ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ამბავს იხსენებს და წერს : – ჩემს შვეიცარელ კოლეგას უნდოდა მძიმე დეპრესიაში მყოფი, ნარკოდამოკიდებული, ნიჰილისტურად განწყობილი პაციენტის არტთერაპიაში ჩაბმა.
„ეს ფოტო დღეს ჩატში ერთმა კარგმა ადამიანმა ჩამიგდო, პური მიუციათ ამ ფურცელში გახვეული. თან გამიხარდა, ფურცელ-ფურცელ, პურებთან ერთად რომ იფანტება ეს ტექსტები, თან მოვუბოდიშე, რანაირი ტექსტი შეგახვედრეს, ტრავმის და სინანულის-მეთქი.
ხოდა გამახსენდა, არტთერაპიის ერთი განსაკუთრებული ამბავი, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა –
ვერაფრით რომ ვერ გადაალახინა აგდებული განწყობა თერაპიის მიმართ, უცებ შეამჩნია, რომ ეს კაცი პაპიროსს ეწეოდა და ყოველ შეკეთებაზე თუთუნს ჩინურ-ინგლისური ლექსიკონიდან ამოხეულ ფურცელში ახვევდა. თერაპევტმა საფერფლედან ნამწვები ამოიღო და შეინახა და პაციენტსაც სთხოვა, ყოველდღე ნამწვი შეინახეო. თავიდან კაცი ზრდილობის გამო დათანხმდა და შემდეგ ისეთი აზარტული გახდა მისთვის ნამწვების შეგროვება, რომ თანდათან მათი კონტროლიც დაიწყო – ზოგიერთ სიტყვას ოდნავ წვავდა, ზოგს სრულად ეწეოდა, ზოგს ნახევრად, ზოგს კი ანთებისთანავე აქრობდა…
საბოლოოდ, რამდენიმე თვეში საოცარი გამოფენა გააკეთეს. თეთრ ჩარჩოებში ჩასმულ, წითელ ფონზე დაკრულ ნამწვებზე ორ ენაზე იკითხებოდა ნახევრად დამწვარი – “ბედნიერება”, “სიყვარული”, “ტკივილი”, “ამბავი”… ზოგი ნამწვი მეტად ჩინური იყო, ზოგი მეტად ინგლისური. ხო, ასეთი რამეები შეუძლია არტთერაპიას, რომ შენი თავი გაპოვნინოს საფერფლეში, ლექსიკონში, ბუნებაში, ქუჩაში, თონეში, ოთახში, ნაგვის ურნაშიც კი და შემდეგ თავიდან აგაწყობინოს ახალი ვერსია იგივე დეტალებით“
კომენტარები