ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ამირეჯიბი.
– გიორგი გახარიას პარტიას რა პერსპექტივა აქვს? ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან დევნიან გახარიას მხარდამჭერებსო და ეს გჯერა?
– არა, ეგ დადგმული სპექტაკლი მგონია, არავის დევნიან. ზუგდიდის მერი რომ გამხდარიყო გეგა შენგელია, რა ვიცი, კაცმა მოიკლა ამისთვის თავი და გჯერა შენ, რომ გახარიას მხარდამჭერია, უთხრეს და გადადგა? დავიჯერო, ეგრე უყვარს გახარია, რომ მერობას არჩია? რამდენი ეგეთი მერი, გამგებელი, მათი მოადგილეები გადადგნენ და აცხადებენ, გვდევნიანო. არავინ არავის არ დევნის და ეს ტყუილია. ან რა ეტყობათ რომ დევნიან? თუნდაც სამსახურიდან გაშვება დევნა არ არის, რადგან ოპოზიციის დევნის ჩვენ სხვა და სხვაგვარი ფაქტები ვიცით.
– გახარიას პარტია იქნება ივანიშვილის სათადარიგო დასაყრდენი პარტია?
– ივანიშვილის ადგილას რომ ვიყო, ავდგებოდი და სუფთა, განათლებული ხალხისგან შევქმნიდი პარტიას. ეს ხელისუფლება უკვე ყარს, სუნი ასდის, მეტადრე, პარლამენტს. ამ პარტიას ნელ–ნელა შევუშვებდი პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ის მეყოლებოდა სათადარიგო პარტიად. რაღა გახარიას იმედად არის? რა გაუკეთეს გახარიამ, მისმა ექვსმა დეპუტატმა და მასთან წასულებმა, ამ ქვეყანას და ხალხს? ბიძინამ მოიყვანა გახარია, ბიზნეს ომბუდსმენობისგან პრემიერი გახადა. ახლა გახარია უნდა გამოვიდეს და ვინც პოლიტიკოსად აქცია, ვისითაც მოიპოვა ხალხის გარკვეული მხარდაჭერა, იმ კაცს უნდა აგინოს? იმ პარტიას? არ ჯდება ეს რაღაც ლოგიკაში. გამოჩნდება, გახარია ივანიშვილის დასაყრდენი იქნება თუ არა, სავარაუდოდ ასე იქნება და გახარიას, ამ ეტაპზე, შეუშვებენ პარლამენტში და ფრაქციას შეაქმნევინებენ.
კომენტარები