ზურა ბერიკაშვილის მეგობარი, რეჟისორი სანდრო ელოშვილი ფოტოს აქვეყნებს და იხსენებს:
,,ორი ზურა ბერიკაშვილი არსებობს… მართლა!
ერთი ტელევიზორში ნანახი, გადაცემებში, ინტერვიუებში… ოღონდ საოცრად “ცუდი” იყო ხოლმე ამ დროს 🙂 დამიჯერეთ! ისეთი მორცხვი იყო, ისეთი მორიდებული… სიტყვის თქმაც კი ერიდებოდა…
და იყო მეორე ზურიკო, სახლის კარს რომ შევიკეტავდით… თუ პირადად არ იცნობდით, ვერავის დაგაჯერებთ რომ ამ მშვიდ და წყნარ ადამიანში არსებობდა ასეთი ენერგია, ასეთი ემოცია, ასეთი იუმორი…
რეპეტიცია მორჩებოდა თუ ტელეფონზე დაგირეკავდა, ძველმოდური სიტყვებით თუ დაგიწყებდა ლაპარაკს, ის დღე აუცილებლად ხმაურიანად დამთავრდებოდა…
– გასტრონომში ჩავალ, კაი იმპორტულ კალბასს დავაჭრევინებ… ?
ამას მოაყოლებდა ხოლმე – კიტრი მაქვს, პომიდორი მაქვს… კაი ღვინო მაქვს… არაყიც… გუდა გამომიგზავნეს… დედას პური მაქვს… მეტი რაღა გინდა შე დამპალო შენა! ?
მერე, ასე ყოველდღიურ, ყოველსაღამოურ ერთად ყოფნას ლოთობა და ღრეობა არ დარქმეოდა, ასეთი სახელი მოუფიქრა… “სალონური საღამოები”! ვისხედით ხოლმე მის ოთახში, ზოგჯერ დილიდან დილამდეც ჩვენს “სალონურ საღამოებზე”.
ფუსფუსი უყვარდა, ფუსფუსი და ზრუნვა… ამიტომაც ქონდა მეტსახელები… პაპიტო ბიძია, ზურიკიტო, ბერიკიტო… აბა ეს გასინჯე! აბა ეს გადაიღე! ნახე რა ხორცია?! ნახე რა ყველია…
ყველა მისი ხუმრობა იყო მასზე… ერთი შემთხვევა არ მახსენდება ვინმეზე ცუდად დაეცინოს, ვინც იქ არ იყო… მაგრამ სუფრაზე თუ ამოგვარჩევდა ვინმეს, მტერს და ავს… დედას გეფიცებით, ხშირად ცრემლებით მიცინია!
ცხრა თვე მიდიოდა ამ ქვეყნიდან… ცხრა თვე იწვა ჩუმად, უხმოდ… ასე მგონია, ამითაც ჩვენზე ზრუნავდა… ზუსტად იცოდა როგორ გვატკენდა და “გაგვეპარა”… აღარც ვიცი სად გვეტკინა… მაშინ? დეკემბერში, ეს ამბავი რომ დაემართა თუ გუშინ… გულიანი ბიჭის გულმა რომ შეწყვიტა ბაგი-ბუგი!
ამ ცხრა თვეში რამდენი “სმიშნოი” რამის მოყოლა მომინდა… ტელეფონს ამოვიღებდი ხოლმე და მახსენდებოდა…
ეს ფოტო მისი მოთხოვნით გადაგვიღეს, აქ ოპერაცია არ მაქვს ჯერ გაკეთებული და ალბათ ერთი 60-70 კილოგრამით მეტი ვარ… თვითონ კი იყო გაჩხიკული!
ხოდა გადაგვიღეთ ფოტო და ასე დაარქვითო…
მარცხნივ – როგორი იყო საქართველო ადრე და…
მარჯვნივ – რა დარჩაო… ?
მაინც მგონია რომ საიდანღაც შემოხტები და დაიძახებ:
– ჰა, დამპლებო, რა გატირებთ, ქეიფია!”
კომენტარები