს ფიზიკური განადგურების საფრთხე ემუქრებათ. მოსახლეობის “გაშიბზიკება” აგრესიულად ხორციელდება კონტროლირებადი მედია-საშუალებებით, რომლებიც სამიზნეში იღებენ ნებისმიერ თავისუფალ მოაზროვნეს და მიზანმიმართულად წარმართავენ მათკენ წვრილფეხა “შიბზიკების” პრიმიტიულ აგრესიას.
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა თქვენ დაგავალათ მორიგი საარჩევნო სიის შედგენა. თქვენ ზიხართ კაბინეტში და ცდილობთ მოიფიქროთ კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც უნდა შეარჩიოთ კანდიდატები.
ჭკვიანი ხალხი ავტომატურად გამორიცხულია; მათ ყველაზე კარგად ესმით რეალობა და ამიტომ არაფრით დათანხმდებიან დიქტატორის დეკორაციის როლს. ახალგაზრდა იდეალისტები ასევე გამორიცხულია; მათ არავინ იცნობს და თანაც მათ ვერ გააჩუმებ კრიტიკულ სიტუაციაში. ეს კი საშიშია; შეიძლება რადიკალიზმი და აჯანყების სურვილი შესწამონ პარტიას და სამართლებრივი დევნა დაუწყონ. ან უფრო მარტივად, ასეთებს ფიზიკურ პროვოკაციებზე წამოიკიდებენ და მერე მანდატს შეუჩერებენ.
ცნობილი ხალხი … ცნობილი რითი? ჭკვიან ხალხზე ვთქვით უკვე, რომ ვერ გააბრიყვებ; ე.ი. … თავად მიხვდებით ვინ შედიან ამ კატეგორიაში. ეს ერთი სპექტრი შეირჩა.
შემდეგი … მოსანახია გაცვეთილი პოლიტიკოსები, რომლებსაც ყველა იცნობს, რადგან დასაბამიდან პოლიტიკაში არიან; ამ ხალხს მუდმივად სჭირდება სამსახური და ფული. ეს სპექტრიც შეირჩა. კიდევ ვინ?
ფულიანი ხალხი, რომლებიც გარკვეულ წინასაარჩევნო კონტრიბუციას გაიღებენ. ბუნებრივია, რომ ბანანა-ქვეყანაში კრისტალურად სუფთა ბიზნესით დიდ ფულს ვერ იშოვნი; შესაბამისად, ეს ხალხი “კვერცხებით” უჭირავს დიქტატორს. ეს სპექტრიც შეირჩა. ამას შეიძლება დავუმატოთ რამდენიმე გულუბრყვილო იმიჯის “არააგრესიული იდეალისტი”, რომლებსაც “სჯერათ”, რომ კანონებს იღებენ, ხალხისათვის იღწვიან და კოლეგიალურად თანამშრომლობენ “შიბზიკების” საპარლამენტო სპექტრთან.
აი ეს არის პერპეტუუმ-ბანანას ე.წ. პოლიტ-სპექტრის მოკლე ანატომია.
ჰოდა, მაინცდამაინც სიის შემდგენელს ნუ “ესვრით”.
კომენტარები