ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, ეკა ბესელია.
– ქალბატონო ეკა, ირაკლი კობახიძეს რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტში, სტუდენტებმა რუსული რუბლები რომ გადმოაყარეს, იმ სტუდენტებზე შური იძია. თსუ–ში მისმა მხარდამჭერმა ახალგაზრდება ის სტუდენტები სცემეს, კობახიძე კი იმ დროს ლექციას კითხულობდა. რას იტყვით მომხდარზე?
– მე ამ ფაქტზე ერთი კომენტარი მინდა გავაკეთო. ყველაზე დიდი სირცხვილი ის არის, როდესაც ლექტორი დაცვით დადის უნივერსიტეტში, დაცვით შედის სტუდენტებთან ლექციის წასაკითხად. ვინც არ უნდა იყო, როდესაც შენ გჭირდება ყველგან დაცვით სიარული, პოლიციის გამოყენება იმისთვის, რომ ხალხში შენს მიმართ არსებული აგრესია ძალისმიერი მეთოდებით ჩაახშო, ამაზე მეტი სირცხვილი არაფერია. კობახიძეს, რომ არაფერი ესაქმება აუდიტორიაში და მას სტუდენტები არ მოუსმენენ, ეს უნდა სცოდნოდა. იმ სტუდენტებს ვგულისხმობ, ვინც იცის ევროპული ღირებულებები, ადამიანის უფლებების პატივისცემა, ქვეყნის სიყვარული… ძალიან დიდი სირცხვილია, რომ მან სტუდენტებთან ილაპარაკოს კონსტიტუციაზე, ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო სამართალზე. ამიტომ, თუ მას არ უსმენენ, მის მიმართ სტუდენტებს აქვთ პროტესტი, ამის მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებოს. სტუდენტების, ახალგაზრდების ერთმანეთთან დაპირისპირება, იმის გამო, რომ თავზე რუბლები გადმოგაყარეს, ეს კობახიძის გულნამცეცობაზე მეტყველებს. რა მაინტერესებს, იცით? სადამდე ივლის კობახიძე დაცვით? ხომ მოვა დრო და აღარ იქნება პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი და საერთოდ, დეპუტატი და აღარც სახელმწიფო დაცვა ეყოლება. აი, მერე რას იზამს?! პარლამენტის დეპუტატი პარლამენტის შენობაში დაცვით რომ ივლის, მისი ადგილი აღარსად აღარ არის.
– მაგაზე არც კობახიძე ფიქრობს და არც ხელისუფლების სხვა ლიდერები. ჰგონიათ, რომ სულ იქნებიან ხელისუფლებაში. „ნაციონალებსაც“ ეგრე ეგონათ, რომ ათწლეულები იქნებოდნენ, თავზე ბუზს არ ისვამდნენ, მაგრამ ორი ვადის მეტი ვერ „გაქაჩეს“. „ქართულ ოცნებას“ ეს რატომ არ ახსენდება? სულ რაღაც 11 წლის წინანდელი წარსული?
– ხელისუფლებაში ყოფნამ იცის ხიბლში ჩავარდნა. ასე დაემართა „ქართულ ოცნებასაც“. არსაიდან მოსული, შემთხვევითი ადამიანები დაეპატრონენ ქვეყნის მართვის სადავეებს და მათ არც წასვლა უნდათ და ვერც იმას გრძნობენ, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დრო მთავრდება. დამთავრდა იქ, როცა მათდამი ხალხის ნდობა დამთავრდა. 2020 წლის არჩევნების მერე ლეგიტიმაცია აღარ აქვს „ქართულ ოცნებას“, გააყალბეს არჩევნები და ისე დარჩნენ ხელისუფლებაში. ხალხის ნდობაზე დგას ხელისუფლების ლეგიტიმაცია და ეს ნდობა, რომ აღარ აქვს, აშკარად ჩანს. წინა ხელისუფლება როგორც აკეთებდა ამას, სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში ძალისმიერი მეთოდებით შეენარჩუნებინათ ძალაუფლება, ესენიც ზუსტად იმ გზაზე დგანან, ისევე იქცევიან. უბრალოდ, დრო შეიცვალა და იგივე მეთოდებს არ იყენებენ, რასაც მაშინ იყენებდნენ. თუმცა, შინაარსი იგივეა.
– ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სცემა გორში, საკუთარ მანქანაში ვატო შაქარიშვილის დაფგუფების წევრმა. ეს პოლიტიკური პირადი ანგარიშწორებები სადამდე მიგვიყვანს?
– მოდით,საერთო სურათს შევხედოთ. პოლარიზაციის დასრულება, რომლისკენაც ევროკავშირის 12 პუნქტის მთავარი საკითხია, ეს პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. მან უნდა უზრუნველყოს, რომ არ იყოს დაპირისპირება იმ ადამიანებს შორის, ვისაც აქვთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. ჩვენ რასაც ახლა ვხედავთ, ეს არის უკიდურესად სახიფათო, როდესაც თავად ხელისუფლება ახალისებს იმ ჯგუფებს, რომელთაც იყენებს როგორც იარაღს. კარგად მახსოვს, ჩვენ ასე გვექცეოდა წინა ხელისუფლება – მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს დაგვხდებოდნენ ქვებით, იყო ჩასაფრებები, ცემა–ტყეპა… კარალეთი იყო, ბოლნისი, ზუგდიდი და თბილისში რამდენი აქცია დაარბიეს, იმას რა მოთვლის. უბრალოდ, გულდასაწყვეტია, რომ იმის მერე გავიდა 10 წელი და მეტიც და სხვა რეალობაა, სამყაროში სულ სხვა პროცესები მიდის და ეს ხელისუფლება კიდევ დაადგა წინამორბედი რეჟიმის გზას. მორალს უკითხავენ იმათ, ვისაც აბსოლუტურად დაემსგავსნენ და ვისთანაც გაყოფილი აქვთ ძალაუფლება. ამიტომ, ზურას დახვდებიან თუ სხვას ოპოზიციიდან, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა საბოლოოდ. ყველა იმ ძალადობრივი საქმებს, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ჰქონდა ადგილი, სტრასბურგის სასამართლო იღებს, ბევრმა მოიგო სტრასბურგში სასამართლო და მათთვის სახელმწიფოს ეკისრება კომპენსაციის გადახდა. ამ თანხას ბიუჯეტი, ანუ ყველა ჩვენგანი ვიხდით. ახლა ამ ხელისუფლების დროს ჩადენილი ძალადობრივი აქტები იქნება საქართველოს მოსახლეობის გადასახდელი პოლიტიკურად, სამართლებრივად და მატერიალურად.
– აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის ომს ლაჩრულად წაგებული ომი უწოდა, რამაც საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია. განსაკუთრებით იმ ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახებისა და ომის მონაწილე ჯარისკაცებისა და ოფიცრებისა. თქვენ რას იტყვით?
– მე მგონია, რომ საერთოდ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები და მაღალი რანგის საჯარო მოხელეები, უნდა გრძნობდნენ პასუხისმგებლობას, როდესაც აკეთებენ ისეთ განცხდებებს, რომლებიც დაპირისპირების კერებს ხსნის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ისეთ თემას ეხება, როგორიც 2008 წლის ომია, რომელსაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არაერთი ჯარისკაცი და ოფიცერი შეეწირა. ისინი არიან გმირები. ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა და არ შეიძლება ასეთ თემებზე ასეთი უპასუხისმგებლო განცხდებების გაკეთება. ეს უკვე მერამდენე განცხდებაა,რომელიც იწვევს მეომრების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავშეწირული ჯარისკაცების, მათი ოჯახების შეურაცხყოფას. პოლიტიკური შეფასება სხვაა. ომის დროს წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე მეც ნეგატიური დამოკიდებულება გამჩნია, მაგრამ საქართველოს მთლიანობისთვის თავშეწირულ გმირებზე ფრთხილად და მოწიწებით უნდა ილაპარაკო. სამწუხაროდ თორნიკე რიჟვაძეს ეს ელემენტარული რამ არ ესმის.
კომენტარები