ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში წერს:
-ტრამპი პუტინის გოშიაა- , -ტრამპმა მოახდინა ამერიკული პოლიტიკური სისტემის დეგრადირება- , – ტრამპი უნდა წავიდეს ყველა ვარიანტში – პოლიტიკურად ინფანტილური განცხადებებია.
– რამ მოიტანა ტრამპის ფენომენის წარმატება ამერიკაში -, – როგორ და რატომ მიეცა რუსეთს ამერიკულ პოლიტიკაზე მანიპულირების ილუზიის შექმნა – , – ტრამპის დარჩენა-წასვლის პლუს-მინუსების გარჩევა – ეს უკვე საინტერესოა და დებატები ღირს.
– ამერიკული პოლიტიკური კულტურის კლასი დაეცა – , – ტრამპი ტვიტერით მართავს ქვეყანას! -. არადა, კარგად გვახსოვს, რა აღფრთოვანება და პოპულარობა მოუპოვა პრეზიდენტობის კანდიდატ ობამას ტელეფონზე მესიჯების სწრაფად აკრეფის ტექნიკის უკეთ ფლობამ თანამედროვე ტექნოლოგიებთან შედარებით მწყრალად მყოფ მაკკეინთან შედარებით.
ასე რომ, კარგად არის ცნობილი, თუ ვინ და როდის შექმნა ამერიკული პოლიტიკური კულტურის ახალი სტანდარტები. ტრამპი ძალიან ძლიერი აღმოჩნდა ამ ამპლუაში, ზუსტად აუღო ალღო ამერიკული მედიის ორმაგ სტანდარტებს და თავისივე მოედანზე მოუგო ბრძოლა. ცხადია, ძნელია ამ ფიასკოს მონელება. ძალიან ძნელი, თუ შეუძლებელი არა, იქნება ამ სტანდარტების შეცვლა, რადგან სოციალური მედიის არნახული ზეობის ეპოქაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდნენ ე.წ. სოციალური ავტორიტეტები. ამ სოციალური ავტორიტეტების როლს კი პრაქტიკულად 100 % -ანი ალბათობით საეჭვო განათლებისა და ღირებულებების ადამიანები ასრულებენ.
ცივი ომის დასრულების შემდეგ, ამერიკამ სრულიად დაკარგა იდეოლოგიური ფრონტის კონტროლის სადავეები; უფრო სწორად ეს ფრონტი გაქრა და ამიტომ ამ მიმართულებით კონტრდაზვერვამ პრაქტიკულად შეაჩერა მუშაობა. შედეგი სახეზეა. რუსული ჰიბრიდული ომის ტაქტიკა ამ მიმართულებით ამუშავდა, რადგან სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი სრულიად უშანსოა მსოფლიოს სუპერსახელმწიფოებთან შედარებით. რა საჭიროა „ხელ-ფეხის ქნევა“, როდესაც შეგიძლია პირდაპირ დაარტყა მსოფლიოს „ტვინს“. კოლექტიური გონი, ინტერნეტი შექმნილია და თუ მის დადამბლავებას მოახერხებ, ბრძოლაც მოგებულია. – ტრამპი აღფრთოვანებულია პუტინით – ხშირად მოისმენთ. რეალურად, ნებისმიერი პატიოსანი ადამიანი აღიარებს იმ ფაქტს, რომ საუბედუროდ, დიქტატორული რეჟიმს აქვს გარკვეული უპირატესობანი ზოგ ასპექტში. მაგალითად, სწრაფი პოლიტიკური, სამხედრო თუ ადმინისტრაციული რეაგირების უნარი. პუტინს შეუძლია ერთპიროვნულად, რამდენიმე წუთში მიიღოს გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერს უამრავი ბიუროკრატიული ბარიერის გადალახვა სჭირდება. ცხადია, ეს ბარიერები იმიტომ არსებობს, რომ არცერთ ადამიანს არ მიეცეს აბსოლუტურ ძალაუფლებასთან შეთამაშების საშუალება, მაგრამ ამავე დროს, ეს ბარიერები ხშირად უპირატესობას გაკარგვინებს. ისეთი თემაა, შეუძლებელია მასზე მარტივად საუბარი და ამავე დროს უაღრესად საშიშიცაა, რადგან ძალიან ადვილად შეიძლება დაგდონ ბრალი არადემოკრატიულობაში და ტირანიისადმი ტრფიალში. ბუნებრივია, ვერც ტრამპი გამოთქვამს საკუთარ ადმინისტრაციულ იმპოტენციაზე სასოწარკვეთას იმ სახით, რომ ადვილად მოწყვლადი არ გახდეს ზემოთ ნახსენები ბრალდებების მიმართ.
– ტრამპმა ამერიკა ჩააჩოჩა მსოფლიო ლიდერობიდან -. არადა საქმე სულ სხვა რამეშია. ტრამპმა პირდაპირ დაანახა მსოფლიოს, რამხელა ფარსია „ნატო“, სამხედრო ბლოკი, რომელიც არასოდეს იბრძვის გადამწყვეტ მომენტებში და პრაქტიკულად ბუტაფორიული, გამოუყენებელი წარმონაქმნია. „ნატო“ დიდი ხანია შეურთდა „გაეროს“ და სხვა იმპოტენტი პოლიტიკური წარმონაქმნების სიას. კორონა-კრიზისმა ნათლად აჩვენა, თუ რას წარმოადგენს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია. რას წარმოადგენს ინტერპოლი, მსოფლიო ბანკი და ა.შ. კარგად ვიცით. ცხადია, ამ სტრუქტურებში დასაქმებული ასიათასობით ადამიანს საოცარი პროტესტი ექნება, როცა დოტაციის წყაროს გამოაცლიან, მაგრამ ამ ფინანსების სერიოზული მასა ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან მოდის.
ასე დაუპირისპირდა ტრამპი პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს გავლენიან ელიტას.
რას მოიტანს ტრამპის წასვლა? ყველა ზემოთნახსენები იმპოტენტური ორგანიზაციის აღორძინებას; რუსეთისა და ჩინეთის დიქტატორული რეჟიმების უფრო გაძლიერებას, რადგან ისინი მოიგებენ იდეოლოგიური დივერსიის ყველაზე მასშტაბურ ბრძოლას. პლანეტის პირველ ქვეყანას სათავეში ეყოლება ასაკობრივ მარაზმში მყოფი ნაცრისფერი პოლიტიკოსი, რომლესაც თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია გამორჩეული. ქვეყანას არ ეყოლება ლიდერი. მართვის სადავეებს ხელში ჩაიგდებს გაურკვეველი პოლიტიკური კონგლომერატი…
ჟიულ ვერნს აქვს ერთი პასაჟი „15 წლის კაპიტანში“, როცა ახალგაზრდა კაპიტანი ყურეში უსაფრთხოდ შესასვლელად აქოჩრილ ტალღებს კასრებში დაგროვილ ვეშაპის ქონს დაასხამს, დაამშვიდებს და ისე შესრიალდება წამით გახსნილ „კარში“. – საზღვაო კანონებით ეს მანევრი აკრძალულია, რადგან როგორც კი ტალღები მოგდებულ ცხიმს მოიშორებენ, უფრო მძლავრად აიქოჩრებიან და უკან მომავალ ხომალდს აუცილებლად ჩაძირავენო – ამბობს მწერალი. ალბათ სადღაც ამოიკითხა ეს ჟიულ ვერნიმ და ღმერთმა უწყის რამდენად მართალია, მაგრამ დაახლოებით ასეთი ეფექტი კი არის მოსალოდნელი ამერიკაში. ვნახოთ.”
კომენტარები