ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების შესახებ, „ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია.
– ბატონო კახა, „ნაციონალები“ მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას დაყენებას აპირებდნენ ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატად, ბოლოს გადაიფიქრეს და ექიმი, მალხაზ ჯალაღონია დააყენეს. რა იყო ეს? რაიმე პოლიტიკური ტრიუკი თუ გიული ალასანიას მართლა განიხილავდნენ კანდიდატად? შესაბამისად, წარმატების შანსიც ჰქონდა?
– რამდენადაც ვიცი, გიული ალასანიას კანდიდატურა სერიოზულად განიხილებოდა. ორჯერ წააგო სანდრა რულოვსმა ზუგდიდში არჩევნები, საპარლამენტო და ზუგდიდის მერობისა. იყო ასეთი აზრი, რომ ჰოლანდიელ ქალს მეგრელები არ აირჩევენ, რაც არ უნდა წინასაარჩევნოდ მეგრული „ნანა“ უმღეროს ხალხს. ამის მერე გადაწყდა, ზუგდიდში დაეყენებინათ მეგრელი ქალის, გიული ალასანიას კანდიდატურა. კი, ეს ერთგვარი პოლიტიკური ტრიუკიც იყო. თუმცა, ბოლოს სააკაშვილი იმასაც მიხვდა, რომ გიული ალასანიაც წააგებდა. და ბოლოს, ჟარგონულად ვიტყვი, „სტავკა“ გააკეთა ადგილობრივ ექიმზე, ზუგდიდელ მალხაზ ჯალაღონიაზე. თუმცა, მის კანდიდატურასაც ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. ზუგდიდში აღარაფერი დარჩათ მოსაგები „ნაციონალებს“.
– სააკაშვილმა ჯერ საკუთარი ცოლი დააყენა ორჯერ ზუგდიდში კანდიდატად, ახლა კინაღამ დედამისი. რატომ მიიჩნევს სააკაშვილი, რომ ზუგდიდი მისი ოჯახის საბურთაოა?
– დასამალი არ არის, სხვა რეგიონებთან შედარებით, „ნაცმოძრაობა“ სამაგრელოში შედარებით ძლიერია. აქედან გამომდინარე, ფიქრობდა, ალბათ, სააკაშვილი, რომ მისი ოჯახის წევრის ფაქტორი დამატებით იმოქმედებდა ამომრჩეველზე და მოიგებდა არჩევნებს. ეს მის სიბრიყვეზე მეტყველებს და სხვა არაფერზე.
– მალხაზ ჯალაღონიაზე რას იტყვით?
– შესანიშნავი ოჯახის შვილი და ძალიან კარგი ექიმია. პირდაპირ გეტყვით, არ ვიცოდი, რომ თურმე ფარული „ნაცი“ ყოფილა. გამიკვირდა და არ დაგიმალავ, მეწყინა კიდეც. დასანანია, ასეთი კარგი რეპუტაციის ადამიანები რომ მიდიან „ნაცებთან“. მით უმეტეს, სამეგრელოში, სადაც ყველაზე დიდი უბედურება დაატრიალეს სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
– „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ჩიქოვანია ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, „ევრონაცებიდან“ გიგი უგულავა, „ნაცებიდან“ – მალხაზ ჯალაღონია. ამბობენ, რომ მთავარი ბრძოლა მათ შორის გაიმართება. როგორ შეაფასებთ მათ შანსებს?
– არა მგონია, რომ ჯალაღონიას ან უგულავას რაიმე შანსები ჰქონდეთ. რეალურად თუ შევაფასებთ სიტუაციას, ასეა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოება „ქოცების“ დიდი მომხრეა და ჩიქოვანს იმიტომ დაუჭერენ მხარს. უბრალოდ, არსებული ხელისუფლების ალტერნატივას ვერ ხედავს ხალხი. ეს არის მთავარი. „შეჩვეული ჭირი სჯობს…“ პრინციპით მისცემენ „ქოცების“ კანდიდატს ხმას.
– გამორიცხავთ, რომ ვერც ერთმა პარტიამ ვერ მიიღოს პროპორციულ არჩევნებში 40%, რაც მათ არ მისცემს მთავრობის დაკომპლექტების უფლებას დამოუკიდებლად თუ კოალიციურად და ხელახალი არჩევნები გაიმართოს?
– ძალიან კარგი შეკითხვაა. ერთი თვეა დარჩენილი არჩვენებამდე და ეს ცოტა დრო არ არის. ამ ხნის განმავლობაში, შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია. რადიკალურადაც კი შეიძლება შეიცვალოს. ამ ხელისუფლებისგან, არაფერია გამორიცხული. ამათ შეიძლება იმდენი შეცდომა დაუშვან, რომ ააყირავონ სიტუაცია და არჩევნები ვერ მოიგოს „ქართულმა ოცნებამ“. ეს ხელისუფლება ცარიელ ადგილზე პრობლემების შექმნის დიდოსტატია. შესაძლოა, გამოჩხრიკონ რაიმე, ისეთი პრობლემები შეიქმნან, ვადამდელ თუ ხელახალ არჩევნებამდე მიიყვანონ საქმე.
– ირაკლი კობახიძე იმუქრება, 60%–ს ა ვიღებთო. რის იმედად ამბობს ამას? გასაგებია, თავისი პოლიტიკური გუნდი და ამომრჩეველი უნდა გაამხნევოს, მაგრამ ამხელა ტყუილით?
– არც ირაკლი კობახიძე, არც ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი, არც ერთი პროპორციულ სიაში ჩაწერილი კანდიდატი, არც კახი კალაძე, არც გიორგი გახარია და არც არავინ, არაფერს არ წარმოადგენენ. „ქართული ოცნება“ უდრის ბიძინა ივანიშვილს. ამომრჩეველი ხმას აძლევს ბიძინა ივანიშვილს. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი თუ სიის პირველ ოცეულში და ორმოცეულში. ჯერ კიდევ პირდაპირ ასოცირდება „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილთან. თუ ხმას მისცემს „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველი, ის ხმას აძლევს პირადად ივანიშვილს. ოცდაათივე მაჟორიტარი ბიძინა ივანიშვილია და პროპორციული სიის 120 კანდიდატიც ბიძინა ივანიშვილია. „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ არსებობდა, არ არსებობს და არც მომავალში იარსებებს.
– და ბიძინა ივანიშვილს რატომ უნდა მისცეს ხალხმა ხმა? ეს კაცია ქვეყნის მმართველი და რა დღეში ჩააგდო ქვეყანა, ამაზე ადრე ბევრი გვისაუბრია. ხალხი გაღატაკებული და გაუბედურებულია და არც უკეთესის იმედი ჩანს.
– ბიძინა ივანიშვილი სტაბილურობის გარანტია და ეს არის მთავარი ხალხისთვის. ბიძინა ჯერ კიდევ ასოცირდება საზოგადოებაში იმ ადამიანად, რომელმაც დაამარცხა „ნაცმოძრაობა“ და მთავარი – საზოგადოება ჯერ ვერ ხედავს ბიძინას ალტერნატივას. იძულებულია, ისევ ბიძინას მისცეს ხმა.
– მე ისიც მესმის, რომ სტაბილურობის აუცილებლობა, სამეგრელოს მოსახლეობის ფსიქიკაში, სხვა კუთხის წარმომადგენლებზე მეტად არის ფესვგადგმული. თუნდაც, გასული საუკუნის 90–იანი წლების სამეგრელოს არაერთი რბევა გავიხსენოთ.
– რა თქმა უნდა, ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით.
– თქვენ ჩაკეტილ ცხოვრებას არ ეწევით, ყველა სოციალურ ფენაში გყავთ ახლობლები, მათთან ხშირად კონტაქტობთ და კარგად იცნობთ სიტუაციას. ხალხის სოციალური მდგომარეობა როგორია სამეგრელოში?
– სამეგრელოშიც იმავე დღეშია ხალხი, როგორშიც დანარჩენ საქართველოში. ჩვენ მეგრელებმა და საერთოდ, სამეგრელომ, ბევრი სიმწარე გადავიტანეთ ამ 30 წლის მანძილზე, 90–იანი წლებიდან – „მხედრიონი“, შევარდნაძე, მიშა სააკაშვილი და მისი ბანდიტები. ეს ყველაფერი, ცხადია, მოქმედებს ადამიანებზე. კი, უკმაყოფილოა ხალხი ამ ხელისუფლებისა, მძიმე დღეშია, უკიდურესად უჭირს, მაგრამ ყველაფერი უკანა პლანზე გადადის, როდესაც დესტაბილიზაციის უმნიშვნელო საფრთხე ჩნდება. სტაბილურობა სიცოცხლის, ცხოვრების გაგრძელების გარანტია, უსაფრთხოების გარანტიაა და იძულებულია ხალხი, იმ პოლიტიკურ ძალას მისცეს ხმა, რომელიც სტაბილურობასთან ასოცირდება. სხვა მხრივ, შენ იცი, მეგრელებში რა მუხტია. სამეგრელო მუდამ იყო ამ საქვეყნო ბრძოლების და სხვა უმნიშვნელოვანი პროცესების ავანგარდში და ეს იცის მთელმა საქართველომ. მინდა პირდაპირ მივმართო ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“: ნუ გგონიათ, რომ ასე დიდხანს გაგრძელდება! თუ ფიქრობთ , რომ „მიშა მოდის“, „ნაცები“ ბრუნდებიან“ და „მგელი მოდის“ ძახილით საზოგადოება თქვენ კიდევ რამდენიმე წელი აგიტანთ და მოგითმენთ, ძალიან სცდებით. მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში – ეს ყველაფერი, ძალიან მალე დასრულდება. ქართველი ერი არ არის, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის თავნებობის ღირსი. პირველ რიგში, სამეგრელო, რომელმაც ამდენი რამ გადაიტანა ამ წლების მანძილზე. ასეთი პოლიტიკით, ასეთი თვალთმაქცობით. ასეთი უნდობლობის დათესვით, ხალხის ასეთი გაღატაკებით, საზოგადოების ასეთი შეურაცხყოფით, „ქართული ოცნება“ შევა ისტორიაში, როგორც იმედების გამცრუებელი, დაპირებების არ შემსრულებელი და ხალხის მომტყუებელი. კარგად დაიმახსოვრეთ ეს ბატონო ბიძინა.
– დავუშვათ, მოიგო ბიძინა ივანიშვილმა ეს საპარლამენტო არჩევნები. შეინარჩუნებს კიდევ 4 წლით ძალაუფლებას?
– ძალიან კარგი შეკითხვაა. მე და ჩემი ბევრი მეგობარი, ნაცნობები ამ თემაზე ვსაუბრობთ. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ 4 წელს გასძლონ. ზედა ფენა „გრიალებს“, ქვედა ფენას პურის და წამლის ფული არ გააჩნია. ხალხმა საბოლოოდ დაკარგა იმედი, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილებებს განახორციელებს, ხალხზე და ქვეყანაზე მზრუნველი პარტია და მთავრობა არ სჭირდება ივანიშვილს, მას მხოლოდ მორჩილი ხალხი სჭირდება და ჰყავს კიდეც. ამის ნათელი დადასტურებაა „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, 30 კაცი და პროპორციული სიის პირველი ოცეული. თქვენ გახსოვთ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება. მაშინ გაფითრებული სახით გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი, შეპირდა ხალხს, ერთი წელი მაცადეთ და რაც აქამდე არ გამიკეთებია, ყველაფერს გავაკეთებო. მან კიდევ ერთხელ მოატყუა ხალხი და ხალხმა დაინახა, 1 და 2 კი არა, კიდევ 4 და 8 წელი რომ იყოს ივანიშვილი ხელისუფლებაში, არაფრის შემცვლელი არ არის. ზღავს ივანიშვილი იმ დანაშაულს, რაც მან ჩაიდინა ქართველი ხალხის წინაშე. არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნები რომც მოიგოს, 4 წლიანი მმართველობა ვერ დაასრულოს „ქართულმა ოცნებამ“. მე არ ვლაპარაკობ სახალხო აჯანყებაზე, რევოლუციასა და არეულობაზე. პოლიტიკური პროცესი, შესაძლოა, ისე წავიდეს, რომ მისი ყველანაირი რესურსი ამოიწუროს, საზოგადოების პროტესტმა გაარღვიოს მოჯადოებული წრე და ივანიშვილი იძულებული გახდეს, დათმოს ძალაუფლება.
ლევან ჯავახიშვილი, ალია №35
კომენტარები