ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.
– ბატონო ვალერი, ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალება დაანონსა და უკვე მეექვსედ დაიწყეს გამოძიება 315–ე, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობის მუხლით. დღემდე ერთი კაცი არ დაუჭერიათ ამ ბრალდებით. ამჯერად რა უნდათ? რა მიზნის მიღწევას ცდილობენ?
– ეს არის პრევენცია, მაგრამ სასაცილოდ იგდებენ თავს და ამაზე არ ფიქრობენ. პრევენციაში იმას ვგულისხმობ, რომ არ უნდათ ქუჩის აქციები და თუ ვინმე გამოვა, ისე მონათლავენ, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებას, კონსტიტუციური წყობის დამხობის მცდელობას. ეს ნაცადი ხერხია, ეს ახირება „ნაცმოძრაობასაც“ ჰქონდა, ჩემს მიმართ გამოიყენეს ეს ბრალდება და მწარედ მახსოვს მაგისი ფასი. მეორე და კონკრეტული მიზანიც აქვს ამას. ხელისუფლება თადარიგს იჭერს დეკემბრისთვის, როდესაც საქართველოსთვის ევროკანდიდატის სტატუსის მინიჭები საკითხი გაირკვევა. ფიქრობენ, რომ სტატუსს არ მოგვანიჭებენ. ალბათ, აქვთ ეს ინფორმაცია და როდესაც ეს საჯაროდ გაცხადდება, დაიწყება დემონსტრაციები და ხალხის პროტესტი, მღელვარება რომ ჩაახშონ, წინასწარ გვეუბნებიან, რომ ეს იქნება სახელმწიფოს გადატრიალების ტოლფასი მცდელობა და უნდა ჩავახშოთო. მოკლედ, ორი კურდღლის დაჭერას ცდილობენ. ეს ყველაფერი არის შეთქმულება მათი მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან ჩვენი სახელმწიფო და მისი მოქალაქეები თანახმანი არიან, ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრები და აღებული გვაქვს ეს ვალდებულება კონსტიტუციურად, რაც სამყაროში ყველამ იცის. ეს ვალდებულება როდესაც არ სრულდება, ხელისუფლება ხელს უშლის ამ ვალდებულების შესრულებას, სწორედ ეს არის შეთქმულება კონსტიტუციური წყობის საწინააღმდეგოდ. სხვა კვალიფიკაცია ხელისუფლების ქმედებას ვერ ექნება. დამიჯერეთ, ეს დღეც დადგება და მათი ეს ქმედებები სწორედ ასე იქნება შეფასებული და ეს შეთქმულება რეალური მტკიცებულებების ხასიათისა იქნება, ვინაიდან ხელისუფლება ვალდებულია, შეასრულოს ვალდებულებები, ამოცანები, მიზნები, რომ ჩვენი სახელმწიფოს ევროინტეგრაცია მოხდეს. აქედან გამომდინარე, როცა გადააქვთ ისრები ოპოზიციისა და ხალხის მისამართით, ქუჩაში არ გამოხვიდეთ, არ გააპროტესტოთ, თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენო, ამას ჩაგითვლით სახელმწიფო გადატრიალებადო, ამ განცხადებით უკვე ჩადენილი აქვთ სახელმწიფო გადატრიალება. არაკონტიტუციურად, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ უარს ამბობენ ევროკავშირში შესვლაზე და ყველაფერს აკეთებენ, ეს არ მოხდეს.
– მიუხედავად ხელისუფლების დიდი მცდელობისა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ, ბევრი ამბობს და მათ შორის ექსპერტები, რომ ევროკავშირი მიიღებს პოლიტიკურ გადააწყვეტილებას და მოგვცემენ სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ არ გვეკუთვნის.
– მეც ასე ვვარაუდობ, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლება ვერ მიაღწევს მიზანს, მოგვცემენ კანდიდატობის სტატუსს გარკვეული პირობებით და თუ ამ პირობებს შეასრულებს ხელისუფლება, ეს იქნება თუ სხვა,მიგვიღებენ ევროკავშირის წევრად, არადა არ მოგვიღებენ. რა პირობები იქნება, ეს გამოჩნდება. თუმცა, ერთ–ერთი პირობა აუცილებლად იქნება 2024 წლის არჩევნების თავისუფალ რეჟიმში და დემოკრატიული ფორმით ჩატარება, ყოველგვარი ზეწოლის, მოსყიდვის, სახელმწიფო რესურსის გამოყენების გარეშე. თუ ესენი გამოიყენა ხელისუფლებამ, გააყალბა არჩევნები, მაშინ არჩევნების შედეგებს არც ევროკავშირი აღირებს და არც დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიო. თუმცა, წინასწარ შეიძლება იმის თქმა, რომ არჩევნების შედეგებს არ გვიღიარებენ, გაყალბდება არჩევნები, „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ამისთვის ემზადება, გაავსო ცესკო თავისი წევრებით. ამას ვინ დაუშვებს და ჭამს, რომ ხმების სათვლელი მანქანა გქონდეს, როგორც გინდა დაითვალო ხმები და მერე ეს ჩაგითვალონ კანონიერად.
– ამერიკის მიერ ოთარ ფარცხალაძის ჯაშუშად გამოცხადებაზე რას იტყვით? სუს–ი იძიებს მის საქმეს და რა აზრი აქვს სუს–ის გამოძიებას? ბიძინა ივანიშვილის ნათესავი და ფავორიტია ფარცხალაძე და როგორც ის ეტყვის, ისე გამოიძიებენ.
–ამერიკას აქვს გამოძიება დაწყებული და გამოიძიებენ ბოლომდე. ამერიკას აქვს კანონი, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი პირი, რომელიც ამერიკის საწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, ამერიკის ფარგლებს გარეთაც რომ იყოს, სხვა ქვეყანაშიც რომ ჰქონდეს დანაშაული ჩადენილი, უფლება აქვთ მოითხოვონ მისი დაპატიმრება და ექსტრადირება ამერიკაში. გამოძიება დაწყებულია, როგორ დამთავრდება ეს გამოძიება, მაგას გამოცნობა არ უნდა, უკვე ცხადია. ეს არის მთავარი, თორემ ეს ხელისუფლება ფარცხალაძეს ყველანაირად რომ გადაეფარება, ეს ყველამ კარგად ვიცით.
–ევროპაც დაუწესებს სანქციებს ფარცხალაძეს?
–რა თქმა უნდა, შეუერთდება, ვერც ერთი ევროპული და ამერიკული ბანკის საბანკო ანგარიშით ვერ ისარგებლებს და არც ამაზე გაჩერდებიან. ვფიქრობ, სხვა სანქციებიც იქნება მომვალში მისთვის.
–ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვის წევრები ახლო მომავალში შეიძლება დასანქცირდენენ? მაშ შორის, ირაკლი ღარიბაშვილიც?
–ბიძინა ივანიშვილის სანქცია რომ რიგშია, ეს სიდან ჩანს, იცით? ფარცხალაძე, რომ დაასანქცირეს და ეროვნულმა ბანკმა შეცვალა რეგულაცია, აქედან ჩანს. ეს ფარცხალაძეს არ ეკუთვნის, მას შეუწყდა მოქალაქეობა და ეს ეხება საქართველოს იმ მოქალქეს, რომლის მიმართაც მომავალში განხორციელდება სანქციები. ნეტავ ვინ უნდა იყოს საქართველოს ის მოქალაქე, რომელსაც მალე დაასანქცირებენ? ბიძინა ივანიშვილი ხომ არა?!
კომენტარები